Accessibility links

logo-print

რუსეთი დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან სახელმწიფო საზღვარს ავლებს


როკის გვირაბი

როკის გვირაბი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებას „რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის ხელშეკრულების“ გაფორმების თაობაზე. სამინისტრომ შვეიცარიის საელჩოს დახმარებით უკვე გაგზავნა საპროტესტო ნოტა რუსეთში. ნოტაში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულებას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება და იგი, საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, ბათილად იქნება ცნობილი.

რუსეთის პრეზიდენტი, 12 სექტემბრით დათარიღებული განკარგულებით, რუსეთ-სამხრეთ ოსეთს შორის სახელმწიფო საზღვრის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებასა და ხელშეკრულების ხელმოწერას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს. პრეზიდენტის განკარგულებას წინ უძღოდა რუსეთის მთავრობის წინადადება, რომელზე პასუხიც გამოდგა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა. როგორც მინისტრის მოადგილე დავით ზალკანიანი ამბობს, ნოტა რუსეთის ფედერაციას 5 სექტემბერს გაეგზავნა:

“მას შემდგომ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციის მთავრობა შევიდა ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტთან, რომ გაფორმებულიყო ეგრეთ წოდებული საზღვარი რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის რეგიონს შორის, ჩვენ რუსეთის ფედერაციას მყისიერად მივმართეთ საპროტესტო ნოტით, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერი მსგავსი სახის ხელშეკრულების გაფორმება არის საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა“.

საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე სახელმწიფოს რეაგირებას აუცილებლობად მიიჩნევს კოალიცია „დევნილთა უფლებებისათვის“ დირექტორი ზურაბ ბენდიანიშვილი, რომელიც, მეორე მხრივ, აღნიშნავს იმასაც, რომ რუსეთი რა ხელშეკრულებას გააფორმებს თავის გამოგონილ სახელმწიფოსთან, არც ისე მნიშვნელოვანია - მით უფრო, რომ ეგრეთ წოდებულ სამხრეთის საზღვარს დიდი ხანია რეალურად რუსი მესაზღვრეები აკონტროლებენ და გამყოფ ხაზებზეც დგანან არა ოსი, არამედ რუსი მესაზღვრეები. „ამ მხრივ, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა იმისა, რომ წმინდა უკანონობასთან გვაქვს საქმე“, - ამბობს ექსპერტი და კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

“ამ შემთხვევაში ყურადღება იმაზე უნდა გამახვილდეს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება ცდილობს კონსტრუქციული ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან და დიალოგის დაწყებას, ხოლო რუსეთის საპასუხო ნაბიჯები არის ყოველთვის აბსოლუტურად არაადეკვატური და ამ შემთხვევაშიც დასტურდება, რომ ეს ასეა“.

რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის მორიგი რაუნდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შორის მომავალი კვირის ბოლოს შედგება. როგორც ზურაბ აბაშიძემ 13 სექტემბერს განაცხადა, საუბრის თემები იქნება სავიზო რეჟიმი, სატრანსპორტო კავშირები, რეგულარული ავიარეისები. რაც შეეხება რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის სახელმწიფო საზღვრის გავლების საკითხს, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ ამ საკითხის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიციის თაობაზე საერთაშორისო თანამეგობრობას და დასავლეთს უნდა ეცნობოს.

“ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია, არანაირი სახელმწიფო საზღვარი არ არსებობს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. არის ადმინისტრაციული საზღვარი, რომლის გასწვრივაც რუსეთის მიერ სრულიად უკანონოდ იქმნება მავთულხართების რაღაც ზოლი, შენდება კედელი, რომელიც ყოფს ადამიანებს“, - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „რესს“ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში განუცხადეს, სამხრეთ ოსეთში საზღვრის სრულფასოვნად დაცვის რეჟიმი მოქმედებს, დაცვის რეჟიმს კი განსაზღვრავს კანონი „სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, რომელიც 2010 წელსაა მიღებული.

თავის მხრივ, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, გამორიცხავს რა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების არსებობას, აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება ცხინვალსა და რუსეთს შორის ეგრეთ წოდებული საზღვრის შესახებ უბრალო ქაღალდი იქნება და მას მსოფლიოში არავინ აღიარებს:

“ჯერ ერთი, ეს პირველი ამ ტიპის გადაწყვეტილება არაა, როცა რუსეთი ახორციელებს, განაგრძობს თავის ოკუპაციას. და, ისევე როგორც სხვა, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო. არანაირი რუსეთ-სამხრეთოსეთური, თუ შეიძლება ასე ითქვას, საზღვარი არ არსებობს. ეს არის საქართველო-რუსეთის საზღვარი და სწორედ კონფლიქტი რუსეთ-საქართველოს შორის რადგან არსებობს, ვიდრე ეს კონფლიქტები არ მოგვარდება, ეს საკითხები იქნება ყოველთვის ჰაერში გამოკიდებული. ეს არის უკანონობა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა“.

თუმცა კონფლიქტოლოგი გიორგი ხუციშვილი ფიქრობს, რომ შესაძლოა ამ უკანონობასაც ჰქონდეს თავისი მიზანი და რუსეთ-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის ხელშეკრულების მომზადების განკარგულება ერთგვარი გზავნილი იყოს საქართველოს მიმართ. კერძოდ, გიორგი ხუციშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთის პრეზიდენტის განკარგულება იყოს მცდელობა აიძულონ საქართველო შეცვალოს საგარეო კურსი, უარი თქვას ნატოსა და ევროკავშირისკენ ორიენტაციაზე და რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს.
XS
SM
MD
LG