Accessibility links

logo-print

„საქართველო მზადაა ნატოში შესვლისთვის“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომელშიც საუბარია მიუნხენის 51-ე კონფერენციაზე ჩასული საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების ორმხრივ შეხვედრებზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს წარმომადგენლებთან. გაზეთის ვარაუდით, ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აძლიერებს თავის პოზიციებს საქართველოში, რაც სრულად ჯდება 2015 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომლის მიხედვითაც, ვაშინგტონი აბსოლუტურ მხარდაჭერას უცხადებს ნატოს თანამშრომლობას უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან.

სტატიის მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენში შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების ახალი ცენტრის პრეზიდენტს, რიჩარდ ფონტენს, და აღმასრულებელ დირექტორს, მიშელ ფლურნიოს, ყოფილ სახელმწიფო მდივანს, NDI-ს აღმასრულებელ დირექტორს მადლენ ოლბრაიტსა და ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტს დეიმონ უილსონს. ამ შეხვედრებზე, როგორც „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს, საქართველოს მხარემ მიიღო როგორც მრავალი კომპლიმენტი კურსის უცვლელობის გამო, ასევე სრული მხარდაჭერა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ნატოსა და ამერიკის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოხატეს საქართველოს მთავრობის გადაწვეტილებით, გაიხსნას საქართველოში ნატოს რეგიონალური მასშტაბის სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი.

სტატიის ავტორის თქმით, მიუნხენში გამართული შეხვედრები ლოგიკური გაგრძელებაა იმ მოლაპარაკებისა, რომელიც ერთი კვირის წინ გაიმართა ნატოს შტაბბინაში საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ალიანსის გენერალურ მდივანს შორის. „ნეზავისიმაია გაზეტას“ სტატიაში მოტანილი აქვს ციტატა იენს სტოლტენბერგის კომენტარიდან:

„საქართველო ალიანსის ახლო და ძლიერი პარტნიორია, რომელსაც დიდი წვლილი შეაქვს საერთო უსაფრთხოების სისტემაში. ალიანსიც, თავის მხრივ, საქართველოს ეხმარება თავდაცვის იმგვარი თანამედროვე სისტემის შექმნაში, რომელიც ნატოში გაწევრიანებას დააჩქარებს“.

სტატიაში ყურადღება განსაკუთრებით გამახვილებულია საქართველოში ნატოს სასწავლო ცენტრის შექმნაზე, რომლითაც, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, ასევე დიდადაა დაინტერესებული თურქეთი, რამაც, „ნეზავისიმაია გაზეტას“ ვარაუდით, შეიძლება ამ უკანასკნელს ურთიერთობა გაუფუჭოს მოსკოვთან.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი რუსეთის ფინანსურ კრიზისზე წერს. კერძოდ, ლაპარაკია ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვის სურვილზე, ბიუჯეტის 10-პროცენტიანი სეკვესტრის ფარგლებში, ხარჯვით ნაწილს ჩამოაჭრას დამატებით 600 მილიარდი რუბლი. გარდა ამისა, რუსეთის ფინანსთა მინისტრმა მიმართა მთავრობას, უარი თქვას საბიუჯეტო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ინდექსაციაზე.

სტატიაში მოტანილია რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, რეალურ შემოსავლებსა და ბიუჯეტის კანონით გათვალისწინებულ საშემოსავლო ნაწილს შორის სხვაობა 2 ტრილიონი რუბლია, ფინანსთა სამინისტროს გათვლებით კი წლის განმავლობაში შემოსავლები კიდევ უფრო მეტად, დაახლოებით 17 პროცენტით, შემცირდება, რაც, ჯამში, 15, 1 ტრილიონ რუბლს შეადგენს.

„ვედომოსტი“ ასევე წერს იმაზე, რომ ინფლაციის გამო, 1 თებერვლისათვის გათვალისწინებულმა პენსიების ინდექსაციამ მოითხოვა დამატებით 190 მილიარდი რუბლის ხარჯი.

„უმაღლესი ზომა აღიკვეთა“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელიც შეეხება რუსეთის სათათბიროს დეპუტატების მიერ გამოთქმულ მოსაზრებას რუსეთში სიკვდილით დასჯის აღდგენის მიზანშეწონილობის შესახებ. სტატიის თანახმად, საკითხი სიკვდილით დასჯის თაობაზე წამოსწიეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა დეპუტატებმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისათვის ხმის უფლების ჩამორთმევის პასუხად. საქმე ისაა, რომ ევროსაბჭოში შესვლის პირობად რუსეთმა ხელი მოაწერა ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 პროტოკოლი აიძულებს ხელმომწერ ქვეყანას გააუქმოს სიკვდილით დასჯა ან გამოაცხადოს მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე. „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსი პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი მხარს არ უჭერს აღნიშნულ ინიციატივას. რუსეთის სათათბიროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პაველ კრაშენიკოვმა განაცხადა, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების გამო, სიკვდილით დასჯის შემოღება, პირველ რიგში, რუსეთის მოქალაქეებს არ აძლევს ხელს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG