Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ალიოხინა: რუსეთის მთავრობა ციხეებში სადიზმის დაკანონებას ცდილობს


ციხე ომსკში
ციხე ომსკში

რუსი უფლებათა დამცველები ცდილობენ, წინ აღუდგნენ რუსეთის მთავრობის მიერ სახელმწიფო სათათბიროში გაგზავნილ საკანონმდებლო ცვლილებას, რაც ციხეში მყოფი პატიმრების მიმართ ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას ითვალისწინებს მაშინაც კი, თუ თავისუფლება აღკვეთილნი, უბრალოდ, განაწესს დაარღვევენ. უფლებათა დამცველებმა უკვე მონათლეს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება „სადისტების კანონად“, რადგან იგი ძალის გადამეტებისათვის პასუხისმგებლობისაგან სრულიად ათავისუფლებს ციხე-კოლონიის ზედამხედველებს.

„ქალთა კოლონიებში სპეც-საშუალებები ძალიან იშვიათად გამოიყენება. მაგალითად, მორდოვის ნომერ მე-2 გამოსასწორებელ კოლონიაში, რომელიც ჩვენ მოვინახულეთ, – უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში რეზინის ხელკეტი ჰკიდია. იმ შემთხვევაში, თუ ტუსაღი უარს იტყვის ტანსაცმლის შეკერვაზე, მას კაბინეტში გამოიძახებენ და ამ „არგუმენტის“ საშუალებით აუხსნიან, თუ როგორ უნდა მოიქცეს. ჩვენ ეს ვიცით თავად იმ პატიმრების საუბრიდან, რომლებიც აღნიშნულ კოლონიაში იხდიან სასჯელს. ერთ-ერთ მათგანს ნახევარი წლის წინ ვრცელი ინტერვიუ ჩამოვართვით. უარესი ვითარებაა პერმის ოლქში, კიროვის კოლონიაში, სადაც უპირატესად მამაკაცი პატიმრები, მათ შორის, სამუდამო პატიმრობამისჯილი პატიმრები იხდიან სასჯელს. იქ მყოფ პატიმრებს მომსახურებას უწევდა ჩემი ნაცნობი ადვოკატი, რომელიც ძალიან ბევრს მიყვებოდა იმ ძალმომრეობაზე, რაც ტუსაღების მიმართ გამოიყენება. ეს არის მასობრივი პრაქტიკა, რაც ახლა კანონად იქცევა“, – აცხადებს მარია ალიოხინა, რომელმაც თითქმის ერთი წელი დაჰყო ქალთა კოლონიაში მას შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ ის და „ფუსირაიოტის“ კიდევორი წევრი ხულიგნობის ბრალდებით გაასამართლა. „პუსირაიოტმა“ საერთაშორისო მასშტაბით გაითქვა სახელი, როცა 2012 წლის თებერვალში მოსკოვის საკათედრო ტაძარში, მისი თქმით, „პანკური ლოცვა“ ჩაატარა ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ. ტოლოკონიკოვა, ალიოხინა და კიდევ ერთი წევრი, ეკატერინა სამუცევიჩი, 2012 წლის აგვისტოში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს. დასავლელი უფლებადამცველი ჯგუფები და ოფიციალური პირები მათ პროცესს გმობდნენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდნენ. სამუცევიჩი 2012 წლის ოქტომბერში თავდებით გაათავისუფლეს, ტოლოკონიკოვა და ალიოხინა კი 2013 წლის დეკემბერში გამოვიდნენ ციხიდან – სოჭის ოლიმპიურ თამაშებამდე შემოღებული ამნისტიის საფუძველზე. ალიოხინა, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, უფლებადაცვით საქმიანობას ეწევა, – მიიჩნევს, რომ, თუ „სადისტების კანონს“ რუსეთის სახელმწიფო სათათბირო დააკანონებს, - პატიმარი ვერასოდეს შეძლებს გაასაჩივროს სპეც-საშუალებების გამოყენების მართლზომიერება.

„სასამართლოში ყველაფრის გასაჩივრება შეიძლება, თუ სურვილი იქნება. პრობლემა ისაა, რომ განსასჯელთა 95 პროცენტს არ აქვს ადვოკატების დასაქირავებელი ფული, არ აქვს სასამართლოში სიარულის მატერიალური შესაძლებლობა. მათ შორის, ეს შეეხება საჯარიმო იზოლატორში მოთავსების, ფიზიკური ძალის უკანონო გამოყენებას თუ შრომითი უფლებების დარღვევას. შემთხვევათა 95 პროცენტში პატიმრებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაიცვან საკუთარი თავი სასამართლოებში. ის, რომ მე მქონდა ასეთი შესაძლებლობა, ეს მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ საზოგადოებამ არ მიმატოვა. მხოლოდ – ამით“, – ამბობს მარია ალიოხინა, რომელიც აშშ-ში იმყოფება იმ მიზნით, რომ იქ მყოფ ადამიანის უფლებათა დამცველებსა და აქტივისტებს გაუზიაროს ინფორმაცია რუსეთში შექმნილ ვითარებაზე. ერთი თვის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც პროკურატურას უფლებას აძლევს, აკრძალოს ნებისმიერი უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორც არაკეთილსაიმედო. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება კრემლის იმ კამპანიის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს იმ დისიდენტების სულისკვეთების ჩახშობას, რომლებიც პუტინის პრეზიდენტობის მესამე ვადის პერიოდში განსაკუთრებით გააქტიურდნენ. მათ შორის არის მარია ალიოხინაც, რომელიც აცხადებს, რომ მსგავსი სირთულეები მხოლოდ აძლიერებს და მომავალშიც გააძლიერებს რუს უფლებათა დამცველებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG