Accessibility links

რიგის სამიტი რუსეთთან გამწვავებული ურთიერთობის ფონზე


რიგა, 2015 წლის 19 მაისი

რიგა, 2015 წლის 19 მაისი

ევროკავშირის ლიდერები 21 და 22 მაისს თავიანთ აღმოსავლელ მეზობლებთან გამართავენ შეხვედრას რიგაში. პარალელურად, არსებობს შეშფოთება, რომ ამ სამიტმა, შესაძლოა, კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობა რუსეთთან.

როგორ შეუხამოს ევროკავშირმა თავისი “აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროექტი რუსეთთან ურთიერთობას? ანალიტიკოსების აზრით, სწორედ ეს იქნება ლატვიის დედაქალაქში 21 და 22 მაისს დანიშნული ორდღიანი შეხვედრის მთავარი შეკითხვა.

წინა შეხვედრამ, რომელიც 2013 წელს ვილნიუსში გაიმართა, ბიძგი მისცა უკრაინის ამჟამინდელ კრიზისს - მას შემდეგ, რაც ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან დაახლოების მიზნით ხელშეკრულების გაფორმებაზე.

თვეების შემდეგ ძალადობრივმა საპროტესტო აქციებმა იანუკოვიჩის დამხობა მოიტანა. დაძაბულობა გაღრმავდა ქვეყნის აღმოსავლეთში, სადაც ფეხი მოიკიდა პრორუსულმა სეპარატიზმმა. რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირება მოახდინა, რასაც მოჰყვა მწვავე კრიტიკა და დასავლეთის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება.

რუსეთი რიგის სამიტსაც ყურადღებით დააკვირდება.

დღეს შემიძლია ის გითხრათ, რომ შემდეგ შემოწმებას, ალბათ, ნოემბერში ჩავატარებთ და თუ პროგრესი დღევანდელივით იმედისმომცემი აღმოჩნდება, ვფიქრობ, [სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია] 2016 წელს საკმაოდ რეალისტური იქნება...

19 მაისს, ბრიუსელში ვიზიტის დროს, ლავროვმა ევროკავშირი გააფრთხილა არ გადადგას ნაბიჯები, რომლებმაც შესაძლოა ავნოს რუსეთის ინტერესებს და დასძინა, რომ ბლოკის ურთიერთობას მის აღმოსავლელ მეზობლებთან არ უნდა მოჰყვეს მოსკოვისთვის უარყოფითი შედეგები.

თუმცა ლავროვმა უფრო შემრიგებლური ინტონაციით ისაუბრა ევროკავშირის მხრიდან უკრაინასთან სავაჭრო შეთანხმების გაფორმების შესახებ, რომელიც მომავალი წლიდან უნდა ამოქმედდეს.

“აღმოსავლეთის პარტნიორობის” პროგრამის მიზანია ექვს ქვეყანას, - სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას, - ევროკავშირთან დასაახლოებლადა და ეკონომიკური სარგებლის მისაღებად, რეფორმების გატარებისკენ უბიძგოს.

ბრიუსელი ხაზგასმით აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა მიზნად არ ისახავს ევროპაში გამყოფი ხაზების შექმნას, მაგრამ მოსკოვი პროცესს მაინც ეჭვით უყურებს და აცხადებს, რომ ევროკავშირსა და მის მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავებამ შესაძლოა რუსეთს ავნოს.

2013 წლის შემდეგ ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შეთანხმებები გააფორმეს უკრაინამ, საქართველომ და მოლდავეთმა.

ბელორუსია და აზერბაიჯანი ამავე გზის გავლის მიმართ დიდ ინტერესს არ იჩენენ, სომხეთი კი რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანდა.

რიგის სამიტიდან ბევრ კონკრეტულ შედეგს არ მოელიან. სამიტში მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის 28 ქვეყნის ლიდერებიდან 25, ისევე როგორც „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართული ქვეყნების პრეზიდენტები თუ პრემიერ-მინისტრები.

უკრაინა ხელს მოაწერს წინასწარ მოლაპარაკებულ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის სესხის სახით 1,8 მილიარდი ევროს გამოყოფას. ევროპის კომისია დაფინანსებას შესთავაზებს მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს საქართველოში, მოლდავეთსა და უკრაინაში.

გავრცელებული ვარაუდით, უკრაინას და საქართველოს რიგის სამიტზე არ შესთავაზებენ ევროკავშირში უვიზო მოგზაურობის უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახლახან სააგენტო „ფრანს-პრესს“ უთხრა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გზაზე პროგრესის არარსებობა იქნება იმ აბსურდული ლოგიკის გაზიარება, რომ ქართველი ტურისტისთვის პარიზის მონახულების გაადვილება რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენსო.

თუმცა, როგორც ევროპის კავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა სამიტის წინ უთხრა რადიო თავისუფლებას, ვიზების ლიბერალიზაცია, შესაძლოა, 2016 წელს მოხდეს:

დონალდ ტუსკი

დონალდ ტუსკი

„ყველაფერი დამოკიდებულია მათ მცდელობაზე და მიზანსწრაფულობაზე. ცხადია, ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არ არის ოფიციალური დაპირება. ჩვენ პროცესის შუა ფაზაში ვართ. მაგრამ პროგრესი, რომელსაც ორივე ქვეყანამ - საქართველომაც და უკრაინამაც - მიაღწია, იმედისმომცემია. დღეს შემიძლია ის გითხრათ, რომ შემდეგ შემოწმებას, ალბათ, ნოემბერში ჩავატარებთ და თუ პროგრესი დღევანდელივით იმედისმომცემი აღმოჩნდება, ვფიქრობ, [სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია] 2016 წელს საკმაოდ რეალისტური იქნება“.

რაც შეეხება საკუთრივ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას, ტუსკის განცხადებით, საქართველოს, მოლდავეთსა და უკრაინას აქვთ უფლება ამისკენ მიისწრაფოდნენ, თუმცა ის არ აპირებს ამგვარი ინტეგრაციის შესახებ „ცარიელი დაპირებებით“ გამოსვლას. ტუსკმა აღნიშნა, რომ პარტნიორობის პროგრამა არასოდეს წარმოადგენდა ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას, თუნდაც მომავალში, მაგრამ კიევს, თბილისსა და კიშინიოვს „აქვთ უფლება ჰქონდეთ ოცნება, მათ შორის, ევროპული ოცნება“.

ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა ყოყმანით ეკიდება საკითხს, რიგის სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აღინიშნოს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში ჩართული რამდენიმე ქვეყნის სურვილი გაწევრიანდეს ევროკავშირში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG