Accessibility links

რუსეთი აკრიტიკებს ახალი სანქციების გეგმას


უკრაინა, პრორუსი სეპარატისტების რუსული საბრძოლო ტექნიკა

უკრაინა, პრორუსი სეპარატისტების რუსული საბრძოლო ტექნიკა

რუსეთი კრიტიკით შეხვდა დასავლელი ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს სავარაუდო ახალ სანქციებზე, თუ მოსკოვი არ შეცვლის ამჟამინდელ კურსს უკრაინის საკითხში. 25 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა, რამდენიმე დღით ადრე კი ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ახსენა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი სანქციების გეგმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 26 თებერვალს გააკრიტიკა დასავლელი ოფიციალური პირები მუქარის გამო, რომ მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებენ, თუ ის არ შეცვლის პოლიტიკას უკრაინის მიმართ. „რაც შეეხება ზოგი დასავლელი მოღვაწის, კერძოდ, ჯონ კერისა და დონალდ ტუსკის განცხადებებს, ახალი სანქციებით მუქარას, ვფიქრობ, ძალიან მარტივად შეიძლება ყველაფრის ახსნა: ცდილობენ კვლავ გააძლიერონ ისტერიული ატმოსფერო, გადაიტანონ ყურადღება მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობიდან“, განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ლავროვის ამ განცხადებამდე, 25 თებერვალს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ამერიკელ კონგრესმენებს უთხრა, რომ „რუსეთიც და მის მიერ მხარდაჭერილი ძალებიც შორს არიან შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებიდან". მინსკში 12 თებერვალს ხელმოწერილი შეთანხმების მიზანია ბოლო მოეღოს კონფლიქტს, რომელმაც, შარშანდელი აპრილიდან მოყოლებული, აღმოსავლეთ უკრაინაში 5 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჯონ კერიმ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაადანაშაულა უკრაინის დესტაბილიზაციაში „ტერიტორიის მიტაცებით“ და დასძინა, რომ ვაშინგტონის ადმინისტრაცია მზად არის სანქციების მორიგი წყებისათვის - იმის მიხედვით, თუ რა მოხდება მომდევნო დღეებში.

როგორც ცნობილია, 12 თებერვალს მინსკში მიღწეული საზავო შეთანხმების მიუხედავად, სეპარატისტებმა გააგრძელეს მასშტაბური იერიში სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქ დებალცევოზე და ის დაიპყრეს კიდეც. მას შემდეგ ბრძოლები შენელდა და 26 თებერვალს უკრაინის მხარე შეუდგა ფრონტის ხაზიდან მძიმე შეიარაღების გატანას, რასაც მინსკის შეთანხმება ითვალისწინებს. რახან პროცესი დაწყებულია, დასავლეთში, სავარაუდოდ, ჯერ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას ახალ სანქციებზე, თუმცა საკითხი, როგორც არაერთი განცხადება ადასტურებს, განხილვის საგნად რჩება.

„ჩვენ გარკვევით ვუთხარით რუსეთს, რომ თუ ადგილი ექნება სეპარატისტების შეტევას მარიუპოლის მიმართულებით, ვითარება მკვეთრად შეიცვლება სანქციების მხრივაც“, - განაცხადა 25 თებერვალს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა პარიზში, რადიო „ფრანს ინფოსთან“ საუბრისას. დასავლეთში არამარტო ახალი სანქციების შესაძლებლობას განიხილავენ...

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ 25 თებერვალს დაადასტურა, რომ ვაშინგტონში განიხილავენ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხს, რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ბრძოლაში დასახმარებლად. „ვფიქრობ, ყველას ესმის, რომ ვერ შევძლებთ საკმარისის გაკეთებას ნებისმიერ შემთხვევაში. თუ რუსეთი გადაწყვეტს ამდენივე გააკეთოს ან უფრო მეტი გააკეთოს, ამას ის შეძლებს. ეს იცის ყველამ, უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს ჩათვლით. განხილვის საგანია, არის თუ არა იარაღი, რომელიც შესაძლებელია მიეწოდოს უკრაინას, რომელიც გააძლიერებს მის თავდაცვისუნარიანობას, რათა თავიდან აიცილოს ტერიტორიის მცოცავი ანექსია, რომელიც ახლა ხდება - ან, ყოველ შემთხვევაში, გაზარდოს ამის საფასური. ეს არის სრულიად ლეგიტიმური დისკუსია. პრეზიდენტ ობამას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჯონ კერიმ წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

იმავე დღეს, 25 თებერვალს, უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელეს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტშიც. იქ კონგრესმენებს მიმართა ევროპაში ნატოს ჯარების სარდალმა, ამერიკელმა გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა: „რუსეთი უხეშად არღვევს წესებსა და პრინციპებს, რომლებსაც ათწლეულებია ეფუძნება ევროპის უსაფრთხოება. ეს გამოწვევა გლობალურია და არა რეგიონალური, გრძელვადიანი და არა დროებითი“.

გენერალმა ბრიდლავმა კონგრესმენები გააფრთხილა, რომრუსეთმა, შესაძლოა, სხვა მეზობელი ქვეყნების დესტაბილიზაციაც გამოიწვიოს, თუ დასავლეთი სათანადოდ მკაცრ პასუხს არ გასცემს უკრაინის მიმართ მისი მოქმედების გამო: „რუსეთს დასკვნები გამოაქვს მის მოქმედებაზე ჩვენი პასუხებიდან. თუ ჩათვლის, რომ თავისთვის სასურველი შედეგები მიიღო, ამან, შესაძლოა, წააქეზოს, რომ იგივე მოიმოქმედოს სხვაგანაც. და დანარჩენი მსოფლიო - როგორც სახელმწიფოები, ისე არასახელმწიფო მოთამაშეები - ასევე ადევნებენ თვალს მოვლენების განვითარებას“.

გენერალმა ბრიდლავმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვაზე, ემხრობა თუ არა კიევისათვის იარაღის მიწოდებას. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ შეერთებული შტატების კონგრესის მრავალი გავლენიანი წევრი ემხრობა უკრაინის დახმარებას შეიარაღებით. 25 თებერვალს გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ ვაშინგტონში იმყოფება ოფიციალურ პირებთან შესახვედრად და მათ დასარწმუნებლად უკრაინისათვის იარაღის მიწოდების მიზანშეწონილობაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG