Accessibility links

logo-print
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებამ საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესაძლებლობის შესახებ არაერთი კითხვა გააჩინა. რას უნდა ნიშნავდეს ვლადიმირ პუტინის დამთბარი ტონი და მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის სრულად აღდგენის სურვილი? ტელეარხ Russia Today-ში სტუმრობისას რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივაზეც ილაპარაკა, თუმცა იქვე დასძინა, რომ მოსკოვი არ აპირებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების უკან წაღებას. რა შეიცვალა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში 1 ოქტომბრის შემდეგ და რა პერსპექტივა თუ რისკები გააჩინა რუსეთთან ურთიერთობის ახალმა ტალღამ?

საქართველოს შესახებ საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი მშვიდი და თავაზიანი იყო, თავაზიანი იყო თავისი ქართველი კოლეგის მიმართაც, რომელიც მიხეილ ნიკოლოზის ძედ მოიხსსენია, თუმცა ვლადიმირ პუტინმა კვლავინდებურად გაიმეორა, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მიხეილ სააკაშვილის გამოუსწორებელმა შეცდომამ გამოიწვია. რუსეთის პრეზიდენტმა ისიც შენიშნა, რომ წარმოუდგენლად ეჩვენება ამ აღიარების უკან წაღება, მაგრამ, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ ხედავს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოზიტიურ ძალისხმევას და რომ მას ადეკვატური ნაბიჯებით არ უპასუხებს:

„საქართველოს ახალი ხელისუფლების გადაწვეტილება, მიიღოს მონაწილეობა ოლიმპიურ თამაშებში და გადადგას სხვა ნაბიჯები, ჩვენი მხრიდან შეუმჩნეველი არ დარჩენილა. სათანადოდ ვაფასებთ მათ და ადეკვატურადაც ვუპასუხებთ. საერთოდაც, მზად ვართ თანამშრომლობისათვის, საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენისათვის. ჩვენი დამოკიდებულება საქართველოსადმი ძალიან თბილია. ჩვენი ხალხები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. შემთხვევით არ არის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება დავუშვათ რუსეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია. ამ მიმართულებით კვლავ გავაგრძელებთ მოძრაობას“.
ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რუსეთს არ გააჩნია მყარი ხედვები სამომავლოდ რეგიონთან მიმართებაში. ის თვითონ შევიდა ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალს ეძებს მარტო თავის სასარგებლოდ...

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის ასევე არ გამორიცხავს ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობასაც, თუმცა ამის წინაპირობად ვლადიმირ პუტინმა დაასახელა ტერორიზმის წინააღმდეგ ორი ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოებისა და სპეცსამსახურების თანამშრომლობა. ბაკურ კვაშილავა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ამ განცხადებამ გარკვეული სიცხადე შეიტანა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში.

„როგორც ჩანს, ეს არის პირველი სერიოზული პასუხი რუსეთის მხრიდან იმ შერბილებურ რიტორიკასა და შემხვედრ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. ეს, როგორც ჩანს, გულისხმობს შემდეგს: რუსეთის გავლენის აღდგენას საქართველოს ძალოვან სამინისტროებზე და ამის ფასად ურთიერთობის დარეგულირებას სტატუს კვოს გათვალისწინებით, ანუ იმ აღიარების შენარჩუნებითა და საქართველოს მიერ ტერიტორიების დათმობით“, – უთხრა ბაკურ კვაშილავამ რადიო თავისუფლებას.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ მოიძებნება არც ერთი გავლენიანი პოლიტიკური პარტია, რომელიც დათმობდა ტერიტორიებს, პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განცხადება მაინც ტოვებს ველს ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებისათვის. ასე ფიქრობს კახა გოგოლაშვილი, „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანალი:

„პრაქტიკულად რუსეთი ამბობს იმას, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლობა არ ეკუთვნოდათ, მაგრამ რაღაცის გამო და ვიღაცის შეცდომის გამო, რუსეთის ხელიდან მიიღეს. დაახლოებით ასეთი ქვეტექსტი აქვს პუტინის განცხადებას. აქედან გამომდინარე, შესაძლოა გამოვძებნოთ რაღაც ვარიანტები იმისა, რომ ამაზე რუსეთთან ვილაპარაკოთ, მაგრამ რამდენად შესაძლებელია რეალური პროგრესის მიღწევა ამ გზაზე, ძნელი სათქმელია, რადგანაც ჩვენ კარგად ვხედავთ, რომ რუსეთს არ გააჩნია მყარი ხედვები სამომავლოდ რეგიონთან მიმართებაში. ის თვითონ შევიდა ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალს ეძებს მარტო თავის სასარგებლოდ“.

კახა გოგოლაშვილის ამ ნათქვამის დასტურად გამოდგება რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა სოციოლოგიის კათედრის გამგის ალექსანდრ დუგინის ინტერვიუ, მიცემული რადიო „გოლოს როსიისათვის“ მიმდინარე წლის 3 ივნისს. რუსი პოლიტოლოგის თქმით, არსებობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი ვარიანტი. კერძოდ:
ალექსანდრ დუგინი

ალექსანდრ დუგინი


„თუ საქართველო, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად, შეუერთდება ევრაზიის კავშირს, მაშინ, ერთიანი ევრაზიული სივრცის ფარგლებში, საზღვრების დემარკაცია დაკარგავს მნიშვნელობას, ისევე როგორც დაკარგა ევროკავშირში. საფრანგეთსა და გერმანიას შორის საზღვრის პრობლემა საერთოდ მოკლებულია აზრს. მსგავსი მდგომარეობაა იტალიისა და საფრანგეთის შემთხვევაშიც. ასევე შეუმჩნეველი საზღვრები იქნება საქართველოს, რუსეთს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. საქართველოს, ისევე როგორც ყველა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, ნაციონალური სახელმწიფო არ გამოუვიდა. ამიტომ, უნდა დავუბრუნდეთ განვითარების მართებულ მოდელს - ერთობლივ, ტრანსნაციონალურ და რეგიონალურ კონტექსტს“.

ამასთან, ალექსანდრ დუგინი ქებით მოიხსენიებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, უწოდებს მას „პროქართველ ქართველს“ და იმედოვნებს, რომ ასეთი პოლიტიკოსი იხელმძღვანელებს არა მესამე მხარის, არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის დამყარებას შეძლებს. რუსი პოლიტოლოგის ამგვარ ოპტიმიზმს შესაძლოა აძლიერებდეს საქართველოში პრორუსული განწყობების ზრდა, რომლის მასშტაბის გასაზომად, პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძის თქმით, საფუძვლიანი კვლევის ჩატარებაა საჭირო:

„საით მიდის დღეს ქართული საზოგადოება? ამ კითხვაზე პასუხის მიღება მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის მთავრობამ რამდენიმე დღის წინ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა საბაჟო კავშირისკენ. საინტერესოა, საქართველოს ხელისუფლებამაც თუკი გადადგა ასეთი ნაბიჯი, ანუ დავიწყეთ სვლა საბაჟო კავშირისკენ, როგორ აღიქვამს ამას საქართველოს საზოგადოება. ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი, რადგანაც ხვალ შეიძლება გვიანი იყოს. დღეს კიდევ არის შესაძლებელი, რომ საზოგადოება შემოტრიალდეს იმავე დასავლური ღირებულებებისკენ და არ ასცდეს დასავლურ გზას“.

თუმცა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებას საქართველოში კვლავაც ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, რადიო თავისუფლებას გაუჭირდა თბილისის ქუჩებში ისეთი რესპონდენტის მოძებნა, რომელიც, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობას დასთანხმდება.
არსებობს ფუნდამენტური სხვაობა ქართული სახელმწიფოს იდეასა და რუსეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს შორის. ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, რუსეთს კი უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ გუბერნია...

რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენა და საქართველოს ეროვნული ინტერესების შეთავსება შეუძლებლად მიაჩნიათ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, დიმიტრი შაშკინს, სააკაშვილის მთავრობის უკანასკნელ თავდაცვის მინისტრს:

„არსებობს ფუნდამენტური სხვაობა ქართული სახელმწიფოს იდეასა და რუსეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს შორის. ჩვენ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა, რუსეთს კი უნდა, რომ ჩვენ ვიყოთ გუბერნია“.

თუმცა შაშკინის მემკვიდრე თავდაცვის სამინისტროში, ანუ მოქმედი მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ რუსეთის ლიდერის შეცვლილი ტონი საქართველოს აძლევს შანსს მიაღწიოს ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ მიზანს - კიდევ უფრო მეტად დაუხლოვდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. აი, რა განაცხადა თავდაცვის მინისტრმა „რუსთავი 2“-ისათვის“ მიცემულ ინტერვიუში:

„ჩვენი საგარეო პოლიტიკური ამოცანა არის ის, რომ არ მივცეთ რუსეთის ფედერაციას არანაირი მიზეზი, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე პოლიტიკური თავდასხმა განახორციელოს. მით უმეტეს მაშინ, როცა შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში, როცა ვემზადებით ნატოს სამიტისთვის, ჩვენთვის ასმაგად მნიშვნელოვანია, რომ სტაბილური ვითარება შენარჩუნდეს ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით. ეს ურთულესი ამოცანაა, როდესაც რუსეთს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული“.

თუმცა პოლიტიკის ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლების პოზიცია თვისებრივად არ შეცვლილა. შესაბამისად, თუ საქართველო არ უღალატებს თავის ეროვნულ ინტერესებს, ის თანხვედრაში ვერ მოვა რუსეთის კავკასიურ პოლიტიკასთან. ასე ფიქრობს ბაკურ კვაშილავა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი.
ბაკურ კვაშილავა

ბაკურ კვაშილავა


„ეს ინტერესები არის აბსოლუტურ წინააღმდეგობაში ჩვენს ძირითად სასიცოცხლო ინტერესებთან. რა თქმა უნდა, ურთიერთობების ნორმალიზაცია იმ გაგებით, რომ არ განმეორდეს და არ მოხდეს ახალი ანექსია, ძალიან მნიშვნელოვანია და ჩანს, რომ ასეთი პერიოდი დადგა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში, მაგრამ ის, რომ გადაიხედოს რუსეთის პოზიცია (რაც უნდა ნაბიჯი გადადგას საქართველომ), ასეთი რამ პუტინის განცხადებაში არ ჩანს“, – უთხრა ბაკურ კვაშილავამ რადიო თავისუფლებას.

ასევე არ შეცვლილა რუსეთის ნეგატიური დამოკიდებულება ნატოს გაფართოების მიმართ, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად კი კვლავ ნატოში ინტეგრაცია რჩება, რაც რუსი ანალიტიკოსის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტსაბჭოთა სივრცის შემსწავლელი ცენტრის დირექტორის მოადგილის ალექსანდრ კარავაევის თქმით, რუსეთთან ურთიერთობის დათბობას გამორიცხავს. მიმდინარე წლის 11 აპრილს გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ წერილში რუსი ექსპერტი ამბობს, რომ კრემლის მეგობრულ განწყობას ამა თუ იმ რეჟიმის მიმართ განსაზღვრავს რუსულ ინტეგრაციულ პროექტებში მათი მონაწილეობა. რუსულ ინტეგრაციულ პროექტებში, ცხადია, იგულისხმება დე-სე-თე და ე.წ. საბაჟო კავშირი.
XS
SM
MD
LG