Accessibility links

„საქართველოს პრეზიდენტი გადავიდა რუსეთის ოპოზიციაში“ - ასეთი სტატიით გამოეხმაურა გაზეთი „კომერსანტი“ საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, რომლითაც გიორგი მარგველაშვილი ქართველი დეპუტატების წინაშე 31 მარტს წარდგა. სტატიის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უწინ რუსეთთან ვითარების ნორმალიზების მომხრე იყო, პარლამენტში გამოსვლისას უთქვამს, რომ რუსეთი საქართველოს მთავარი პრობლემაა და რომ საქართველოს ხელისუფლება წინ უნდა აღუდგეს რუსეთის სურვილს, წაართვას თბილისს თავისუფალი არჩევანი: „გიორგი მარგველაშვილმა სცადა მოეგო ოპოზიციის გული, როცა ილაპარაკა მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების აუცილებლობაზე. მან ასევე მოუწოდა მთავრობას დააზუსტოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი და უზრუნველყოს კოორდინაცია ბატონ აბაშიძესა და საგარეო უწყებას შორის“.

„კომერსანტის“ მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთზე ილაპარაკა უპრეცედენტოდ ხისტად და განაცხადა, რომ რუსეთი არ ასრულებს 2008 წლის შეთანხმების პირობებს, არ აფორმებს საქართველოსთან შეთანხმებას ძალის არგამოყენების შესახებ და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის ანექსიას სოხუმსა და ცხინვალთან სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების გაფორმების სახით. მარგველაშვილი გამოვიდა ინიციატივით გაიმართოს პირდაპირი მოლაპარაკებები სეპარატისტულ რეგიონებთან რუსეთის მონაწილეობის გარეშე. რუსული გამოცემა მკითხველს ასევე სთავაზობს საქართველოს პრეზიდენტის მოხსენების იმ ნაწილს, რომელშიც ლაპარაკია ევროკავშირსა და ნატოსთან ურთიერთობის პრიორიტეტულობაზე. სტატია მთავრდება რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ლეონიდ კალაშნიკოვის კომენტარით, რომლის მიხედვითაც, მარგველაშვილის ხისტი რიტორიკა შედეგია ვაშინგტონის შეძახილებისა, რომლებიც უკავშირდება პრეზიდენტ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივ დევნასა და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას: „ამ საკითხებზე ვაშინგტონის ბოლო განცხადებებიიყო ძალიან თავხედური. თუ ასეთი თავხედობა საჯაროდ იქნა გამოვლენილი, მაშინ იოლი წარმოსადგენია, რა ხდებოდა კულისებში. შედეგად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაუძლო ზეწოლას და, როგორც იტყვიან, ყველა ძაღლი მიუშვა მოსკოვზე“. რუსი დეპუტატის ამ კომენტარს გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი მკითხველს სთავაზობს „ლევადა-ცენტრის“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, მოქმედ პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი ვლადიმირ პუტინს აქვს. შეკითხვაზე, უახლოეს კვირა დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, არჩევნებზე წამსვლელთა 82%-მა უპასუხა, რომ ვლადიმირ პუტინს. 2014 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 77 პროცენტი იყო. დიდი ჩამორჩენით მეორე ადგილზე იმყოფება კომუნისტური პარტიის ლიდერი გენადი ზიუგანოვი, რომელსაც 7 პროცენტი მისცემდა ხმას, მესამეზე კი, 4 პროცენტით, ვლადიმირ ჟირონოვსკია. გამოკითხულთა მხოლოდ 1 პროცენტია რუსეთის მთავრობის მეთაურის დმიტრი მედვედევისა და ოპოზიციონერ ალეკსეი ნავალნის ამომრჩეველი. „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგების განმარტებით, ეს მონაცემები ასახავს იმ მოქალაქეთა განწყობას, რომლებიც აუცილებლად აპირებენ არჩევნებზე წასვლას. ყველა მონაცემის დაანგარიშებით კი, პუტინს მხარს უჭერს 54 პროცენტი, მაშინ როცა ერთი წლის წინ მხარს უჭერდა 46 პროცენტი.

სტატიის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის რეიტინგი მნიშვნელოვნად გაიზარდა ყირიმის რუსეთთან შეერთების გამო. ასევე გაიზარდა მმართველი პარტია „ედინაია როსიას“ რეიტინგიც. მატებამ უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში 13 პროცენტი შეადგინა და 69-ს მიაღწია. პარტიებს შორისაც მეორე და მესამე ადგილებზე კომუნისტური და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიები არიან, შესაბამისად - 14 პროცენტით და 5 პროცენტით.

„ნეზავისიმაია გაზეტამ“ „ლევადა-ცენტრის“ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგების კომენტირება სთხოვა პოლიტიკური ექსპერტიზის ჯგუფის ხელმძღვანელს კონსტანტინ კალაჩევს, რომლის თქმითაც, სრული სურათის შესაქმნელად საჭიროა იმის ცოდნა, თუ ამომრჩეველთა რა ნაწილს სურს ვლადიმირ პუტინი სამუდამო პრეზიდენტად. რუსი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტის რეიტინგი მიებჯინა ელექტორალურ ჭერს და მისი შემდგომი ზრდა შეუძლებელია. მისი თქმით, პატრიოტიზმისა და საგარეო გამოწვევების თემები არასაკმარისი იქნება. „ამჟამად რუსეთის მოსახლეობა მობილიზაციის პიკზეა. პრეზიდენტის არჩევნებამდე დარჩენილ სამ წელიწადში კი შეიძლება მოხდეს ისეთი რამ, რაც ძირს დასცემს რეიტინგს. ეს შესაძლოა იყოს ეკონომიკური კრიზისი, რომელიც გადაიზრდება სოციალურში, ანდა რუსეთის ჰიპოთეტური ან რეალური ომი უკრაინასთან“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.

XS
SM
MD
LG