Accessibility links

logo-print

რიგის სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე რუსეთი მკვეთრად უარყოფით პოზიციას ამჟღავნებს ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მიმართ და შეთქმულების თეორიაზე ლაპარაკობს. იბადება შეკითხვა – შეძლებს თუ არა მოსკოვი შეაფერხოს პროცესები და, მათ შორის, რიგის სამიტზე საქართველოს ძირითად მოლოდინთან დაკავშირებით? თუმცა ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთზე მეტად საქართველოს დაზარალება არასათანადო დიპლომატიურ ძალისხმევასა და პარტნიორი ქვეყნების უარყოფით შეფასებებს შეუძლია.

ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის მიმართ რუსეთის შეფასება ძალიან უარყოფითია, – უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვასრუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოსკოვს მხოლოდ ნატოს საკითხი არ აღელვებს. აშკარაა, რომ მოსკოვი ევროკავშირის „პარტნიორობის“ მიღმა ანტირუსულ მიზნებს ხედავს:

„ჩვენ დავაკვირდებით, თუ როგორ წარიმართება რიგის სამიტი. მაგრამ უკვე ნათელია, რომ ჩვენი რეაქცია იქნება საკმაოდ ხისტი და პრინციპული. ჩვენ ვხედავთ, საითაც მიდის ეს პარტნიორობა და რა ელფერს იძენს, პროგრამის მონაწილეთა პოზიციების გათვალისწინებით და, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის მხრიდან. მოდით, დაველოდოთ შედეგებს. მაგრამ აშკარად გამოხატულია, რომ „პარტნიორობის“ არსი რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული“.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაადასტურონ ერთგულება ამ პოლიტიკის მიმართ და, მიუხედავად სირთულეებისა, „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ აქვს შედეგები და აქვს მომავალი...

თუ რას თვლის მოსკოვი ევროკავშირის ჩანაფიქრად ანდა რა იგულისხმება მოსკოვის „ხისტსა და პრინციპულ“ რეაქციაში, ალექსანდრ ლუკაშევიჩს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ფაქტია, რომ მოსკოვი არ აპირებს შეეგუოს ევროკავშირის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის განვითარებას და ამ პროგრამის მოწინავე წევრების -საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის - წარმატებას. გავიხსენოთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ყველაზე დიდი იმედები სწორედ რიგის სამიტსა და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლების მიღებას უკავშირდება.

„სამწუხაროა, რომ რუსეთი აგრძელებს ამ ტონალობაში საუბარს“ – ამ სიტყვებით გამოეხმაურა ლუკაშევიჩის განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში და იქვე აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამა ახალი შესაძლებლობების პროგრამაა და მისი მიზნები არავის ემუქრება:

„რუსეთი ამ თემასთან დაკავშირებით სპეკულირებს ხან ნატოს კონტექსტში, ხან ევროკავშირის კონტექსტში... ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა დაადასტურონ ერთგულება ამ პოლიტიკის მიმართ და, მიუხედავად სირთულეებისა, „აღმოსავლეთ პარტნიორობას“ აქვს შედეგები და აქვს მომავალი“.

ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებში...

მართალია, ევროკავშირის არაწევრ ქვეყანას არ გააჩნია პირდაპირი ზეგავლენის ბერკეტები, მაგრამ ექსპერტთა ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებს „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის შესაფერხებლად და ზეგავლენის მოსახდენად რიგის სამიტის გადაწყვეტილებებზე. ასე ფიქრობს საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი შორენა ლორთქიფანიძეც, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, წარმატების გასაღები მაინც საქართველოს ხელშია და თუკი საქართველოს დიპლომატიური ძალისხმევა ძლიერიიქნება, რუსეთი თავისას ვერ გაიტანს:

„ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია დავუპირისპიროთ ამას, ეს არის ძალიან აქტიური საგარეო პოლიტიკა ევროკავშირთან მიმართებით – სპეციფიკური და თითოეულ ქვეყანაზე მორგებული. დალოდება იმისა, თუ რა იქნება, ჩვენ ამისთვის არც ფუფუნება გვაქვს და არც დრო. მგონია, რომ ჩვენნაირ ქვეყანასაც შეუძლია მთელი თავისი რესურსის მიმართვა, გამოყენება, აქტივაცია, პირველ რიგში, იმის ჩვენებისთვის, რომ მას რეალურად უნდა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია“.

ამ კონტექსტში შორენა ლორთქიფანიძე რიგის სამიტის წინ საქართველოსთვის „ცივი წყლის გადასხმად“ მიიჩნევს შვეიცარიის ელჩის გიუნტერ ბეხლერის მიერ გახმაურებულ განცხადებებს ინვესტორთა უფლებების შელახვისა და სასამართლო სისტემაში კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით. ექსპერტი თვლის, რომ საქართველომ სრულფასოვანი რეაგირება უნდა მოახდინოს მსგავს ფაქტებთან მიმართებით. მართალია, შვეიცარია არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ მის მიერ გამოთქმული ეჭვები და უარყოფითი შეფასებები აუცილებლად ექცევა პარტნიორი ქვეყნების ყურადღების ცენტრში.

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ვართ ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყანა და მთავრობა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპის ფარგლებში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს ჩვენი მეგობარი ქვეყნის ელჩი“, – განაცხადა 24 აპრილს მთავრობის ხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და

საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს მისცა დავალება, კონკრეტული ფაქტების შესწავლის დონეზე, ბოლომდე გარკვეულიყო ვითარებაში და, თუ საჭირო გახდებოდა, საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრიცჩართულიყო.

დღის ბოლოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ ის ელჩს უკვე შეხვდა და „დეტალური დისკუსიაც“ გაიმართა მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით. „ბევრი საკითხი არ იყო ასახული იმ კონტექსტში, როგორსაც ის გულისხმობდა“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა და ისე გამოვიდა, რომ გაუგებრობა დიდწილად ჟურნალისტებს დაბრალდათ. მინისტრმა იმედი გამოხატა, რომ აქტიური დიალოგის შედეგად შვეიცარიის ელჩის მიერ ხაზგასმულ პრობლემებს „მალე ნათელი მოეფინება“.

თუმცა შვეიცარიის ელჩი გამონაკლისი არ არის. თუკი ბოლო პერიოდს გადავხედავთ, ნაკლოვანებათა აღმოფხვრის აუცილებლობაზე საქართველოში სტუმრად მყოფი ევროპელი მინისტრებიც ლაპარაკობდნენ. როგორც, მაგალითად, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა აღნიშნა 14 აპრილს, საქართველოს ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს „დემოკრატიული, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მშენებლობისა“ და ასევე სასამართლო სისტემის რეფორმირებისკენ.

ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის, რა მოხდება რიგის სამიტზე, მით უმეტეს, რომ ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა ევროკომისიის შეფასება საქართველოს მიერ შესრულებული სამუშაოსი. მიუხედავად იმისა, რომ მეგობარი ქვეყნები დახმარების მზაობას გამოხატავენ, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ნაკლოვანებათა არსებობის ფონზე, მაინც კეთდება მინიშნება, რომ რიგის სამიტს „რეალისტური მოლოდინები“ უნდა დაუკავშირდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG