Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოს სავიზო რეჟიმს უმარტივებს და ვიზების გაუქმების იმედს აძლევს


ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

23 დეკემბრიდან რუსეთის ფედერაცია ამარტივებს ვიზების გაცემის პროცედურას საქართველოს მოქალაქეებისთვის – ინფორმაცია ამის თაობაზე 22 დეკემბერს საღამოს გაავრცელა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. უწყება არ გამორიცხავს, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობათა გაუმჯობესების პროცესი ვიზების საერთოდ გაუქმებამდეც მივიდეს, თუმცა ფაქტია, რომ მოსკოვი ამ ეტაპზე არ უუქმებს ვიზებს საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე დღის წინ ასეთი ნაბიჯის გადადგმის მზადყოფნაზე ილაპარაკა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. რა მიზნები ამოძრავებს მოსკოვს და რა შეიძლება მოითხოვოს მან საქართველოსგან სავიზო კომპრომისის სანაცვლოდ?

მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო უწყება „ურთიერთობათა ნორმალიზების“ კონტექსტში განიხილავს და, როგორც ოფიციალურ ვებსაიტზე სამშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, „დადებითი ურთიერთობების სტიმულირების ინტერესებიდან გამომდინარე“, მზად არის სავიზო რეჟიმის გამარტივებული წესი ოთხშაბათიდან აამოქმედოს:

„2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები და ასევე კერძო ვიზები, იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი მომწვევ და მოწვეულ პირებს შორის მოქმედი მოწვევის ფარგლებში, რომელიც გაიცემა, დადგენილი წესის თანახმად, რუსეთის ფედერალური სამიგრაციო სამსახურის ორგანოების მიერ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ამავე განცხადების თანახმად, რუსეთის მხარე მოწადინებულია მომავალშიც გადადგას ნაბიჯები ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთობის პირობების გამარტივებისკენ და სამომავლოდ, „ურთიერთშეთანხმების საფუძველზე“, არც უვიზო რეჟიმის შემოღებას გამორიცხავს.

როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ, ვიზების გაუქმებასთან დაკავშირებით გაგრძელდება საუბარი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან მომდევნო შეხვედრების დროს, პრაღის ფორმატის ფარგლებში. თუმცა ამ ეტაპზე ზურაბ აბაშიძე უკვე ხედავს კმაყოფილების რეალისტურ საფუძველს:

ზურაბ აბაშიძე
ზურაბ აბაშიძე

„ჩვენ შევხვდებით თებერვალში, გავაანალიზებთ როგორ დაიწყო ეს პროცესი (გამარტივებული სავიზო რეჟიმის პროცესი), რა პრობლემებია, რისი გათვალისწინებაა საჭირო და მერე გამოჩნდება, მომავალში, ამის (ვიზების გაუქმების) შესაძლებლობა... ზოგადად, მსოფლიოში თავისუფალი გადაადგილება არის ადამიანის უფლებების რეალიზების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულება და, რა თქმა უნდა, ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ ასეთი საშუალება... ამ თვალსაზრისით, მართლაც მნიშვნელოვანი მიღწევებით ვხვდებით ახალ წელს – რამდენიმე დღის წინ ჩვენ ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სავიზო ლიბერალიზაციის თაობაზე... ეს, მართლაც, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებია“.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, სავიზო რეჟიმის ბარიერების გამარტივების პერსპექტივებს სწორედ პრაღის ფორმატის ფარგლებში ჩაეყარა საფუძველი, საკითხზე თანმიმდევრული მუშაობა მიმდინარეობდა და ახლა საქართველო მოსალოდნელ შედეგებს იღებს. თუმცა უდავოა, რომ მეტის, ანუ სავიზო რეჟიმის გაუქმების, მოლოდინი გააჩინა და გაამძაფრა რუსეთის პრეზიდენტის განმარტებებმა 17 დეკემბერს გამართულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ მზად ვართ სავიზო რეჟიმი გავაუქმოთ“, - გარკვევით თქვა ვლადიმირ პუტინმა და ბევრ ექსპერტს მაშინვე შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო მოსკოვის რეაქცია ბრიუსელის მიერ გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ. მათთვის ნათელი იყო, რომ მოსკოვის გააქტიურება დროში დაემთხვა ევროკომისიის საბოლოო დადებით ანგარიშს, რომლის საფუძველზეც, საქართველოს მოქალაქეები, დიდი ალბათობით, რამდენიმე თვეში შევლენ უვიზოდ შენგენის ზონის ქვეყნებში.

კავკასიოლოგი ალეკო კვახაძე ერთ–ერთი იყო მათ შორის, ვინც ამ ეტაპზე არ მოელოდა, რომ რუსეთი ვიზებს გაუუქმებდა საქართველოს მოქალაქეებს. როგორც მან ჩვენთან საუბრისას განმარტა, პუტინი იმ დღეს არასასიამოვნო მოლოდინმა აამოქმედა:

„პუტინმა დაინახა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ევროპა მიიღებდა ასეთ გადაწყვეტილებას და გაადვილდებოდა ევროპაში საქართველოს მოქალაქეების მიმოსვლა, ეს შეამცირებდა რუსეთის ზეგავლენას საქართველოს მოქალაქეებზე, დაინგრეოდა მითი ე. წ. 37-მანეთიანი ბილეთის შესახებ და ხალხი ნახავდა, ბუნებრივია, რომ ბრიუსელსა და პარიზში უფრო კარგი ცხოვრებაა, ვიდრე ვორონეჟსა და სარატოვში... ასევე შესაძლოა უკუპროცესები წავიდეს სამაჩაბლოსა და აფხაზეთში და, როგორც ახლა ჩამოდიან სამკურნალოდ, ისევე ჩამოვლენ აქ, რომ აიღონ ან ქართული პასპორტი, ან ნეიტრალური პასპორტი, რათა იმგზავრონ ევროპაში და უფრო დაუახლოვდნენ ევროპას. პრაგმატული თვალსაზრისიდან გამომდინარე, მათთვის ეს უფრო მომგებიანი იქნება, მიუხედავად მათი სეპარატისტული განწყობებისა“.

ისინი ცდილობენ, რომ რუსულ სივრცეს მიაბან საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, ანუ ეს რბილი ძალის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის ცდილობს იყოს „დიდი ძმა“...
ირაკლი ფორჩხიძე

თუკი ზურაბ აბაშიძეს შევეკითხებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების ან გამარტივების შემთხვევაში, რუსეთი სანაცვლოდ ვერაფერს მოითხოვს, რადგანაც საქართველომ ასეთი ნაბიჯი კარგა ხნის წინ გადადგა და რუსეთის მოქალაქეებს ახლა უკვე ერთი წლით შეუძლიათ უვიზოდ დარჩენა საქართველოს ტერიტორიაზე. „მეტი აღარ არსებობს. ამის იქით აღარ არის არაფერი“, – თქვა ზურაბ აბაშიძემ ჩვენთან საუბრისას.

თუმცა ექსპერტების ერთი ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ თუკი რუსეთი სავიზო რეჟიმს გაუუქმებს საქართველოს მოქალაქეებს, ეს არ იქნება ჰუმანიტარული მიზნებით ნაკარნახევი უანგარო გადაწყვეტილება. რუსეთის ბოლოდროინდელ სვლებს ევროკავშირთან კონკურენციის სურვილით ხსნის საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი ფორჩხიძე, თუმცა ჩვენთან საუბრისას ის საგანგებოდ აღნიშნავს იმასაც, რომ, ცხადია, აქ ჯანსაღი კონკურენცია არ იგულისხმება და რომ რუსეთს, სინამდვილეში, საქართველოზე მეტი გავლენის მოპოვების სურვილი ამოძრავებს:

„ისინი ცდილობენ, რომ რუსულ სივრცეს მიაბან საქართველო სხვადასხვა მიმართულებით, ანუ ეს რბილი ძალის ერთ-ერთი გამოვლინებაა. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოველთვის ცდილობს იყოს „დიდი ძმა“, ხოლო დანარჩენები უნდა იყვნენ მისი ნების შესაბამისი აქტორები. შესაბამისად, ერთი, რომ რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები არ იქნება სტაბილურობის განცდის მომცემი და, მეორე, ის ამას ყოველთვის გამოიყენებს ზეწოლის ბერკეტად“.

ირაკლი ფორჩხიძის თქმით, რაც უფრო მეტად მიებმება საქართველო რუსეთს სხვადასხვა მიმართულებით და, მათ შორის, მის სამომხმარებლო ბაზარს, მით უფრო მტკივნეული იქნება სამომავლოდ რუსეთის მიერ სადამსჯელო ბერკეტების ამოქმედება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG