Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მოამზადეს კანონპროექტი „აგრესორი ქვეყნების“ შესახებ


რუსეთის დუმა
რუსეთის დუმა

გავრცელებული ცნობებით, რუსეთის პარლამენტარებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დამწესებელ სახელმწიფოებს „აგრესორ ქვეყნებად“ აცხადებს.

კრემლის პოლიტიკის ერთგული ყოველდღიური გამოცემა „იზვესტია“ იუწყება, რომ საკანონმდებლო ინიციატივა გზას გაუხსნის პოტენციურ შეზღუდვებს რუსეთში მოქმედი კონკრეტული კომპანიებისთვის.

კანონპროექტის შემუშავების ფონია კრემლის სურვილი საპასუხო დარტყმა განახორციელოს ევროკავშირსა და აშშ-ზე, რომლებიც ამ დღეებში მსჯელობენ მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, მოსკოვის მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების სავარაუდო მხარდაჭერის გამო.

„იზვესტიაში“ მოტანილია მმართველი „ერთიანი რუსეთის“ წარმომადგენელი დეპუტატის, ევგენი ფიოდოროვის, სიტყვები, რომ კანონპროექტში გათვალისწინებული მასშტაბური ზომები რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას მისცემს შეზღუდოს ის სააუდიტო და საკონსულტაციო კომპანიები, რომლებიც „აგრესორ ქვეყნებად“ მიჩნეულ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებულნი. ფიოდოროვის თქმით, კანონპროექტს მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს 30 ივლისს წარუდგენენ განსახილველად.

კანონპროექტში „აგრესორი ქვეყანა“ განმარტებულია როგორც სახელმწიფო, რომელმაც „დააწესა სანქციები რუსეთის ფედერაციის, რუსეთის მოქალაქეების ან რუსეთის კომპანიების წინააღმდეგ“.

ამგვარი კანონის მიღება მნიშვნელოვნად გაამწვავებს სანქციებზე მოსკოვის მხრიდან გაცემულ პასუხს. თუმცა ანალიტიკოსები სკეპტიკურად ეკიდებიან კრემლის მიერ ამ ინიციატივის განხორციელების პერსპექტივას. მათი თქმით, ეს რუსეთს მიაყენებს ზიანს და რუსეთის კომპანიების იზოლაციას გამოიწვევს.

„სტანდარტ ბანკში“ მომუშავე განვითარებადი ბაზრების მთავარი ეკონომისტი ტიმ ეში ამ ინიციატივას „დიდ საფრთხეს“ უწოდებს, თუმცა დასძენს, „ვეჭვობ, რომ რუსეთს მართლა უნდოდეს ამ გზით სვლაო“.

როგორც ეშმა რადიო თავისუფლებას უთხრა, საერთაშორისო სააუდიტო კომპანიების რუსეთის ბაზრებზე შევიწროება უკუშედეგს გამოიღებს და რუსეთს მიაყენებს კიდევ უფრო მეტ ზიანს.

პარალელურად, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გვატყობინებს, რომ ევროკავშირი შეთანხმდა დამატებითი სანქციების დაწესებაზე რვა პირისთვის, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, ოთხი ახლო მოკავშირისა და ოთხი უწყებისთვის.

კონკრეტული სახელები, სავარაუდოდ, 30 ივლისს გახდება ცნობილი, როცა მათ ევროკავშირი ოფიციალურად გამოაქვეყნებს.

ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩები ბრიუსელში მართავენ შეხვედრას, რომელზეც, გავრცელებული ცნობებით, ასევე უნდა განიხილონ სანქციების დაწესება რუსეთის საფინანსო, ენერგეტიკისა და თავდაცვის სფეროებისთვის. გავრცელებული ვარაუდით, ახალი ზომები მოიცავს რუსეთის ბანკებისთვის ევროპის ბაზრებზე შეღწევაში შეზღუდვებს, ენერგეტიკის სექტორთან მუშაობის მოცულობის შემცირებას და იარაღზე ემბარგოს. ამ დრომდე ევროკავშირს, უკრაინის კრიზისის გამო, სანქციები დაწესებული ჰქონდა რუსეთისა და უკრაინის 87 ინდივიდისა და 20 უწყებისთვის.

XS
SM
MD
LG