Accessibility links

logo-print

დასავლეთის შფოთვას რუსეთი ალოგიკურად მიიჩნევს


იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგი

აშშ და ნატო შეშფოთებული არიან სირიაში ბაშარ ალ ასადის მხარდასაჭერად რუსეთის სამხედრო ინსტრუქტორებისა და ტექნიკის რაოდენობის გაზრდის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციით. რუსეთი კი აცხადებს, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება - რუსულ თვითმფრინავებს სირიაში მიმდინარე კონტრაქტებით გათვალისწინებული სამხედრო აღჭურვილობა და ჰუმანიტარული ტვირთები ჩააქვთ.

9 სექტემბერს პრაღაში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მონაწილეობა არ შეუწყობს ხელს სირიაში კონფლიქტის მოგვარებას. ერთი დღით ადრე კი სირიის კონფლიქტის თაობაზე ტელეფონით ისაუბრეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. საუბარში სახელმწიფო მდივანს რუსი კოლეგისათვის ურჩევია, გაითვალისწინოს მათი ეს შეშფოთება.

თუ ცნობები რუსეთის მიერ სირიის ხელისუფლებისათვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ძალადობას სირიაში...

რუსეთი აცხადებს, რომ სირიას ის სამხედრო დანიშნულების საგნებსა და ჰუმანიტარულ ტვირთს აწვდის „არსებული კონტრაქტის“ ფარგლებში, რაც ლავროვის აზრით, სწორედ საერთო მიზანს - ტერორისტების განადგურებას - ემსახურება.

„რუსი სამხედრო მოსამსახურეები სირიაში არიან. ისინი დიდი ხანია იქ იმყოფებიან. მათი ყოფნა იქ უკავშირდება შეიარაღების მიწოდებას სირიის არმიისათვის, რომელსაც აწევს „ისლამური სახელმწიფოსა“ და სხვა ექსტრემისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითადი ტვირთი. რუსი სამხედროები იქ იმყოფებიან იმისათვის, რომ დაეხმარონ სირიელებს ამ ტექნიკის ათვისებაში და მოამზადონ ის ანტიტერორისტულ ბრძოლაში გამოსაყენებლად“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კრემლის განცხადებები არადამაჯერებელია ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისათვის, რომლებიც ვითარების დესტაბილიზაციის მცდელობად აფასებენ ბაშარ ალ ასადის რეჟიმისათვის იარაღის მიწოდებას.

„თუ ცნობები რუსეთის მიერ სირიის ხელისუფლებისათვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ სიმართლეს შეესაბამება, მაშინ ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ძალადობას სირიაში“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. ასეთ არგუმენტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა უცნაური უწოდა:

სერგეი ლავროვი

სერგეი ლავროვი

„მან [ჯონ კერიმ] გამოხატა შეშფოთება იმ ჭორების გამო, რითაც ახლა სავსეა დასავლეთის მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. მანაც გაიმეორა ის ძალიან უცნაური აზრი, რომ ბაშარ ალ ასადის დახმარება ანტიტერორისტულ ბრძოლაში მხოლოდ აძლიერებს „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს, რადგან ამის პასუხად „ისლამური სახელმწიფოს“ სპონსორები კიდევ უფრო მეტ ფულს, იარაღსა და სხვა საჭირო საშულებას დააყრიან ამ ტერორისტულ ორგანიზაციას მისი ავბედითი მიზნების განსახორციელებლად. ეს აბსოლუტურად თავდაყირა აყენებს ლოგიკას და წარმოადგენს იმათი მხარდაჭერის მცდელობას, ვინც ტერორისტებს არასასურველი რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად იყენებს“.

ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებმაც სირიის მნიშვნელოვანი ნაწილი იგდეს ხელთ, საერთაშორისო ძალისხმევის კონსოლიდირებას აუცილებლად მიიჩნევს სერგეი ლავროვიც, თუმცა რუსეთი ეწინააღმდეგება დასავლეთის ქვეყნებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის პოლიტიკიდან წასვლას მიიჩნევენ სირიის კონფლიქტის დასრულების წინაპირობად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG