Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ბაზრის კარი ქართული ხილ-ბოსტნეულისთვის იღება


Georgia -- vegetable and fruit market, food.
Georgia -- vegetable and fruit market, food.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დელეგაცია მოსკოვიდან თბილისში ხვალ დაბრუნდება, თუმცა უკვე ცნობილია, რომ რუსეთის ბაზარი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტების მისაღებად ღიაა. სწორედ ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად იმყოფებოდა 6-კაციანი დელეგაცია მოსკოვში ”როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელთან შეხვედრაზე. ქართველი მეწარმეების ნაწილი 7 წლის შემდეგ რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად უკვე ემზადება, ნაწილი კი არ აპირებს ნაჩქარევი გადაწყვეტლება მიიღოს. რა სახის პროდუქტს ელიან რუსეთში და როდიდანაა მოსალოდნელი ქართული ხილისა და ბოსტნეულის გატანა?

ფერმერი გივი აბალაკი, რომელსაც ხილი და ბოსტნეული მოჰყავს გორის რაიონში, რუსეთის ბაზარზე დაბრუნებას პირველივე შესაძლებლობისთანავე აპირებს. მისი სიტყვებით, 2006 წლამდე, ანუ სანამ ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს ემბარგო რუსეთის ბაზრის კარს დაუკეტავდა, რამდენიმე ფერმერთან ერთად სპეციალური მაცივრებიც შეიძინა, რომლითაც ხილს რუსეთის ბაზარზე გზავნიდა. მას შემდეგ მაცივრები გამოუყენებელიაო, ამბობს გივი აბალაკი, რომელიც ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს პროდუქციის გატანასთან დაკავშირებით ყურადღებით ადევნებს თვალს:

”თუ გზა გაიხსნა, ავამოქმედებთ ამ მაცივრებს, ამ ბაზას. შესანიშნავი ბაზა გვაქვს საამისოდ და არა მარტო ჩვენ მიერ წარმოებულ პროდუქციას გავიტანთ რუსეთის ბაზარზე, არამედ ხელს შევუწყობთ დანარჩენ მეწარმეებსაც აწარმოონ, ჩაგვაბარონ, დავამზადოთ ეს პროდუქცია, გავაფორმოთ საიმედო კონტრაქტები რუსეთის მომხმარებლებთან და დავძრათ ეს საქმე”.

ფერმერი გივი აბალაკი ამბობს, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხსაც გააუმჯობესებს, რადგან, გასაღების ბაზრების არარსებობისა და მოსაყვან პროდუქტზე მაღალი დანახარჯების გამო, გლეხები და ფერმერები პროდუქციის ხარისხს ყურადღებას აღარ აქცევდნენ.
ეს იქნება ციტრუსები, შეიძლება საუბარი იყოს ჩაიზე... პირველ ყოვლისა, ხილი, ბოსტნეული, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, თევზი, თაფლი - ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრადიციულად გადიოდა რუსულ ბაზარზე...
გიგა ქურდოვანიძე

სწორედ პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიებისა და საზღვრის უკონტროლობის გამო აკრძალა 2006 წელს რუსეთმა ქართული პროდუქტის რუსეთში შეტანა. ახლა, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიგა ქურდოვანიძე ამბობს, სწორედ საქართველოში სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული ვითარება და ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა გააცნო საქართველოს დელეგაციამ რუსეთის მხარეს. გიგა ქურდოვანიძის სიტყვებით, რუსეთის ბაზარზე ყველა ის პირველადი და გადამუშავებული პროდუქტი მოხვდება, რომელსაც საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტო სერტიფიკატს მისცემს:

”ეს იქნება ციტრუსები, შეიძლება საუბარი იყოს ჩაიზე... პირველ ყოვლისა, ხილი, ბოსტნეული, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები, თევზი, თაფლი - ყველა ის პროდუქტი, რომელიც ტრადიციულად გადიოდა რუსეთის ბაზარზე. ყოველ შემთხვევაში, რაიმე სახის პროდუქციის შეზღუდვაზე საუბარი არ არის. ეს უკვე ბიზნესის საქმეა. რასაც ჩათვლის ბიზნესი, რომ შეუძლია სარფიანად გაყიდოს რუსეთის ბაზარზე, შეუძლია ეს პროდუქცია გაიტანოს”.
შეიძლება ნებისმიერ ბაზარზე იყოს ისეთივე რთული შესვლა, როგორც ახლა რუსეთის ბაზარზე შესვლა ჩანს. ამიტომ არ ვჩქარობთ, არ გვინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ...
ირინე გაფრინდაშვილი

რუსეთში თებერვალში გამართულ გამოფენაში მონაწილეობდა და პროდუქციის სერტიფიკატი უკვე აქვს გორის სასურსათო ქარხანა ”კულას”. როგორც კომპანიის დირექტორი ვანო გოგლიძე ამბობს, ორი კომპანიონი რუსეთში უკვე ჰყავთ, რომელთა ვარაუდითაც, ”კულას” მიერ ნაწარმოები ტყემალი, აჯიკა, მურაბები და წვენები, პრაქტიკულად, 100 პროცენტით უნდა გავიდეს რუსეთის ბაზარზე:

”ისეთ იმედს იძლევიან, შეიძლება წარმოება ვერც აუვიდესო იმის გადამუშავებას, რაც ჩვენ გვინდაო, მაგრამ არ ვიცი, ყველა ეგრე ლაპარაკოს და საქმესთან ახლოს რომ მივალთ და წაიღებენ რამდენიმე კონტეინერს, მერე ვნახავთ”.

თავად ვანო გოგლიძე ვარაუდობს, რომ ”კულას” წარმოება, რუსეთის ბაზარზე შესვლის შემთხვევაში, 30-35 %-ით გაიზრდება. პირველი წლის განმავლობაში მინიმუმ 35 კონტეინერი პროდუქციის გატანას ფიქრობს.

რუსეთის ბაზრის სტაბილურობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და ამ ეტაპზე ამ ბაზარზე შესვლა მარკეტინგულ გეგმებში არ აქვთ მონიშნული მარნეულის სასურსათო ქარხანაში. როგორც ქარხნის დირექტორი ირინე გაფრინდაშვილი ამბობს, ჯერჯერობით კომპანია მხოლოდ ქართულ ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის სრულად ჩანაცვლებითაა დაინტერესებული:

”შეიძლება ნებისმიერ ბაზარზე იყოს ისეთივე რთული შესვლა, როგორც ახლა რუსეთის ბაზარზე შესვლა ჩანს. ამიტომ არ ვჩქარობთ, არ გვინდა, რომ მოვლენებს წინ გავუსწროთ; დაგეგმილად გვინდა, რომ შევიდეთ ნებისმიერ ბაზარზე, სადაც გვინდა, რომ გავიდეს მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქცია”.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მნიშვნელობა არა აქვს დიდი საწარმო იქნება, მცირე ფერმერული მეურნეობა თუ გლეხური მეურნეობა - იმისათვის, რომ რუსეთის ბაზარზე შესვლა შეძლონ, მათი ნაწარმი უნდა იყოს რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში და აკმაყოფილებდეს საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნებს.
  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG