Accessibility links

logo-print

რუსეთი, საქართველო, ახალი გზა და მოსალოდნელი საფრთხე


რუსეთთან დამაკავშირებელი კიდევ ერთი გზის შესაძლო მშენებლობას საქართველოში სხვადასხვაგვარი შეფასებები უკავშირდება. არაერთგვაროვანი მიდგომა აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც. რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ავარეთ-კახეთის გზას და რატომ არის საჭირო საგანგებო სიფრთხილე?

ეკონომიკური თვალსაზრისით, რაც უფრო მეტი გზა აშენდება, მით უკეთესია ქვეყნისთვის - ამ შინაარსის კომენტარი ჟურნალისტებთან საუბრისას, 13 ოქტომბერს, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ლაპარაკია დაღესტნიდან კახეთის მიმართულებით გამოსაყვან ახალ გზაზე, რომელსაც ავარეთ-კახეთის გზად მოიხსენიებენ და რომელმაც კიდევ ერთ სასაზღვრო მონაკვეთში ოფიციალურად უნდა დააკავშიროს რუსეთი და საქართველო. ეკონომიკის მინისტრი ერთმანეთისგან მკვეთრად მიჯნავს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ეკონომიკურ და პოლიტიკურ შემადგენლებს:

”როდესაც გვაქვს ლარსზე სტიქიით გამოწვეული პრობლემა, მე მგონი, ურიგო არ იქნება, რომ ჩვენ გვქონდეს ალტერნატივა, რომ საქონელმა იმოძრაოს რუსეთსა და საქართველოს შორის. პოლიტიკურ ჭრილში, რა თქმა უნდა, ის პრობლემები არავის არ მოუხსნია, არის და ეს პრობლემები გადაწყვეტას საჭიროებს”.

ნამდვილად ყურადსაღებია, რადგანაც ეს ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, კითხვებს ბადებს...

სახელისუფლებო წრეების წარმომადგენელთა მიდგომები და მოსაზრებები არაერთგვაროვანია. მაგალითად, თუკი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიას სიტყვებით ვიმსჯელებთ, ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის იდეის ხორცშესხმა საკმაოდ საფრთხილო საქმეა და საქართველოს წინდახედულება ჰმართებს:

”ნამდვილად ყურადსაღებია, რადგანაც ეს ჩვენი საზღვრის უშუალო სიახლოვეს ხორციელდება. რა თქმა უნდა, აღნიშნული საკითხი გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს, კითხვებს ბადებს. აქამდე რაიმე კომუნიკაცია ამ საკითხზე საქართველო-რუსეთს შორის არ ყოფილა არც ერთ დონეზე”.

აზრთა სხვადასხვაობაა საექსპერტო წრეებშიც. მაგალითად, მათ შორის, ვინც ავარეთ-კახეთის გზის იდეას ერთმნიშვნელოვნად მიესალმება, დემურ გიორხელიძეს ვხვდებით. ჩვენთან საუბრისას ის იხსენებს ქართველი ექსპერტების სტუმრობას ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებში 2013 წლის ივლისში და სიბეცედ თვლის უარის თქმას მეზობელ ხალხებთან კიდევ უფრო მტკიცე კავშირის შესაძლებლობაზე, მით უმეტეს, რომ ეს არანაირად არ ზღუდავს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს:

”როდესაც ჩამოვედი გასულ წელს ჩრდილო კავკასიიდან, ვთქვი, რომ მე არ მცოდნია ჩრდილო კავკასია. ვერ წარმოვიდგენდი, თუ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება ყოფილიყო საქართველოს მიმართ... ასობით სტუდენტმა გვითხრა, რომ სიამოვნებით ისწავლიდნენ თბილისში. რა გვინდა ახლა ჩვენ? იდე ფიქსებს შევწიროთ, რაც ჩვენს წინაპარს ამდენი საუკუნის მანძილზე სახელი და ავტორიტეტი მოუპოვებია?! ”

კახეთის მიმართულება ჩვენთვის იყო ერთგვარი ზურგი, სადაც შესაძლებელია რესურსების გადანახვა, ვთქვათ, მოწინააღმდეგის შემოტევის დროს, რაც ნაწილობრივ მოხდა კიდეც 2008 წლის ომის დროს. სხვას რომ თავი დავანებოთ, მაშინ ხალხმა თბილისიდან კახეთში გახიზნა თავისი ოჯახის წევრები...

იმის გამო, რომ კონკრეტული გამოკვლევები არ ჩატარებულა, კონკრეტული დასკვნების გაკეთება უჭირს სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის წარმომადგენელს, პოლიტოლოგ გიორგი გვიმრაძეს. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, ვიდრე საქართველო შესაბამის ნაბიჯს გადადგამდეს, საჭიროა სავარაუდო რისკებისა თუ სარგებლის კარგად დათვლა და გააზრება. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ რუსეთი ამ გზის გარეშეც მოახერხებდა საქართველოს წინააღმდეგ გალაშქრებას და რომ წინასწარ უარყოფით განწყობებს რუსეთის მიმართ საქართველოს უნდობლობა იწვევს.

ზოგადად, ყველა თანხმდება, რომ გზების მშენებლობას განვითარება მოაქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ექსპერტთა ერთი ნაწილი, საქართველოსა და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სერიოზული დაფიქრების აუცილებლობას ხედავს, მით უმეტეს, რომ დაღესტანზე გამავალი რუსეთ-საქართველოს საავტომობილო დერეფნის მშენებლობის იდეა 2008 წლის თებერვალში თავად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გაახმაურა. როგორც იმხანად საინტერნეტო გამოცემა ”კავკაზსკი უზელი” იტყობინებოდა, პუტინმა მოითხოვა მაღალი ხარისხის გზის გაყვანა, რადგანაც, მისი თქმით, ამ გზაზე სამხედრო ტექნიკას უნდა გაევლო. ამავე წყაროს ცნობით, ამ გზის მშენებლობა 2010 წელს უნდა დამთავრებულიყო. მაგრამ მას შემდეგ, ცხადია, საგანგაშოდ დაიძაბა ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის და გზების მშენებლობის იდეისთვის აღარავის ეცალა.

ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობის იდეის უკან საქართველოსთვის საფრთხეებს ხედავს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველო ამით თავის შველისა და გადარჩენის გზას იჭრის:

”კახეთის მიმართულება ჩვენთვის იყო ერთგვარი ზურგი, სადაც შესაძლებელია რესურსების გადანახვა, ვთქვათ, მოწინააღმდეგის შემოტევის დროს, რაც ნაწილობრივ მოხდა კიდეც 2008 წლის ომის დროს. სხვას რომ თავი დავანებოთ, მაშინ ხალხმა თბილისიდან კახეთში გახიზნა თავისი ოჯახის წევრები. ასევე, აღარ არის დიდი საიდუმლოება, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალების გარკვეული იარაღის მარაგი მაშინ გატანილი და გადამალული იყო კახეთში, რომ მოწინააღმდეგეს არ დარჩენოდა. ასე რომ, საჭიროა მეტი დაფიქრებით მივუდგეთ ამ გზის მშენებლობას და გახსნას”.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჯერჯერობით რუსეთის მხარესთან ამ საკითხზე კომუნიკაცია არ მიმდინარეობს. რესპუბლიკა დაღესტნის საგზაო სააგენტოს ინფორმაციით კი, 83 კმ-იანი გზის მასშტაბური სარეკონსტრუქციო-სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა და ჯერჯერობით მხოლოდ ტენდერების ჩატარების ეტაპია.

XS
SM
MD
LG