Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 25 მარტი


„ევროკავშირი სიტყვებს ეძებს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც საუბარია ევროკავშირის ლიდერთა ინიციატივაზე, შემუშავდეს გეგმა რუსეთის ფედერაციიდან მომდინარე დეზინფორმაციის გასანეიტრალებლად. ასეთი დავალება მიიღო რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გამართულ სამიტზე ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ისიც კი განაცხადა, რომ შეიქმნება სპეციალური ფონდი დემოკრატიის მხარდასაჭერად იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსეთის ინტერესთა სფეროში შედიან. „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს ფრაგმენტს კემერონის განცხადებიდან: „ჩვენმა დახმარებამ შესაძლოა ითამაშოს გადამწყვეტი როლი იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც საჭიროა რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად, განსაკუთრებით რუსეთიდან მომავალი საფრთხის პირობებში“.

რუსული გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მხარდაჭერა, ექსპერტული დახმარებისა და ტექნიკური ქსპერტიზის სახით, მიმართული იქნება ეკონომიკის, დემოკრატიის, კორუფციასთან ბრძოლისა და კანონის უზენაესობის სფეროებში. პროგრამის ამუშავების პირველ წელს იგეგმება 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფა. ამასთან, თანხის მეოთხედი მოხმარდება უკრაინას, დანარჩენი კი განაწილდება მოლდავეთზე, საქართველოზე, სერბეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაზე. „კომერსანტი“ მკითხველს შეახსენებს, რომ 1989 წელს დიდი ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა მსგავსი ფონდით დახმარება გაუწია პოლონეთს, უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიას. გარდა ამისა, სტატიის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში ფედერიკა მოგერინიმ უნდა წარმოადგინოს რუსეთის დეზინფორმაციის საწინააღმდეგო გეგმა, შექმნას კომუნიკაციის საკითხებში სამუშაო ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი დანიშნულება რუსეთის მედიის მონიტორინგიც იქნება.

სტატიის ბოლოს „კომერსანტი“ აქვეყნებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: „ყოველივე ეს სავსებით დროულია“, - უთქვამს ზაქარეიშვილს რუსული გამოცემისთვის. - „კარგად გვახსოვს, რა როლი ითამაშეს საბჭოთა კავშირის დაშლაში რადიო თავისუფლებამ და ამერიკის ხმამ“.

«ლათინოამერიკული ოთკუთხედი“ - ასეა დასათაურებული „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც მიმოხილულია რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის ლათინოამერიკული ტურნე. სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ, დასავლეთთან ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების ფონზე, რუსეთს სურს იქცეს ანგარიშგასაწევ მოთამაშედ ლათინურ ამერიკაში, რაც საშუალებას მისცემს მას შეამციროს საგარეოპოლიტიკური რისკები და განამტკიცოს პოზიციები მოლაპარაკებების პროცესში. ამის დასტურია ვლადიმირ პუტინის შარშანდელი უპრეცედენტო მასშტაბის ტურნე ატლანტიკის ოკეანის გაღმა.

სტატიის თანახმად, ისე მოხდა, რომ ლავროვის ვიზიტს კუბაში დაემთხვა თავისუფლების კუნძულზე ევროკავშირის დელეგაციის სტუმრობა. საქმე ისაა, რომ კუბის მთავრობის მიერ უცხოური ინვესტიციების შესახებ კანონის მიღებამ ბიძგი მისცა ევროკავშირის ძალისხმევას გააღრმავოს ურთიერთობა ოფიციალურ ჰავანასთან. ამასთან, სტატიიდან ირკვევა, რომ კუბაში გავლენის მოპოვებაზე მძაფრი კონკურენციაა და ამ კონკურენციაში ევროკავშირს რუსეთზე მეტად ჩინეთის აქტიურობა აღელვებს. უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში საქონელბრუნვის მოცულობა ჩინეთსა და ლათინურ ამერიკას შორის 12 მილიარდი დოლარიდან 275 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, 2024 წლისათვის კი ეს მაჩვენებელი უნდა გაიზარდოს 500 მილიარდამდე. შედარებისთვის: საქონელბრუნვა რუსეთსა და ლათინურ ამერიკას შორის სულ რაღაც 18 მილიარდი დოლარია. ანგარიშგასაწევია ისიც, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უახლოესი ათი წლის განმავლობაში აპირებს 260 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაბანდებას.

რუსული გაზეთების ვებსაიტებმა გამოაქვეყნეს ასევე საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ცნობა ლიტვაში დაწყებული მასშტაბური დაკავებების შესახებ. სააგენტო „რეგნუმის“ ცნობით, ვილნიუსში, კაუნასში, კლაიპედასა და შაულიაეში 19 მარტს ჩატარდა ჩხრეკა იმ ცხრა ეჭვმიტანილის ბინებსა და სამუშაო ადგილებზე, რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ ქვეყნის მთავრობას რუსეთის მიმართ წარმოებული პოლიტიკის გამო, თუმცა, ლიტვის გენერალური პროკურატურის ცნობით, დაკავებისა და ჩხრეკის მიზეზი გახდა გამოძიება, რომელიც დაიწყო ანტიკონსტიტუციური ჯგუფების შექმნის ფაქტზე. ჩხრეკა ჩატარდა გამომცემლობაში, სადაც იბეჭდებოდა შემდეგი შინაარსის პროკლამაციები: ლიტვა ამერიკის კოლონიაა, ყირიმი რუსეთია და ასე შემდეგ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG