Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის არასამთავრობო ორგანიზაციებს მკაცრად უთვალთვალებენ


საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე
საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმების წინააღმდეგ გამართული აქციის მონაწილე
რუსეთში სახელმწიფო მაკონტროლებლები საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების შემოწმებას განაგრძობენ. ცოტა ხნის წინ რუსმა პროკურორებმა სისხლის სამართალში მისცეს არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოების ვერდიქტი“, რომელიც სამართლებრივ დახმარებას უწევს პოლიციის ძალმომრეობით დაზარალებულ მოქალაქეებს. არასამთავრობო ორგანიზიციის საქმიანობის გამოძიება იმის გამო დაიწყო, რომ მან ვერ შეძლო „უცხოეთის აგენტად“ დარეგისტრირება, რაც, ახალი კანონით, სავალდებულოა ყველა იმ არაკომერციული ორგანიზაციისათვის, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება.

უცხოური დაფინანსებით რუსეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ათასობით ადამიანს უწევენ სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარებას, შიშობენ, რომ მათ ან ძალიან დიდი ჯარიმების გადახდა, ან დახურვა ემუქრებათ. მათ შორის არის „საზოგადოების ვერდიქტი“, რომლის მთელი ფინანსური და სხვა სახის დოკუმენტები წინასწარ შეუტყობინებლად ამოიღეს და შესასწავლად წაიღეს პროკურატურის, ფინანსური პოლიციისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა. თუკი დოკუმენტები რუსეთის ახალი კანონმდებლობის შესაბამისი არ აღმოჩნდა, ორგანიზაციას 16 ათასი დოლარი ჯარიმის გადახდა მოუწევს. არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის, სამართალდამცველთა ძალმომრეობისა და კორუფციის გამო, შიშობენ, რომ კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, პირველ რიგში, მათი მოქმედების შეფერხებას გამოიწვევს.
სახელმწიფოს ან არ შეუძლია, ან ჯერ კიდევ არ დაუწყია იმ საკითხების გადაჭრაზე ფიქრი, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ და რომელთა მოგვარებაზეც უკვე ზრუნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თუკი ჩვენ დაგვხურავენ, აღარ დარჩება არავინ, ვინც გააკეთებს იმას, რასაც ჩვენი იურისტები აკეთებენ...
ალექსანდრ ნიკიტინი

ასე ფიქრობენ არა მხოლოდ პოლიტიკის საკითხებით, არამედ გარემოსდაცვითი საქმიანობით დაკავებული არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის - სანკტ-პეტერბურგში მოქმედი გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „ბელონა,“ რომელიც ნორვეგიაში მოქმედი ორგანიზაციის შვილობილი კომპანიაა. ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრ ნიკიტინი ამბობს, რომ მათი ორგანიზაციის დახურვით ბევრ ადამიანს შეექმნება პრობლემები:

„სახელმწიფოს ან არ შეუძლია, ან ჯერ კიდევ არ დაუწყია იმ საკითხების გადაჭრაზე ფიქრი, რომლებიც ადამიანებს აწუხებთ და რომელთა მოგვარებაზეც უკვე ზრუნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები და თუკი ჩვენ დაგვხურავენ, აღარ დარჩება არავინ, ვინც გააკეთებს იმას, რასაც ჩვენი იურისტები აკეთებენ საყოფაცხოვრებო ვითარებაში, როდესაც ადამიანების ჯანმრთელობას რაიმე ემუქრება. ჩემი დაკვირვებით, დაზარალდებიან რუსეთის მოქალაქეები ამის გამო თუ არ დაზარალდებიან, დღევანდელი ხელისუფლებისათვის ეს სულ ერთია“.

სამართლებრივი უფლებების ჯგუფის „აგორას“ თანახმად, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ბოლო რამდენიმე კვირაში 500 არასამთავრობო ორგანიზაციის შემოწმება დაიწყო. ბევრი ორგანიზაცია აცხადებს, რომ შემოწმებას ატარებენ ასევე საგადასახადო პოლიციის, საემიგრაციო, სანიტარული და სახანძრო ინსპექტორებიც კი. ზემოხსენებულ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბელონას“ გენერალურმა პროკურატურამ ოფისში ჰაერის შემოწმების შემდეგ სანიტარული ნორმების დარღვევაში დასდო ბრალი. ნიკიტინის თქმით, ორგანიზაციას, საბოლოო ჯამში, ჯარიმის სახით, 20 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს.

რუსეთში ვეტერანი უფლებადამცველის ლუდმილა ალექსეევასათვის ცხადია კრემლის სტრატეგიის არსი:
ლუდმილა ალექსეევა
ლუდმილა ალექსეევა

„მას შემდეგ, რაც დაიმორჩილა ბიზნესი, სასამართლო ხელისუფლება და საკანონმდებლო ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც არჩევნების ჩატარების ტექნოლოგია აითვისა ისე, რომ მისი შედეგები წინასწარ იყოს ცნობილი, ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის იმ ბოლო ყლორტებისთვისაც მოიცალა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს - კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოებისათვის, მით უფრო, რომ იგი ბოლო ხანს მეტისმეტად გააქტიურდა, რაც ხელისუფლებას ძალიან აწუხებს“.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ხშირად აკრიტიკებდა უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის გამო. თვის დასაწყისში პუტინმა ბრალი დასდო რუსეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ერთი მილიარდი დოლარის დაფინანსების მიღებაში, რასაც 56-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ვულგარულად გაბერილი მონაცემები უწოდა და კოლექტიურ ღია წერილში კრემლისგან განმარტებაც კი მოითხოვა. ამასთან, რუსეთში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათ ოფისებში დაწყებული რეიდებით კრემლს სურს ჩაახშოს ის საპროტესტო განწყობა, რომელიც ქვეყანაში დღითიდღე ძლიერდება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG