Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2017 წლის 25 იანვარი


რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსკოსმოსი“ გეგმავს მთვარის ათვისებას, სავალალო ეკონომიკური რეალობის მიუხედავად, - წერს გაზეთი „ნეზავისიმაია გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, ლაპარაკია მთვარის ორბიტაზე საერთაშორისო სადგურის გაყვანის შესახებ. რუსეთის სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია „ენერგიის“ სპეციალისტები უკვე მუშაობენ მთვარის ასათვისებლად საჭირო ტრანსფორმირებად მოდულებზე, სამომავლოდ კი იგეგმება სრულმასშტაბიანი საცხოვრებელი მოდულის მშენებლობა მთვარის პროგრამის ორბიტალური კოსმოსური სადგურის შემადგენლობაში. სტატიაში მოტანილია ტექნიკური მონაცემები, რომლიდანაც კარგად ჩანს, თუ რა პრიორიტეტებით ხელმძღვანელობს „როსკოსმოსი“ თავის საქმიანობაში: 12, 4 პროცენტი მოდის ეკონომიკურ საქმიანობაზე, 20, 3 პროცენტი - თავდაცვაზე, 2,2 პროცენტი - სამეცნიერო კვლევებზე, 18,6 პროცენტი - პილოტირებად პროგრამაზე, 0,7 პროცენტი - ტექნოლოგიებზე და ყველაზე მეტი - 45,8 პროცენტი - უცხოურ შეკვეთებზე.

შესაბამისად, სპეციალისტები მიზანშეწონილად მიიჩნევენ რუსეთის მთავრობის ძალისხმევა მიმართული იყოს კოსმოსური საქმიანობის ხარისხისა და შრომის ნაყოფიერების ამაღლებისკენ, რაც კატასტროფულად დაბალია, კონკურენტების მონაცემებთან შედარებით, რის გამოც აქტუალობა ეკარგება პოლიტიკოსების ლაპარაკს 2031 წელს მთვარეზე სუპერმძიმე რაკეტა-მატარებლის გაშვების შესახებ.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი იმის შესახებ წერს, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი მხარს უჭერს კოლეგა დეპუტატების ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, დეკრიმინალიზაციას უნდა დაექვემდებაროს ის კონფლიქტური ვითარებები, რომლებიც ოჯახებში წარმოიქმნება და რომელთა შედეგად სხეულისთვის მიყენებული ზიანი არ არის მძიმე.

„საუბარია ადამიანისთვის მიყენებულ მსუბუქ დაზიანებაზე. ვთქვათ, ძმამ ძმას თვალი ჩაულურჯა ან ფერდი დაულილავა ანდა ცოლ-ქმარს შორის ადგილი ჰქონდა რაღაც გაუგებრობას“, განაცხადა რუსეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოცემის თანახმად, ვიაჩესლავ ვოლოდინი კანონის მიღების აუცილებლობას ხსნის ოჯახის დაცვის მოტივით. მისი სიტყვებით, „ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ოჯახები იყოს მტკიცე, რომ არ იყოს კონფლიქტები და თუ ადგილი ექნება გაუგებრობას, იოლად გამოსწორდეს“.

11 იანვარს რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პირველი მოსმენით მოიწონა მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ოჯახში ცემა-ტყეპის დეკრიმინალიზაციის შესახებ. ინიციატივა გულისხმობს სასჯელის შემსუბუქებას სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულზე- სისხლის სამართლის შეცვლას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობით.

სტატიაში მოტანილია რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის - ვციომის -გამოკითხვის შედეგები. როგორც ირკვევა, რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა კიცხავს ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ გამოკითხულთა 59 პროცენტი მხარს უჭერს პირველ ჯერზე ცემისათვის სასჯელის შემსუბუქებას.

„სუსტი სტერლინგი მხსნელად“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „იზვესტიამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებში მკვეთრად - დაახლოებით, სამჯერ - გაიზარდა მოთხოვნა ინგლისში უძრავი ქონების შეძენასა და განათლების მიღებაზე, რასაც სპეციალისტები ბრექსიტთან დაკავშირებული რეფერენდუმის შემდეგ დაწყებული გირვანქა სტერლინგის დევალვაციით ხსნიან.

რუბლთან შედარებით, გირვანქა სტერლინგი 40 პროცენტით გაიაფდა. 2017 წლის იანვარში 1 გირვანქა სტერლინგი 71 რუბლი ღირს, მაშინ როცა 2016 წლის მარტში 118 რუბლი ღირდა.

„იზვეტია“ იმის შესახებაც წერს, რომ დიდი ბრიტანეთისადმი ინტერესმა იფეთქა არა მხოლოდ რუსეთის მდიდარ მოქალაქეებში, რომლებიც მზად არიან ლონდონში ბინების შესაძენად მილიონები გადაიხადონ, არამედ საშუალო კლასის წარმომადგენლებშიც.

გამოცემის თქმით, 20 პროცენტით გაიზარდა, ანუ კრიზისამდელ დონემდე ავიდა, ინგლისში სწავლის მსურველთა რაოდენობა, რასაც ასევე ხელი შეუწყო გირვანქა სტერლინგის დასუსტებამ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG