Accessibility links

logo-print

რუსეთის ეკონომიკური მოგუდვის პოლიტიკა უკრაინის სამთავრობო კრიზისის ფონზე


არსენი იაცენიუკი

არსენი იაცენიუკი

24 ივლისის საპარლამენტო სესიაზე, როდესაც საკუთარი გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, არსენი იაცენიუკმა თავისი ნაბიჯი კოალიციის დაშლით და ზოგიერთი ფრაქციის მხრიდან სამთავრობო ინიციატივების დაბლოკვით ახსნა. ეს ინიციატივები კი შეეხებოდა არაპოპულარულ - ენერგეტიკისა და სამხედრო დანახარჯების ზრდის შესახებ წარმოდგენილ -კანონპროექტებს, რისთვისაც ხმის მიცემა არჩევნების წინ ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას დაუკარგავდა მომხრეებს ქვეყანაში, სადაც სეპარატისტებთან ომის, რუსეთის მიერ ეკონომიკური და ენერგეტიკული მოგუდვის პოლიტიკის გამო ცხოვრების დონე მკვეთრად უარესდება. ამიტომ პარტიებმა „უდარმა“ და „თავისუფლებამ“ საპარლამეტო კოალიციიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს. ამას პასუხად მოჰყვა არსენი იაცენიუკის გადადგომა, რადგან სხვა შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდებოდა ახალი კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკება დაეწყო „რეგიონების პარტიასა“ და „კომუნისტებთან“, რაც იაცენიუკისათვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა.

„ვინაიდან არ არსებობს ახალი კოალიცია, ხოლო საპარლამენტო-საპრეზიდენტო რესპუბლიკის წინა კოალიცია დაიშალა, მთავრობა და პრემიერ-მინისტრები ვალდებულნი არიან გადადგნენ. მე ვაცხადებ გადადგომას, კოალიციის დაშლისა და სამთავრობო ინიციატივების ბლოკირების გამო“.

უკრაინის ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ქვეყნის ვიცე-პრემიერი ვოლოდიმირ ჰროისმანი დაასახელა. 25 ივლისს გამოქვეყნებულ ოფიციალურ ცნობაში ნათქვამია, რომ ასეთი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის მიერ თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იქნა მიღებული. თუმცა უკრაინის პარლამენტში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს ჯერ არ მიუღია არსენი იაცენიუკის გადადგომის წერილობით განცხადება და, ამდენად, კენჭი არ უყრია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომისათვის. უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვოლოდიმირ ჰროისმანი 36 წლისაა. იგი თებერვლიდან ქვეყნის რეგიონალური განვითარების მინისტრად მუშაობდა.

უკრაინაში გრძელდება სამთავრობო კრიზისი. რუსეთმა აკრძალა უკრაინიდან ყველა სახის რძის პროდუქტის იმპორტი, რომელიც შემოწმების დროს დაბალი ხარისხის აღმოჩნდა. უკრაინულ პროდუქციაზე აკრძალვა ძალაში 28 ივლისს შევა.

დღესვე ცნობილი გახდა დაზუსტებული მონაცემები იმ დანაკარგისა, რაც უკრაინის არმიამ განიცადა. უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ქვეყნის აღმოსავლეთში პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან საბრძოლო შეტაკებებში 325 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის უშიშროების საბჭოს წარმომადგენლის ანდრეი ლისენკოს თქმით, ბრძოლებში, რომლებიც 15 აპრილიდან დაიწყო, დაიჭრა და დაშავდა 1332 ჯარისკაცი და ოფიცერი. ბოლო დღე-ღამეში კი უკრაინის არმიამ 13 ჯარისკაცი დაკარგა.

XS
SM
MD
LG