Accessibility links

„ქართველი პოლიტიკოსების ძალისხმევას უკრაინაში მხოლოდ კოსმეტიკური ეფექტი ექნება“ - ამ სათაურით აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას გაზეთი „კომერსანტი“, რომლის ავტორი, ვიქტორ ლოშაკი, იხსენებს ქართულ-უკრაინული მეგობრობის ე.წ. პიკს, რომელიც, ავტორის აზრით, უკრაინის ექსპრეზიდენტ ვიქტორ იუშჩენკოს მმართველობის პერიოდს დაემთხვა, თუმცა სტატიის ავტორი იქვე ამბობს, საქართველო-უკრაინის ამჟამინდელ რომანს ვერაფრით დავარქმევთ ერთი და იმავე ფილმის მეორე სერიასო:

„ამჟამად კიევი მეგობრობს არა საქართველოს ხელისუფლებასთან, არამედ საქართველოდან გაქცეულ პოლიტიკოსებთან. საყურადღებოა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დანიშვნის შემდეგ თბილისმა კონსულტაციებისთვის კიევიდან გამოიძახა თავისი ელჩი, უკრაინის ელჩი საქართველოში კი ახსნა-განმარტებისათვის დაიბარა. ურთიერთობის ტემპერატურა ნულამდე დაეცემა, თუკი დუეტი პოროშენკო-იაცენიუკი რამე თანამდებობაზე დანიშნავს საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს ზურაბ ადეიშვილს - ოდიოზურ პიროვნებასა და ძებნილს არა მარტო საქართველოს პროკურატურის, არამედ ინტერპოლის მიერაც“.

სტატიის ავტორის თქმით, საინტერესოა, ამგვარი არატრივიალური საკადრო პოლიტიკით რაზე უნდა ანიშნებდეს ქვეყანასა და მსოფლიოს პრეზიდენტი პოროშენკო: გაერთიანებისკენ უბიძგებს მოწინააღმდეგეებს? სააკაშვილის დანიშვნით, თავის დროშის ქვეშ მოუხმობს დასავლური ორიენტაციის ძალებს? უნდობლობას უცხადებს საკუთარი სახელმწიფო მოხელეების მრავალრიცხოვან კლასს?

აშკარაა, რომ პოროშენკო მეორე ფრონტს ხსნის კორუფციასთან ბრძოლის სახით. ეს ის სფეროა, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ მართლა მიაღწია წარმატებას. შემთხვევით არაა, რომ დავით საყვარელიძემ მაღალი თანამდებობა დაიკავა გენერალურ პროკურატურაში, გია გეწაძემ - იუსტიციის სამინისტროში, ხოლო ეკა ზღულაძემ - შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, როგორც „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი ამბობს, უკრაინაში წარმატების მიღწევა ბევრად უფრო რთული იქნება, რადგანაც უკრაინაში, ისევე როგორც რუსეთში, გაცილებით ფართოა ხელშეუხებელ ჩინოვნიკთა კასტა. გარდა ამისა, მკვეთრად გაიზარდა ე.წ. „კანონიერი რევოლუციონერების“ რიცხვი, რომლებიც არავის ემორჩილებიან და რომლებთან ბრძოლაც „მესამე მაიდნის“ ტოლფასი იქნება.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი აქვეყნებს რუსეთის ფედერაციის ამერიკისა და კანადის ინსტიტუტის დირექტორის სერგეი როგოვის ვრცელ სტატიას, სათაურით „ცივი ომის რეინკარნაცია“, რომელიც იწყება „ცივი ომის“ შედეგების აღწერით, რომ ის დასრულდა სოციალისტური სისტემის კრახით, საბჭოთა კავშირის დამარცხებით, მოკავშირე რესპუბლიკების დამოუკიდებლობითა და რუსეთის ტერიტორიის შემცირებით ლამის პეტრეპირველამდელი ეპოქის რუსეთის საზღვრებამდე. ამასთან, დასავლეთმა შეისრუტა საბჭოთა კავშირის ყოფილი მოკავშირეები ისე, რომ ამერიკამ უზრუნველყო ნატოს ახალი წევრების სამხედრო ინტეგრაცია, ევროკავშირმა - ეკონომიკური. სტატიის ავტორის თქმით, შემდეგ გეოპოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრმა გადაინაცვლა პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე. კერძოდ, ბუშის ადმინისტრაციამ სცადა უკრაინისა და საქართველოს ნატოში შეყვანა, რასაც რუსეთის მკაცრი რეაქცია მოჰვა, რისი დასტურიც იყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი. ამასთან, უკრაინის ბოლოდროინდელმა კრიზისმა, ფაქტობრივად, დაასამარა ვაშინგტონისა და მოსკოვის სტაბილური ურთიერთობის იმედი. სტატიაში ჩამოთვლილია ურთიერთობის გაციების რამდენიმე ეტაპი: საინფორმაციო ომის დაწყება, სტერეოტიპებების დაბრუნება, განიარაღების შესახებ მოლაპარაკებების გაყინვა, ეკონომიკური სანქციების დაწესება და ა.შ. ამ და სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით, სერგეი როგოვი ვარაუდობს, რომ 2015 წელს მოხდება რუსეთის წინააღმდეგ ცივი ომის მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია. დასავლეთი რუსეთს განიხილავს როგორც მოწინააღმდეგეს და არა როგორც პარტნიორს. დასავლეთი შეეცდება გამოთიშოს რუსეთი საერთაშორისო საქმეებში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმიდან. გარდა ამისა, გაღრმავდება რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები და ა.შ. ნიშანდობლივია ისიც, რომ 6 თებერვალს გამოქვეყნებულ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაში ვაშინგტონი რუსეთს განიხილავს ერთ-ერთ მთავარ საფრთხედ, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ერთად. დოკუმენტში რუსეთი ნახსენებია 15-ჯერ, ანუ ყველა სხვა სახელმწიფოზე მეტჯერ. ამასთან, 9-ჯერ ნახსენებია როგორც აგრესორი, ხოლო სამ შემთხვევაში ლაპარაკია რუსეთის შეკავების აუცილებლობის შესახებ. სტატიის ფინალში ავტორი ასკვნის, რომ ახალი გადატვირთვის პერსპექტივის ალბათობა, ისევე როგორც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, თითქმის ნულის ტოლია, მაგრამ, მისივე თქმით, ახალი ცივი ომიც ვერ გაგრძელდება მუდმივად. უბრალოდ, ახალი განმუხტვა მალე ვერ მოხდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG