Accessibility links

მოსკოვის გეგმამ თბილისიც შეაშფოთა და სოხუმიც


სოხუმი

სოხუმი

თბილისი შეშფოთებით შეხვდა ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების სამზადისის შესახებ. თუმცა მოსკოვიდან გაგზავნილი დოკუმენტის პროექტმა საგონებელში ჩააგდო სოხუმიც. ადგილობრივ ე.წ. პარლამენტში ფიქრობენ, რომ დოკუმენტი მათი ე.წ. სახელმწიფოს სუვერენიტეტს ხელყოფს. რა მოეთხოვება საქართველოს შექმნილ სიტუაციაში?

”ე.წ. შეთანხმების პროექტის ტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ აგრძელებს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური პრინციპების უხეშ დარღვევასა და აღებული ვალდებულებების იგნორირებას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. თბილისი იმედოვნებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ანგარიშს გაუწევს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს და თავს შეიკავებს ამ ე.წ. ახალი ხელშეკრულების გაფორმებისგან. მაგრამ თუ ეს ასე არ მოხდა, თბილისი სხვა დასკვნებს გამოიტანს:

”აღნიშნული ქმედება შეფასდება როგორც აფხაზეთის ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯი, შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი შედეგებით. მივმართავთ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას, რათა განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ ზემოაღნიშნულ საკითხს და რუსეთის განზრახვას, რომლის განხორციელება თვისობრივად შეცვლის ვითარებას რეგიონში და ზოგადად დამატებით პრობლემებს შეუქმნის ევროპულ უსაფრთხოებას”.

ჩვენ ყველას გვესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აუცილებელია; გვესმის, რომ ის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა; მაგრამ, ამავე დროს, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩვენი სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ...

მოსკოვიდან მიღებული დოკუმენტის პროექტი, რომელიც ამჟამად ე.წ. პარლამენტში განიხილება, დეპუტატებს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ წარუდგინა და კომიტეტებს გაანალიზება და დასკვნების მომზადება დაავალა. დიდი დაკვირვება არ დასჭირვებია სოხუმში ძირითადი დასკვნის გამოტანას, რომ ტექსტში ბევრი რამ კატეგორიულად მიუღებელი და ბევრიც ბუნდოვანია. მაგალითად, ადგილობრივებისთვის გაუგებარია შენარჩუნდება თუ არა დე ფაქტო რესპუბლიკაში თავდაცვის სამინისტრო, თავისი სტრუქტურებით, მაშინ როცა რუსეთი და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა ერთობლივ სამხედრო დაჯგუფებას შექმნიან; ამასთან, აგრესიისა და კონფლიქტის შემთხვევაში, ეს დაჯგუფება რუსეთის მხარის ბრძანებებს დაექვემდებარება და ესეც მიუღებელია სოხუმისთვის. ასევე სოხუმში ეჭვით უყურებენ რუსეთის მხარის აღჭურვას უფლებით, რომ განახორციელოს საბაჟო კონტროლი და შეამოწმოს ტვირთი დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზეც - აეროპორტსა თუ საზღვაო პორტში.

მეტი შეკითხვაა, ვიდრე პასუხი - ასე აფასებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა მოსკოვიდან მიღებულ პროექტს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროგრამის ”ეხო კავკაზას” კორესპონდენტს, დოკუმენტის ტექსტის აქტიური განხილვა მიმდინარეობს და პარლამენტის შეფასება ორი კვირის ფარგლებში უნდა შემუშავდეს. ბგანბას დაკვირვებით, ამ ეტაპზე პროექტის მიმართ საერთო განწყობა ნეგატიურია:

”ბევრ ადგილას სუვერენიტეტის დაკარგვაზეა ლაპარაკი. ამიტომ დეპუტატებს დადებითი რეაქცია ვერ ექნებოდათ. ამასთან, პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, დეპუტატები მასობრივად, რბილად რომ ვთქვათ, არ ეთანხმებიან ხელშეკრულების ამ რედაქციას. ჩვენ ყველას გვესმის, რომ რუსეთთან ინტეგრაცია აუცილებელია; გვესმის, რომ ის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეა; მაგრამ, ამავე დროს, ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო ჩვენი სუვერენიტეტი უნდა დავკარგოთ”.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების ტექსტის მიმართ სიფრთხილეს ბევრი იჩენს სოხუმში. მაგალითად, პოლიტიკური გაერთიანება”ამცახარა” თვლის, რომ დოკუმენტის ტექსტის მომზადება ხანგრძლივ და საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს და მისი შემუშავება 27 ოქტომბრამდე ვერ მოხერხდება. პოლიტიკური გაერთიანების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ უკრაინისა და საქართველოს ევროპასთან დაახლოებით გამოწვეული პროცესების შესაბამისად, აუცილებელია მეტი სიახლოვე რუსეთთან, მაგრამ არა სუვერენული აფხაზეთის კონსტიტუციური ინტერესების ხარჯზე.

ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება პრაღის ფორმატი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ასე თუ ისე უწევს რეალურად ანგარიშს სხვადასხვა მიზეზის გამო...

”ეს პროექტი არის ცალსახად დესტაბილიზაციის მცდელობა რუსეთის მხრიდან”, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საზოგადოება ”ივერიის” დამფუძნებელი, ყოფილი ელჩი საფრანგეთში მამუკა კუდავა, რომელსაც ახალი ხელშეკრულება იმ სცენარის ნაწილად მიაჩნია, რომელმაც რაულ ხაჯიმბა მიტინგებისა და რიგგარეშე არჩევნების შედეგად ე.წ. პრეზიდენტად აქცია. მამუკა კუდავა ფიქრობს, რომ ამ ე.წ. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში საბოლოო მარცხს იგემებს ”ქართული ოცნების” ხელისუფლების მცდელობა დაათბოს ურთიერთობები რუსეთთან:

”საქართველოს ხელსუფლებას არ ექნება არანაირი მორალური და პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მოტივაცია იმისათვის, რომ გააგრძელოს რუსეთთან დაახლოება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ლაპარაკია ეკონომიკური კუთხით უფრო დიდ ურთიერთობაზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე... რა თქმა უნდა, ეს უნდა შეჩერდეს, რადგანაც გამოვა, რომ ახალ აგრესიას, ახალ ზეწოლას რუსეთისგან ჩვენ კვლავ დათბობის პოლიტიკით ვპასუხობთ”.

ამგვარი პოზიციის მიუხედავად, ამ ეტაპზე მამუკა კუდავა ვერ ხედავს იმის აუცილებლობას, რომ საქართველომ უარი თქვას პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველომ მიიღოს ინფორმაცია რუსეთის რეალურ გეგმებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ პრაღის ფორმატი მსგავსი საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, ამ საკითხების წამოწევის აუცილებლობას პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩიაც ხედავს. მისი აზრით, მაშინ, როცა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა ფორმატი უშედეგოა, ”ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება პრაღის ფორმატი, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება ასე თუ ისე უწევს რეალურად ანგარიშს სხვადასხვა მიზეზის გამო”.

თავად ზურაბ აბაშიძემაც იცის, რომ 16 ოქტომბერს გრიგორი კარასინთან შეხვედრისას გვერდს ვერ აუვლიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის ხელშეკრულების გაფორმებისთვის მზადების საკითხს. ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა, - განაცხადა აბაშიძემ პრაღაში გამგზავრების წინ.

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

15 ოქტომბერს, საღამოს, რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმების სამზადისი დაგმო საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილმა ამ ყველაფერს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი უწოდა და საერთაშორისო თანამეგობრობას უსწრაფესი რეაგირებისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის ადრესატია საკანონმდებლო ორგანოც:

”მივმართავ ჩვენს პარლამენტს, უსწრაფეს პერიოდში განიხილოს არსებული ვითარება და შეიმუშაოს პოზიცია. ამ პოზიციაზე დაფუძნებით ჩვენ მოვიწვევთ უშიშროების საბჭოს და დავგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს ვითარების დასტაბილურებასთან დაკავშირებით”.

XS
SM
MD
LG