Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პენზის ოლქში დაბადებული, აშშ-ში გაშვილებული, ალექსანდრ დი-ჯემუსი პუტინს მიმართავს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
ალექსანდრ დი-ჯემუსი რუსეთში დაიბადა 21 წლის წინ. ის მშობლებმა, დეფორმირებული კიდურების გამო, ბავშვთა სახლში მიაბარეს და მიატოვეს. 15 წლის იყო, როცა ის ამერიკელმა მოქალაქეებმა იშვილეს. ახლა ის სტუდენტია, ოპერაციის შემდეგ პროტეზით სიარული შეუძლია და კილიმანჯაროზეც ავიდა, რუსეთის ინვალიდ ბავშვთა დახმარების პროგრამით.

„მე ალექსანდრ დი- ჯემუსი მქვია. 21 წლისა ვარ. ოსტინის, ტეხასის უნივერსიტეტში ვსწავლობ. რუსეთში დავიბადე დეფორმირებული ხელ-ფეხით, რის გამოც სიარული არ შემეძლო. ინვალიდ ბავშვთა სახლში გავიზარდე, ნიჟნი ლომოვში, პენზის ოლქში. 15 წლისა ვიყავი, როცა ბედმა გამიღიმა და მიშვილა მოსიყვარულე ოჯახმა დალასიდან, აშშ-დან. სხვა ათასობით ნაშვილები ბავშვის მსგავსად, სწორედ ჩემი ამ ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე, შემაძრწუნა სათათბიროს გადაწყვეტილებამ მიეღო კანონი, რომელიც კრძალავს ამერიკელი ოჯახების მიერ რუსეთში ბავშვების აყვანას. ამ კანონის მსხვერპლი 800 ათასი ბავშვი იქნება“, სწერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ამჟამად ამერიკის მოქალაქე ალექსანდრ დი-ჯემუსი, რომელსაც ეს აკრძალვა ადამიანის უფლებების დარღვევად მიაჩნია:

„ამ კანონიდან გამომდინარე, ბავშვი უკეთ იცხოვრებს, თუ ამერიკელთა ოჯახში არ იქნება. ეს ერთობ ნაციონალისტური პოლიტიკაა და, ჩემი აზრით, უდიდესი დანაშაულია. თან ლოგიკურად მცდარიც არის, რადგან ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა, განურჩევლად ეროვნებისა, იქონიოს ოჯახი. ეს ბავშვები აშშ-ში იმისათვის კი არ მიჰყავთ, რომ ამერიკელები გახდნენ, არამედ იმისათვის, რომ იქ ოჯახი იქონიონ. თუ ბავშვს ამის შესაძლებლობა ეძლევა, ამორალურია, წაართვა მას ეს შესაძლებლობა“.
ტეხასის სკოტიშ რაიტის საავადმყოფოში ფეხების ამპუტაცია გამიკეთეს, რათა მოერგოთ პროტეზები. პირველად ჩემს ცხოვრებაში სიარული დავიწყე. ამან ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება ...

პუტინმა კანონს 28 დეკემბერს მოაწერა ხელი. ამერიკაში ბავშვების გაშვილების აკრძალვით ათასობით ბავშვს მოუწევს დარჩეს რუსეთში და გააგრძელოს იქაურ საბავშვო სახლებში ცხოვრება. მათი რიცხვი 700 ათასამდეა. 1992 წლიდან აშშ-ში უკვე გაშვილებული ბავშვების რიცხვი 60 ათასს აღწევს. მათი დიდი ნაწილი ინვალიდია. თავის წერილში პუტინისადმი ალექსანდრ დი-ჯემუსი, რომელსაც რუსეთში ალექსანდრ შულცევი ერქვა, პრეზიდენტს ამცნობს, ჩემი ბავშვობა უოჯახოდ და უსიყვარულოდ წარიმართა, ბიოლოგიურმა მშობლებმა მიმატოვეს, რადგან ფიზიკური ნაკლი მქონდაო. დი-ჯემუსი წერს, არ ვიყავით საუკეთესო პირობებში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ გავიზარდეთ მშობლების სიყვარულისა და ალერსის გარეშეო. სხვა ათასობით ობლის მსგავსად, მელოდა სევდიანი მომავალი უფროსების ინვალიდთა სახლში, მათთან ერთად, ვისზეც რუსეთის საზოგადოებამ უარი თქვა მათი ფიზიკური მდგომარეობის გამოო, - უამბობს ვლადიმირ პუტინს ამჟამად ამერიკის მოქალაქე და ამცნობს იმას, რაც პუტინმა ისედაც ძალიან კარგად იცის. ცხადია, რომ ეს ახალი კანონი სამაგიეროა იმ კანონმდებლობისთვის, რომელსაც „მაგნიტსკის აქტი“ ჰქვია, აშშ-ის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც რუსეთის ოფიციალური პირების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს. ამერიკის კანონმდებლებმა ეს კანონი მიიღეს ციხეში ადვოკატ სერგეი მაგნიტსკის სიკვდილის გამო. მაგნიტსკიმ რუსეთში მსხვილ კორუფციულ გარიგებას მიაკვლია და ამის გამო დააპატიმრეს. ციხეში მის სიკვდილთან, ასევე, საერთოდ, ადამიანის უფლებების დარღვევებთან დაკავშირებულ პირებს აშშ-ში მოგზაურობის უფლება წაერთვათ; იქვე გაიყინება მათი აქტივები. სანამ პუტინი დოკუმენტს დაამტკიცებდა, ალექსანდრ დი-ჯემუსმა გადაწყვიტა ემოქმედა. მან 20 დეკემბერს ინტერნეტში გაავრცელა პეტიცია, რომელსაც ერთ კვირაში 11 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი. პარაოლიმპიადის ოქროს მედლის მფლობელმა, ასევე რუსეთში დაბადებულმა და აშშ-ში გაშვილებულმა ტატიანა მაკფედენმა 26 დეკემბერს პეტიცია, ხელმოწერებით, ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს გადასცა.

წერილის ავტორი პრეზიდენტს იმასაც უამბობს, როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება ოპერაციის შემდეგ:
ძნელია რუსეთში მედიაზე არსებულ კონტროლთან ბრძოლა, მაგრამ მე არ გავჩერდები. ამ აკრძალვასთან საბრძოლველად ყველაფერს გავაკეთებ, რადაც უნდა დამიჯდეს ...

„ტეხასის სკოტიშ რაიტის საავადმყოფოში ფეხების ამპუტაცია გამიკეთეს, რათა მოერგოთ პროტეზები. პირველად ჩემს ცხოვრებაში სიარული დავიწყე. ამან ძირფესვიანად შეცვალა ჩემი ცხოვრება. აკადემიური წარმატების გამო მომცეს სტიპენდია, სწავლა გავაგრძელე საუკეთესო უნივერსიტეტში, ვისწავლე თხილამურებით სრიალი. შარშან, რუსი ინვალიდი ბავშვებისთვის შემუშავებული პროგრამის ჩარჩოებში, კილიმანჯაროზე ავედი. ახლა მე მყავს მშობლები და უმცროსი ძმა, რომლებსაც ვუყვარვარ. ვაფასებ იმას, რაც მაქვს, წერს დი-ჯემუსი, რომელიც „ბედნიერი ოჯახების საერთაშორისო ცენტრის“, რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციის წყალობით მოხვდა საოპერაციოდ ამერიკაში, სადაც მაიკლ და ჰელენ დი-ჯემუსების ოჯახმა იკისრა მისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფა. საავადმყოფო თანახმა იყო ყმაწვილისთვის ოპერაცია საფასურის გარეშე გაეკეთებინა. იქ ყოფნის დროს 15 წლის ბიჭუნასა და ამერიკელ ცოლ-ქმარს შორის დამყარებულმა ურთიერთობამ აფიქრებინა მასპინძლებს ის ეშვილათ.

ახლა თავის წერილში დი-ჯემუსი პუტინს სწერს, რომ მისი მსგავსი ობლები, რუსეთში ბავშვთა სახლებში გაფანტული ბავშვები, პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლად იქცნენ. გაშვილების ამკრძალავი კანონის თანახმად, ამერიკელები რუს ბავშვებს მხოლოდ ფინანსური სარგებლის მისაღებად იშვილებენ ხოლმე. ეს აბსურდია და უგულებელყოფაა იმ ათასობით რუსი ბავშვის გამოცდილებისა, რომლებიც ამერიკაში ცხოვრობენო, წერს ალექსადრ დი-ჯემუსი. ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთში ამერიკელებმა 60 ათასი ბავშვი იშვილეს. მათგან 19 დაიღუპა, მაშინ როცა რუსეთში, ოჯახებსა და ბავშვთა სახლებში, ასობით ბავშვი იხოცება ყოველწლიურად. ბავშვებზე ძალადობა ყველგან ხდება, ეს კაცობრიობის საერთო პრობლემაა და მასთან პოლიტიკური მეთოდებით ბრძოლაა სჭიროო, განუმარტავს პუტინს 21 წლის, ამჟამად ამერიკელი, ახალგაზრდა, რომელიც აპირებს რუსეთის მოსახლეობას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს:

„ძნელია რუსეთში მედიაზე არსებულ კონტროლთან ბრძოლა, მაგრამ მე არ გავჩერდები. ამ აკრძალვასთან საბრძოლველად ყველაფერს გავაკეთებ, რადაც უნდა დამიჯდეს. ბევრი არ დამიწერია რუსულად, რუსეთის აუდიტორიისთვის. ვფიქრობ, შევაგროვო აშშ-ში გაშვილებული ბავშვების ჩანაწერები და მათი წერილები გავავრცელო რუსეთში, მედიის - შესაძლოა, მცირე გაზეთების - საშუალებით“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG