Accessibility links

„ურთიერთობების ნორმალიზება“ მუქარით


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოში სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნის მთავრობამ არ დაადასტურა, 2 ოქტომბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ, საწვრთნელი ბაზის გახსნის შემთხვევაში, ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობათ ნორმალიზაციის პროცესში ნეგატიური შედეგები გარდაუვალი იქნებოდა. რა აქცენტები დაისვა განცხადებაში და რა გამოხმაურება მოჰყვა მას საქართველოში?

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თბილისს სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება რომ მიეღო რუსეთის საზღვრების ახლოს, სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას სერიოზული ზიანი მიადგებოდა. სამინისტრო აზუსტებს, რომ, შესაბამისად, რუსეთის მხარის მიერ სერიოზულად იქნა აღქმული ბაზის გახსნის უარყოფის ოფიციალური ცნობა, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ მოკლე განცხადების დასკვნით ნაწილში კი საუბარია იმაზე, რომ თემას მოსკოვი ყურადღებით მიადევნებს თვალყურს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის განცხადებაზე გამოხმაურებისას, საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ვინაიდან თავიდანვე ნათელი იყო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეებისთვის არც ბაზა იხსნება და არც წვრთნები იგეგმება, განცხადებას აზრი არ აქვსო:

“როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნებისმიერი ქვეყნის, ვალდებულია, რომ რაღაც რეაგირება გააკეთოს ეგეთ თემაზე, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, აქტუალური არ არის ეგ საკითხი“.

იკითხება, რომ კვლავ რუსეთისთვის საქართველო ცალსახად არის რუსეთის გავლენის ზონის ნაწილი და ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველომ და ღარიბაშვილი ამაყად იძახდა, რომ რუსეთმა ნება დაგვრთოო, ლამის ასე თქვა დაახლოებით, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს რუსეთისათვის...

ინფორმაცია, რადიკალური დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში, სირიელი მეამბოხეების საქართველოში გაწვრთნის შესახებ გამოცემა „Foreign Policy”-მ, შემდეგ კი საინფორმაციო სააგენტო „Reuters”-მა დაახლოებით ორი კვირის წინ გაავრცელა. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ანონიმური წყაროს თანახმად, საქართველომ შეერთებულ შტატებს თავად შესთავაზა სირიელი მეამბოხეების ქვეყნის ტერიტორიაზე გაწვრთნა, რაც, “Foreign Policy”-ის ცნობით, დაადასტურა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძემ. ელჩმა მოგვიანებით გამოცემის ჟურნალისტი ინფორმაციის დამახინჯებაში დაადანაშაულა, თუმცა თავად გამოცემამ ინფორმაცია არ შეცვალა. პოზიცია კი, რომელიც საქართველოს მთავრობის წევრებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში საქართველოს შესაძლო კონტრიბუციის საკითხზე გამოხატეს, ჰუმანიტარული პროექტებით შემოფარგვლას გულისხმობს. ამ პოზიციიდან ნაწილობრივ განსხვავდებოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტება: „საბოლოო გადაწყვეტილება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე იქნება მიღებული“, იუწყებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში კონკრეტულად სირიელი მეამბოხეების გაწვრთნის შესახებ არაფერი იყო ნათქვამი, თუმცა დაზუსტებული იყო, რომ მოკავშირეებთან ერთად განხილული არც ერთი ვარიანტი არ შეიცავს ქართული საჯარისო დანაყოფების მივლინებას საომარი მოქმედებების ზონაში.

საქართველოს მმართველი კოალიციის ოპონენტ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სავარაუდო წვრთნების ჩატარების თემა საქართველოში სახელისუფლებო გუნდის სრული შეუთანხმებლობის კიდევ ერთი ნიმუშია, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება სირიელი მეამბოხეების საქართველოში შესაძლო გაწვრთნასთან დაკავშირებით კი იმის დემონსტრირება, თუ როგორ არ უნდა რუსეთს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან საქართველოს არანაირი თანამშრომლობა:

რუსეთს მიაჩნია, რომ ბაზრის გახსნა და რეისების აღდგენა იყო ჩვენთვის დათმობა. ბუნებრივია იგი არ განიხილავს არასოდეს, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, არ განიხილავს არანაირად საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებას. ამიტომაც მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს რაც აქვს, იმის მადლობელი უნდა იყოს...

“იკითხება, რომ კვლავ რუსეთისთვის საქართველო ცალსახად არის რუსეთის გავლენის ზონის ნაწილი და ასოცირების შეთანხმება, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველომ და ღარიბაშვილი ამაყად იძახდა, რომ რუსეთმა ნება დაგვრთოო, ლამის ასე თქვა დაახლოებით, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს რუსეთისათვის“, ამბობს დავით დარჩიაშვილი.

ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში თორნიკე შარაშენიძის აზრით კი, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებიდან ჩანს, რუსეთის ფიქრობს, საქართველო მის ორბიტას უბრუნდება და ამის შემდეგ მან რუსეთის გარეშე ნაბიჯი აღარ უნდა გადადგას. მე ეს არ მომწონს და გაითვალისწინეთ ჩემი პოზიციაო, - ამას გამოხატავს, თორნიკე შარაშენიძის თანახმად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების ტონი. რაც შეეხება განცხადების იმ ნაწილს, რომელშიც რუსეთ-საქართველოს შორის ეგრეთ წოდებული ნორმალიზების პროცესის შესაძლო შეფერხებაზეა ლაპარაკი, თორნიკე შარაშენიძე ამბობს:

“რუსეთს მიაჩნია, რომ ბაზრის გახსნა და რეისების აღდგენა იყო ჩვენთვის დათმობა. ბუნებრივია იგი არ განიხილავს არასოდეს, ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში, არ განიხილავს არანაირად საქართველოსთვის ტერიტორიების დაბრუნებას. ამიტომაც მიაჩნია, რომ ამ სიტუაციაში საქართველოს რაც აქვს, იმის მადლობელი უნდა იყოს - ისევ და ისევ ბაზრის გახსნის და რეისების აღდგენის - და მიაჩნია, რომ საქართველო უნდა გაუფრთხილდეს ძალიან, რაც აქვს, იმას“.

თორნიკე შარაშენიძის აზრით, რომ არა ეკონომიკური კრიზისი, არ არის გამორიცხული, რუსეთს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციები ჩაედო და დაახლოებით იგივე გაეკეთებინა, რაც სომხეთში, თუმცა ამ ეტაპზე ეს უფულობის გამო გაუჭირდება.

თავის მხრივ, რუსეთთან თანამშრომლობის საკითხებს შეეხო საერთაშორისო ტრიბუნიდან, გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მან აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთბის სტრატეგიას ორი მიმართულება აქვს: პირველი, უპირობო დიალოგი სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების მიმართულებით და, მეორე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულება:

“ამ სტრატეგიის პირველმა მიმართულებამ მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა და დაგვეხმარა საქართველოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის შემცირებაში. ვაჭრობა განახლდა და რუსეთში საქართველოს ექსპორტი 300 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ადამიანებს შორის ურთიერთობებიც მკვეთრად გააქტიურდა. ჩვენ, როგორც მეზობლები, უფრო მშვიდ გარემოში თანავარსებობთ. ამ მიდგომამ ასევე განამტკიცა სტაბილურობა მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს მცდელობებს, შეამციროს დაძაბულობა და ხელი გაუწოდოს რუსეთს, არ მოჰყოლია თანამშრომლობის იმავე სულისკვეთებით განმსჭვალული პასუხი. ჩვენ გადავდგით ყველა კონსტრუქციული ნაბიჯი“.

ახლა ჯერი რუსეთის ხელისუფლებაზეა, შეწყვიტოს ოკუპაცია და დაადგეს მშვიდობის გზასო, - ამ სიტყვებით დაასრულა 27 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა გაეროს პლენარულ სხდომაზე თავისი მოხსენების ის ნაწილი, რომელიც რუსეთთან ურთიერთობებს შეეხებოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას მუქარისშემცველ გაფრთხილებად აფასებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი. ფეისბუკის საკუთარ გვერდზე იგი ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ნამდვილად არ განიხილება სირიელი მეამბოხეების საწვრთნელი ცენტრის გახსნის საკითხი და მოუწოდებს რუსეთს, თავად გადააფასოს საკუთარი ქმედებები როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში.

XS
SM
MD
LG