Accessibility links

ბოლო ხანს გავრცელებულმა ცნობებმა, რომ ნავთობმომპოვებელი გიგანტები, საუდის არაბეთი და რუსეთი, შესაძლოა თანამშრომლობას აპირებდნენ ნავთობის გაიაფების შესაჩერებლად, გავლენა იქონია საფონდო ბირჟებზე. ბრენტის მარკის ნავთობის ფასი გაიზარდა და 26 იანვარს ბარელში 31,80 დოლარი გახდა.

ერაყის ნავთობმრეწველობის მინისტრმა ადელ აბდულმაჰდიმ ქუვეითში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ „მოქნილობას“ იჩენს „ოპეკთან“ თანამშრომლობისას, რათა შემცირდეს ნავთობის მოპოვება და, შესაბამისად, ბოლო მოეღოს მოჭარბებული საწვავით გამოწვეულ პრობლემას. 2014 წლის შემდეგ ნავთობი მსოფლიო ბაზარზე 75 %-ით გაიაფდა. შეგახსენებთ, რომ „ოპეკი“ არის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 10-ზე მეტ ქვეყანას, ერაყის, ირანის, საუდის არაბეთის ჩათვლით. „ოპეკის“ წევრებს შორის არ არის რუსეთი.

ერაყელმა მინისტრმა დასძინა, რომ ბაღდადი მზად არის ნავთობის გაძვირების მისაღწევად შეამციროს ნავთობის ექსპლუატაცია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გააკეთებენ „ოპეკის“ არაწევრი ქვეყნებიც, მათ შორის, რუსეთი. აღსანიშნავია, რომ სწორედ ერაყის განცხადებას, რომ გასულ თვეში სარეკორდოდ გაზარდა ნავთობის მოპოვება, მოჰყვა ნავთობის გაიაფების ბოლო ეტაპი.

ერაყელი მინისტრის განცხადებას, რომ რუსეთი სულ უფრო მეტ მოქნილობას იჩენს „ოპეკთან“ თანამშრომლობისას, წინ უსწრებდა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობა, რომ კომპანია „ლუკოილის“ ვიცე-პრეზიდენტმა ლეონიდ ფედუნმა სთხოვა კრემლს, ითანამშრომლოს „ოპეკთან“ ნავთობის წარმოების შესამცირებლად, რათა შეჩერდეს გაუფასურების პროცესი.

„ოპეკის“ გენერალურმა მდივანმა აბდულა ელ-ბადრიმ უკვე რამდენჯერმე მოუწოდა ნავთობმომპოვებლებს, „ოპეკის“ წევრებსა და არაწევრებს თანამშრომლობისაკენ ფასების გასაზრდელად. და ვენესუელას, რომელიც „ოპეკის“ წევრია, დაწყებული აქვს რუსეთთან დიალოგი გაიაფების ტენდენციის შესაჩერებელ ზომებზე, მაგრამ კრემლს არასოდეს გამოუცხადებია, რომ მართლაც აპირებს „ოპეკთან“ თანამშრომლობას.

ნავთობმრეწველობის ბევრ ექსპერტს უჭირს იმის წარმოდგენა, რომ ექსპორტიორი ქვეყნები, რომლებსაც ნავთობის მკვეთრად გაიაფების შედეგად შესაბამისად მკვეთრად შეუმცირდათ შემოსავლები, ახლოს დგანან შეთანხმებასთან ნავთობის ექსპლუატაციის შესაზღუდად. როგორც ბრიტანეთში დაფუძნებულ საფინანსო კომპანია CMC market-ის ანალიტიკოსი ჯასპერ ლოულერი განმარტავს, ნავთობის პროდუქციის შესაკვეცად რუსეთისა და „ოპეკის“ ერთობლივი მოქმედება მოსალოდნელი არ არის, რადგან ფასების მატებით ისარგებლებენ აშშ-ში ფიქლის ნავთობის მწარმოებლები და გაზრდიან საკუთარ პროდუქციას.

2014 წელს აშშ-ში ფიქლის ნავთობის ექსპლუატაციის მკვეთრად ზრდა არის მიჩნეული მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ასევე მკვეთრად გაიაფების მიზეზად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG