Accessibility links

logo-print

„უცხოური ინვესტიციების უარყოფითი მაჩვენებელი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომლის ქვესათაურში ვკითხულობთ: “უცხოურ კომპანიებს რუსეთიდან კაპიტალი გააქვთ”. გაზეთის რედაქცია ეყრდნობა მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში პირველად, უცხოელმა ინვესტორებმა უფრო მეტი კაპიტალი გაიტანეს, ვიდრე დააბანდეს. არადა, ჯერ კიდევ 2013 წელს რუსეთი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, ვარდნა კი დაიწყო 2014 წლის მეორე კვარტალიდან და მესამე კვარტალში მთლიანად ჩამოიშალა: უარყოფითი გახდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სალდო და მან მინუს 1, 14 მილიარდი დოლარი შეადგინა. უარყოფითი სალდო დაფიქსირდა რუსეთის რვიდან სამ ფედერალურ ოლქში. მათ შორის რეკორდულად ცუდი მაჩვენებელი - მინუს 3,22 მილიარდი დოლარი - აღმოაჩნდა სანკტ-პეტერბურგის ფედერალურ ოლქს. სტატიის მიხედვით, ფინანსური სახსრების მზარდი გადინების პარალელურად, მცირდება რუსეთის ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება: გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის (UNCTAD) მონაცემებით, 2014 წელს რუსეთის ეკონომიკაში ჩადებული უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით, 30 პროცენტით შემცირდა.

სტატიის ბოლოს საინვესტიციო ჰოლდინგ „ფინამის“ ანალიტიკოსი ანტონ სოროკო გამოთქვამს ვარაუდს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა უახლოესი რამდენი კვარტალის განმავლობაში ნეგატიური იქნება:

„ლაპარაკი ეკონომიკური ვარდნის ფსკერის გავლის შესახებ ნაადრევია. ვარდნა შეჩერდება, როცა სახეზე იქნება მთლიანი შიდა პროდუქტის თუნდაც მინიმალური ზრდა, ეს კი ვერ მოხდება 2015 წლის მეორე ნახევარზე ადრე“.

„იზვესტია“ კი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტების ზრდის შესახებ წერს. სტატიაში, რომლის სათაურია „აღმოსავლეთ ევროპის სამხედრო ხარჯები გაიზარდა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო“, ლაპარაკია იმაზე, რომ სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემებით, 2014 წელს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჯამური სამხედრო ბიუჯეტი 0,4 პროცენტით შემცირდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპაში ბიუჯეტიდან გაწეული სამხედრო ხარჯები 8,4 პროცენტით გაიზარდა და 94 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასთან, 23 პროცენტით გაიზარდა უკრაინის სამხედრო ბიუჯეტი, 13 პროცენტით -პოლონეთის და 6 პროცენტით - ლიტვის.

სტატიის მიხედვით, რუს სამხედრო ანალიტიკოსებს ყველაზე მეტად პოლონეთის მილიტარიზმი აშფოთებთ. საქმე ისაა, რომ 2015 წელს პოლონეთის სამხედრო ბიუჯეტი კიდევ 20 პროცენტით იზრდება. ამასთან, სამთავრობო გეგმის მიხედვით, რომელიც 2022 წლამდეა გაწერილი, ვარშავა აპირებს ყველა სახეობის ჯარის მოდერნიზებას: ასამდე საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენის შეძენას და ჰაერ და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებას.

50 პროცენტით - 4-დან 6 მილიარდ დოლარამდე - გაიზრდება უკრაინის სამხედრო ბიუჯეტი, ისევე როგორც ბალტიის სამივე ქვეყნისა, რომლებიც, ჯამში, მილიარდ დოლარზე მეტის დახარჯვას აპირებენ. რაც შეეხება რუსეთს, სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტიის მონაცემებით, 2014 წელს რუსეთმა 8,1 პროცენტით გაზარდა სამხედრო ხარჯები, 2015 წელს კი, დამეტებით, 15 პროცენტით აპირებს გაზრდას.

2014 წელს რუსეთი, 84 მილიარდ დოლარიანი სამხედრო ბიუჯეტით, მსოფლიოში მესამე ადგილზე იყო, მეორე პოზიციას იკავებდა ჩინეთი - 216 მილიარდით, ხოლო პირველს - ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის სამხედრო ხარჯებმა 610 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG