Accessibility links

logo-print

რუსეთი უკრაინას სარაკეტო დარტყმით ემუქრება


უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე

უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „მსხვილმასშტაბიან პროვოკაციად“ მიიჩნევს უკრაინის გეგმას ყირიმის თავზე რაკეტების გამოცდის შესახებ. ვრცელდება ასევე ცნობა, რომ რუსეთი მზად არის სარაკეტო დარტყმის განსახორციელებლად, თუ უკრაინა უარს არ იტყვის 1-2 დეკემბრისათვის დაგეგმილ გამოცდაზე.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ყირიმში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს უკრაინის მიერ დეკემბრის დასაწყისისათვის დაგეგმილ სარაკეტო გამოცდასთან დაკავშირებით, ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა მარია ზახაროვამ მოსკოვში გამოთქვა შეფასება უკრაინის გეგმასთან დაკავშირებით, გამოსცადოს “ჰაერი-ჰაერი” ტიპის საბრძოლო რაკეტები საჰაერო სივრცეში შავი ზღვის აკვატორიის თავზე, ყირიმის ნახევარკუნძულის სანაპიროს დასავლეთით.

„ეს არის უკრაინის ხელისუფალთა მორიგი მსხვილმასშტაბიანი პროვოკაცია, რომელიც მიმართულია უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის ესკალაციისაკენ. ამ თემას კიევი გამუდმებით ამწვავებს“, - განაცხადა 30 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა. რამდენიმე დღით ადრე კი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშეს გადასცა საპროტესტო ნოტა კიევის გეგმასთან დაკავშირებით, შეიზღუდოს შავის ზღვის აკვატორიის თავზე საჰაერო სივრცით სარგებლობა 1-2 დეკემბერს რაკეტების გამოცდის გამო.

უკრაინის მედია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წყაროებიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით, იუწყება, რომ 26 ნოემბრით დათარიღებულ ნოტაში საუბარია იმაზე, რომ, თუ უკრაინა დაგეგმილ სროლას განახორციელებს, მაშინ რუსეთის მხარე, ჯერ ერთი, ჩამოაგდებს უკრაინის რაკეტებს და, მეორეც, დარტყმას მიაყენებს უკრაინის სარაკეტო დანადგარს.

„ისტერიკა და პროვოკაცია“ - ასეთი შეფასება მისცა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსანდრ ტურჩინოვმა მოსკოვის მუქარას და მოუწოდა მეზობელ სახელმწიფოს, ხელი არ შეუშალოს სწავლების ჩატარებას. ტურჩინოვმა როგორც აღნიშნა, ყველა საერთაშორისო შეთანხმების შესაბამისად, შავ ზღვაში რუსეთის საჰაერო სივრცე მთავრდება ყირიმისა და ტამანის ნახევარკუნძულების გამყოფი ქერჩის სრუტის შუაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი მაინც პროვოკაციაზე ლაპარაკობს და კონკრეტული აზრიც აქვს იმის შესახებ, თუ რისთვის სჭირდება უკრაინას რუსეთის „პროვოცირება“: „არ გამოვრიცხავ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, კიევში იყოს სურვილი მთელი ძალით შეეცადონ შეერთებული შტატების მთავარ მფარველად შენარჩუნებას. ამისათვის არის საჭირო პროვოკაციები! სამწუხაროდ, ეს არის კლასიკური ხერხი იმ ქვეყნებისა და იმ პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც პირად ინტერესებსა და ამბიციებს უფრო მაღლა აყენებენ, ვიდრე თავიანთი ქვეყნის ხალხის ინტერესებსა და სიცოცხლეს“.

რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის უკანონო ანექსია. 29 ნოემბერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა მონაცემები, რომელთა თანახმად, ყირიმში იმყოფება რუსეთის 23 000 სამხედრო მოსამსახურე და მათგან 9 000-მდე ჯარისკაცია განთავსებული ყირიმისა და უკრაინის დანარჩენი ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. ამ კონტინგენტის გარდა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ უკრაინაში იმყოფება რუსეთის 5 000-დან 7 500-მდე სამხედრო მოსამსახურე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG