Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 4 მარტი


3 მარტს მოსკოვში ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალეს 27 თებერვალს მოკლული ბორის ნემცოვი - ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და რუსეთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრემიერი. 4 მარტს გამოსულმა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ მკითხველს შესთავაზა რეპორტაჟი გამოთხოვების ცერემონიიდან, რომელზეც რუსეთის მთავრობა წარმოდგენილი იყო ვიცე-პრემიერ სერგეი პრიხოდკოთი, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სახელზე კი მიტანილი იქნა გვირგვინი. გამოთხოვების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ბორის ელცინის ქვრივმა ნაინა ელცინამ, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა, დიდი ბრიტანეთის ექს-პრემიერმა ჯონ მეიჯორმა, ამერიკის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში და მისმა კოლეგებმა დიდი ბრიტანეთის, ირალანდიისა და შვედეთის საელჩოებიდან. „ნეზავისიმაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა ასევე ცნობილი რუსი პოლიტიკოსებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების მოსაზრებები ბორის ნემცოვის მკვლელობის შესახებ. პარტია „იაბლოკოს“ ლიდერი გრიგორი იავლინსკი მიიჩნევს, რომ ნემცოვი მოკლეს იმის გამო, რომ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა - ლაპარაკობდა ღიად, თამამად, ცხადად. მოკლეს იმის გამო, რომ ომის წინააღმდეგი იყო. მიიჩნევდა, რომ უკრაინასთან ომი იყო დანაშაული და ამას ამბობდა ღიად და ხმამაღლა. „თუ რუსეთში მოკლავენ ყველას, ვინც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს, მაშინ რუსეთში ცხოვრება შეუძლებელი იქნება“, მიაჩნია გრიგორი იავლინსკის.

„ნეზავისიმაია გაზეტამ“ ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა ასევე მთავარი რედაქტორის, კონსტანტინ რემჩუკოვის, კომენტარი, სათაურით „კონტექსტი“:

„ბორის ნემცოვის მკვლელობის საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონტექსტი წინასწარგანსაზღვრულია შეურიგებელი ოპოზიციის მიმართ უკიდურესად სასტიკი მოპყრობის ქრონიკით: ერთი ციხეში ზის, მეორე ემიგრაციაშია, მესამე - შინაპატიმრობაში, მეოთხე კი მოკლულია... სწორედ ამიტომ ფედერალური მედიის მთელი სიმძლავრე მიმართულია იმ აზრის დამკვიდრებისკენ, რომ ეს მკვლელობა ხელს არ აძლევდა ხელისუფლებას, ნემცოვი არ წარმოადგენდა რეალურ საფრთხეს, კრემლი არაფერ შუაშია... ზუსტადაც რომ არის!“

„არსებობს სულ ცოტა სამი სცენარი რუსეთში ნარინჯისფერი რევოლუციის მოწყობისა“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ალექსეი პუშკოვთან ინტერვიუს, რომელსაც „იზვესტია“ აქვეყნებს. ინტერვიუში საუბარია ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთისა და სამხრეთ აფრიკის კავშირში - შემოკლებით, BRICS-ში - შემავალი ქვეყნების საპარლამენტო ფორუმის შესახებ, რომელსაც ივნისში მოსკოვი უმასპინძლებს. რუსი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთისათვის დაწესებული სანქციების ფონზე BRICS-ი შესაძლოა იქცეს ევროსაბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ფორუმების სერიოზულ ალტერნატივად. ალექსეი პუშკოვი დარწმუნებულია, რომ ამერიკა მყარად დაადგა „ცივი ომის“ პოლიტიკას და იმის მიუხედავად, თუ როგორ პოლიტიკას გაატარებს რუსეთი უკრაინასთან მიმართებით, ამერიკა ამ გზიდან არ გადაუხვევს:

„ვითარება მწიფდება 2001 წლიდან, როცა ჯორჯ ბუშმა გამოაცხდა ნატოს გაფართოების მეორე ტალღისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. შემდეგ ბუშის ადმინისტრაციამ სცადა უკრაინისა და საქართველოს ნატოში შეთრევა, მაგრამ მაშინ ეს არ გამოვიდა იმის გამო, რომ ევროპელებმა დაბლოკეს ეს გადაწყვეტილება. 2007 წელს ვლადიმირ პუტინი სიტყვით გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე, სადაც ხაზი გაუსვაყველა ამ უთანხმოებას. საბოლოოდ კი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს ამერიკა და რუსეთი გაყარა სირიისა და ლიბიის კრიზისებმა. ყველაფერი ეს იყო უკრაინამდე. შესაბამისად, ახლა ამერიკის კურსის შეცვლის პერსპექტივა არც კი ილანდება“.

ალექსეი პუშკოვი დარწმუნებულია, რომ არსებობს რუსეთში ნარინჯისფერი რევოლუციის მოწყობის სულ სამი სცენარი. პირველის განხორციელების მცდელობას ადგილი ჰქონდაბოლოტნაიას მოედანზე გმართული საპროტესტო აქციების დროს. პუშკოვის აზრით, მეორე სცენარად შეიძლება მივიჩნიოთ მიხაილ ხოდორკოვსკის შესაძლო ჩართვა საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო მესამე სცენარის არსი ასეთია: სანქციებით რუსეთის ეკონომიკური დესტაბილიზაცია, შედეგად საპროტესტო გამოსვლების დაწყება და ვლადიმირ პუტინის ავტორიტეტის შერყევა.

„დიახ, ასეთი სცენარები არსებობს, მაგრამ საკითხავი ისაა, რამდენად შესაძლებელია მათი განხორციელება“, ასკვნის ალექსეი პუშკოვი, რუსეთის სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „იზვესტიისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG