Accessibility links

რუსეთი ადასტურებს, რომ ეგვიპტის თავზე თვითმფრინავი ბომბმა ჩამოაგდო


ავიაკატასტროფის ადგილი

ავიაკატასტროფის ადგილი

რუსეთის უშიშროების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ეგვიპტის თავზე რუსეთის თვითმფრინავის ჩამოვარდნა „ტერორისტული აქტის“ შედეგი იყო.

თვითმფრინავი 31 ოქტომბერს ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგისკენ მიფრინავდა, როცა სინის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი ყველა, 224 ადამიანი, ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქე იყო.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ჯგუფმა, თუმცა რუსეთი ამ დრომდე აცხადებდა, რომ ტრაგედიის გამოძიების ოფიციალურ შედეგებს ელოდებოდა.

16 ნოემბერს გვიან ღამით გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უძღვებოდა, ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა განაცხადა, თვითმფრინავის ნამტვრევებზე „უცხოური ასაფეთქებელი ნივთიერების კვალია“ აღმოჩენილიო: „ჩვენი სპეციალისტების შეფასებით, საჰაერო ხომალდის ბორტზე ფრენის დროს მოქმედებაში მოვიდა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ერთ კილოგრამამდე ტროტილის ეკვივალენტის სიმძლავრით. მის შედეგად თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა. და სწორედ ამით აიხსნება ფიუზელაჟის ნამსხვრევების ასეთ დიდ რადიუსზე გაბნევა“.

ჩვენ არაფერი და არავინ დაგვვიწყებია. სინაზე ჩვენი ხალხის მკვლელობა ყველაზე სისხლიან დანაშაულთა რიცხვში შედის, მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით...

​ბორტნიკოვის თქმით, უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სინაზე თვითმფრინავის ჩამოვარდნა ტერორისტული აქტის შედეგი იყო.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის უშიშროებას ყველა ბოროტმოქმედის პოვნა დაავალა. „ამ ტერორისტულ თავდასხმაში დამნაშავეებს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვიპოვით და დავსჯითო“, განაცხადა პუტინმა: „ჩვენ არაფერი და არავინ დაგვვიწყებია. სინაზე ჩვენი ხალხის მკვლელობა ყველაზე სისხლიან დანაშაულთა რიცხვში შედის, მსხვერპლის რაოდენობის თვალსაზრისით“.

ეფესბემ 50 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც მოიტანს რუსეთის თვითმფრინავის აფეთქებაში დამნაშავეების დაკავებას.

პუტინმა საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა დახმარებისთვის დაუკავშირდეს მოსკოვის ყველა პარტნიორს. „ჩვენი მეგობრების“ იმედი გვაქვს დამნაშავეების პოვნისა და დასჯის საქმეშიო, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი გააძლიერებს სირიაზე საჰაერო თავდასხმებს, რათა ბოროტმოქმედებმა გაიგონ, რომ სასჯელი გარდაუვალია.

ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ბორტნიკოვის შეხვედრა

ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ბორტნიკოვის შეხვედრა

რუსეთმა სირიის დაბომბვა 30 სექტემბერს დაიწყო. მისი კამპანია მიზნად ისახავს სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის, მხარდაჭერას მის ბრძოლაში მეამბოხე ჯგუფების წინააღმდეგ. ეს ჯგუფები მოიცავს დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ და სხვა ექსტრემისტებს.

რუსეთის განცხადებამდე სამი დღით ადრე პარიზში მომხდარ კოორდინირებულ ტერორისტულ თავდასხმებს 129 ადამიანი ემსხვერპლა. ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა იკისრეს.

დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ აშშ-ის თავდაცვის უწყების წარმომადგენლის სიტყვებს, რომ 17 ნოემბერს რუსეთმა მრავალი თავდასხმა განახორციელა სირიაში.

თავდასხმების ნაწილის სამიზნე იყო რაკა - ქალაქი, რომელშიც „ისლამური სახელმწიფოა“ გამაგრებული.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG