Accessibility links

logo-print

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა, დაამტკიცა სანქციები, რომელთაც თურქეთს უწესებენ 24 ნოემბერს რუსეთის ავიაგამანადგურებლის ჩამოგდებისათვის. მედვედევის დადგენილებით, 1 იანვრიდან ამოქმედდება სანქციები, რომლებიც ითვალისწინებს თურქეთიდან რუსეთში სოფლის მეურნეობის მთელი რიგი პროდუქტების იმპორტის აკრძალვას.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის დადგენილება 1 დეკემბერს გამოქვეყნდა მთავრობის ვებსაიტზე და, თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებზე ზოგად ინფორმაციასთან ერთად, შეიცავს იმ პროდუქტების სიას, რომლის რუსეთში იმპორტიც 1 იანვრიდან იკრძალება. სანქციები ეხება, მაგალითად, შინაურ ფრინველს, კიტრს, პომიდორს, ხახვს, ყვავილოვან კომბოსტოს, ვაშლს, მსხალს, ყურძენს, ატამს, ქლიავს, მანდარინს, ფორთოხალს...

დადგენილებაში წერია ასევე, რომ იკრძალება ჩარტერული რეისები თურქეთთან, გარდა რეისებისა დასასვენებლად მყოფი რუსების სამშობლოში დასაბრუნებლად.

იმედი გვაქვს, რომ არასოდეს გამეორდება ასეთი ინციდენტი. იმედი გვაქვს, რომ არ გადაიდგმება პროვოკაციული ნაბიჯები, რომლებიც ასეთ ინციდენტებს გამოიწვევს. მაგრამ ეჭვი არ უნდა იყოს, რომ თურქეთი დაიცავს თავის საზღვრებსა და თავის ეროვნულ ინტერესებს...

მედვედევის დადგენილებაში არაფერია ნათქვამი დაგეგმილ გაზსადენ „თურქეთის ნაკადთან“ ან თურქეთში აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით შესაძლო ცვლილებებზე. თუმცა საინფორმაციო სააგენტო „რეიტერმა“ მოიპოვა ცნობა, რომლის თანახმადაც, რუსეთის კომპანია „გაზპრომში“ მოელიან პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისაგან მითითებას, რომელიც, სავარაუდოდ, შეეხება „თურქეთის ნაკადის“ პროექტის დროებით შეჩერებას. თურქეთი ენერგომომარაგებით დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული.

ანკარასთან მოსკოვის ურთიერთობა მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც თურქეთის F-16 ტიპის თვითმფრინავმა 24 ნოემბერს სირიის საზღვართან ჩამოაგდო რუსეთის ავიაგამანადგურებელი. ინციდენტის შედეგად, რუსი პილოტი დაიღუპა. თურქეთი და მისი დასავლელი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ავიაგამანადგურებელი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და 10-ჯერ იქნა გაფრთხილებული, ვიდრე ჩამოაგდებდნენ. რუსეთი კი ირწმუნება, რომ თვითმფრინავს არ დაუტოვებია სირიის საჰაერო სივრცე.

რუსეთის მკვეთრი რეაქციის ფონზე, თურქეთი გამოდის მოლაპარაკებისაკენ მოწოდებით, უთანხმოების მოსაგვარებლად.

აჰმეტ დავუთოღლუ

აჰმეტ დავუთოღლუ

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს: მოდით, გავხსნათ სამხედრო კომუნიკაციის არხები მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად! გავხსნათ დიპლომატიური არხები ჩვენი ურთიერთობის გამოსასწორებლად! მოდით, დავსხდეთ და ვისაუბროთ უფრო დიდი კრიზისების თავიდან ასაცილებლად!“ - განაცხადა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ 1 დეკემბერს ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩვენ მჭიდრო კონტაქტი გვაქვს ჩვენს მოკავშირეებთან. როგორც სირიაში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ მებრძოლი კოალიციის წევრი, თურქეთი გააგრძელებს თავის ძალისხმევას, განდევნოს „ისლამური სახელმწიფო“ ჩვენი საზღვრებიდან. იმედი გვაქვს, რომ არასოდეს გამეორდება ასეთი ინციდენტი. იმედი გვაქვს, რომ არ გადაიდგმება პროვოკაციული ნაბიჯები, რომლებიც ასეთ ინციდენტებს გამოიწვევს. მაგრამ ეჭვი არ უნდა იყოს, რომ თურქეთი დაიცავს თავის საზღვრებსა და თავის ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა ანკარაში აჰმეტ დავუთოღლუმ.

სანქციებს შორის, რომლებიც თურქეთს დაუწესეს, არის ამ ქვეყნის მოქალაქეებისათვის რუსეთში სამუშაო კონტრაქტების გაფორმების აკრძალვაც. ამას გარდა, რუსეთის ტუროპერატორებს ეკრძალებათ თურქეთის საგზურების მიყიდვა რუსეთის მოქალაქეებისათვის და 1 იანვრიდან უქმდება უვიზო რეჟიმი თურქეთის მოქალაქეებისთვის.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG