Accessibility links

logo-print

რუსეთის ბეჭდური მედია ბევრს წერს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას მომხდარ არეულობებში რუსი გულშემატკივრების მონაწილეობის შესახებ. „ჯერ ჩაარტყეს, მერე დაარტყეს“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის მიხედვითაც, ევროპის ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა გააფრთხილა ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია და რუსეთის ფეხბურთის კავშირი, რომ მარსელში მომხდარი შეტაკებების მსგავსი არეულობის გამეორების შემთხვევაში გუნდები ჩემპიონატიდან მოიხსნებიან.

რუსეთისა და ინგლისის ნაკრებები შემდეგ მატჩებს ერთი დღის განსხვავებით და მეზობელ ქალაქებში - ლანსსა და ლილში - გამართავენ. რუსული გამოცემის ვარაუდით, მაღალია ახალი შეტაკების ალბათობა.

საფრანგეთის პოლიცია ცდას არ აკლებს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს, რის დასტურადაც გამოდგება რეიდი იმ სასტუმროში, სადაც რუსეთის გულშემატკივართა კავშირის წევრები ცხოვრობენ. თუმცა სტატიაში გამოთქმულია ეჭვი ამგვარი რეიდის ეფექტიანობის თაობაზე, რადგანაც, „კომერსანტის“ ცნობით, რუსმა პროფესიონალმა ხულიგნებმა უკვე დატოვეს საფრანგეთი და, თუ საფრანგეთის პოლიცია არ გამოფხიზლდება, მათ არაფერი შეუშლით ხელს კვლავ დაბრუნდნენ უკან. სტატია მთავრდება, მარსელის პროკურორის ბრის რობენის კომენტარით, რომლის მიხედვითაც, ვერ მოხერხდა ვერც ერთი რუსი ხულიგნის დაკავება.

გაზეთმა „იზვესტიამ“ კი გამოაქვეყნა ცნობა იმის შესახებ, რომ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება არ აპირებს მიბაძოს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას და გამართოს რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების თაობაზე. გამოცემა ციტირებს აფხაზეთის პრემიერ-მინისტრს არტურ მიქვაბიას, რომელსაც უთქვამს, რესპუბლიკამ დაიმსახურა დამოუკიდებლობაო:

„ცხინვალის მოტივი გასაგებია: ოსები გაყოფილი ხალხია - მისი ნაწილი ცხოვრობს რუსეთში, ნაწილი სამხრეთ ოსეთში, ამიტომ არსებობს შეერთების სურვილი. ჩვენ კი განსხვავებული ვითარება გვაქვს. ჩვენი სურვილია ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დიდი რუსეთის საიმედო და ერთგული მოკავშირე. ჩვენ დავიმსახურეთ დამოუკიდებლობა, გავიღეთ მისთვის ათასობით საუკეთესო შვილის სიცოცხლე“.

რუსეთის ფედერაციის კანონი არასასურველი ორგანიზაციების შესახებ წინააღმდეგობაშია როგორც გამოხატვის, შეკრებებისა და ასოციაციების თავისუფლებასთან, ასევე არღვევს ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლებას - ასეთია ვენეციის კომისიის დასკვნა, რომლის შესახებაც საუბარია გაზეთ „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, თუმცა, კომისიის კრიტიკული შენიშვნების მიუხედავად, კანონპროექტი, სავარაუდოდ, არ შეიცვლება. ამის შესახებ გამოცემას უთხრა კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, დეპუტატმა ალექსანდრ ტარნავსკიმ, რომლის თქმითაც, დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობის გათვალისწინებით, ევროპული სტრუქტურების ამგვარი რეკომენდაციები რუსეთში არ იწვევს მოქმედების სტიმულს, უფრო პირიქით - ევროპული ორგანიზაციების გონიერ რჩევებსაც კი რუსეთში ეჭვის თვალით უყურებენ.

გაზეთმა „იზვესტიამ“, რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის სოციალური პოლიტიკის კვლევების ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში ხანდაზმულები უფრო ხშირად ეხმარებიან თავიანთ შვილებს, ვიდრე პირიქით. თუ პენსიონერები ცალკე ცხოვრობენ, შვილებისა და შვილიშვილების გარეშე, მათი მატერიალური მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე იმ ოჯახებისა, სადაც რამდენიმე თაობა ერთად ცხოვრობს. ამასთან, ის ოჯახები, სადაც მოხუცები არიან, უკეთესად ცხოვრობენ, ვიდრე ის ოჯახები, სადაც ბებიები და პაპები არ არიან. სტატიაში იმაზეცაა საუბარი, რომ, თუ პენსიების მოცულობა შემცირდება, ეს აუცილებლად გამოიწვევს მოსახლეობის სიღარიბის გაზრდას. რუსეთის უმაღლესი ეკონომიკური სკოლის მონაცემებით, სიღატაკის ზღვარზე, ანუ საარსებო მინიმუმზე, ნაკლები შემოსავლით ცხოვრობს რუსეთის მოსახლეობის 16,7 პროცენტი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG