Accessibility links

რუსეთის უდიდესმა სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ და უკრაინულმა კომპანია „ნაფტოგაზმა“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რაც მომდევნო სამი თვის განმავლობაში უკრაინის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. „გაზპრომის“ მმართველი ალექსეი მილერი აცხადებს, რომ 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში უკრაინა 100 დოლარით ნაკლებს, 247,15 $-ს, გადაიხდის.

ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კიევის მუქარის ფონზე, რომ აპრილიდან საერთოდ შეწყვეტდა რუსული ბუნებრივი აირის შეძენას. ამ დავაში მოსკოვი იძულებით დათმობაზე წავიდა, განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში კომპანია „რუსენერგოს“ ანალიტიკოსმა მიხაილ კრუტიხინმა:

„ასეთი დათმობა აიხსნება იმით, რომ სამომავლოდ დაპირისპირების გაგრძელებას შეიძლებოდა უკრაინის ბაზრის სრული დაკარგვა მოჰყოლოდა. მოსკოვი ამის თაობაზე გააფრთხილა უკრაინულმა მხარემ, რომელმაც განაცხადა, რომ პირველი აპრილიდან საერთოდ იტყოდა უარს რუსეთის ბუნებრივი აირის შესყიდვაზე. რაც არ უნდა იყოს, ეს მუქარა სრულიად სერიოზული ჩანდა, ვინაიდან, შეიძლება 1 აპრილიდან არა, მაგრამ უკრაინა რამდენიმე თვის შემდეგ მზად იყო, რომ ქვეყნის საზაფხულო მოთხოვნილებები საკუთარი რესურსების ექსპლუატაციითა და დასავლეთის კომპანიებისაგან მიღებული ბუნებრივი აირით უზრუნველეყო. მაგალითად, პოლონეთის გავლით გერმანული კომპანია RWE -ისგან ანდა სლოვაკეთისა და უნგრეთისაგან შეეძინა ბუნებრივი აირი. ტექნიკური შესაძლებლობა აქვს რუმინეთსაც“.

რუსულ „გაზპრომსა“ და უკრაინულ „ნაფტოგაზს“ შორის მიღწეული შეთანხმება ახანგრძლივებს გასული წლის ოქტომბერში ხელმოწერილ ე.წ. „ზამთრის პაკეტს“, რომელსაც ვადა 31 მარტს გაუვიდა.

როგორც გაირკვა, 1 აპრილს „ნაფტოგაზმა“ დროებით შეწყვიტა რუსეთის ბუნებრივი აირის შეძენა, რაზეც პრესკონფერენციაზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ვლადიმირ დემჩიშინმა განაცხადა და დასძინა, რომ კიევი მხოლოდ მას შემდეგ განაახლებდა შეძენას, თუ რუსულ „გაზპრომთან“ გაფორმდებოდა შესაბამისი დოკუმენტები, რომელთა თანახმად კიევი 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირში 250 დოლარს გადაიხდიდა. ასეთ გარიგებას მხარს უჭერს ევროკომისია, რომელიც მოითხოვდა, რომ უკრაინას ბუნებრივი აირის გარკვეული ნაწილი დარჩენოდა იმისათვის, რომ შეევსო მიწისქვეშა საცავი და სამომავლოდ რუსული ბუნებრივი აირის შეუფერხებელი ტრანზიტი უზრუნველეყო.

ორშაბათს რუსეთი დასთანხმდა უკრაინული „ნაფტოგაზის“ წინადადებას ბუნებრივი აირის ფასდაკლებით მიწოდების თაობაზე. ოღონდ, რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ეს სამთვიანი შეღავათიანი გარიგება ახსნა ნავთობის არსებული ფასით, რაც, ვლადიმირ პუტინის თქმით, განსაზღვრავს კიდეც „ბუნებრივი აირის საბოლოო ღირებულებას რუსეთის პარტნიორებისათვის“.

თუმცა კრემლი არაფერს ამბობს იმაზე, რომ ბოლოხანს მკვეთრად შემცირდა კომპანია „გაზპრომის“ გაყიდვები აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში. როგორც კომპანია „რუსენერგოს“ ანალიტიკოსი მიხაილ კრუტიხინი ამბობს, მიმდინარე წლის დასაწყისში „გაზპრომის“ მიერ გაყიდული ბუნებრივი აირის მოცულობა, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით 26 %-ით შემცირდა და ევროპელი მომხმარებლები ნებისმიერ ხელსაყრელ შესაძლებლობას იყენებენ, რათა რუსეთის ბუნებრივი აირი რომელიმე სხვით ჩაანაცვლონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG