Accessibility links

logo-print

„ორთავიანი კონტროლი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „ვედომოსტიმ“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ უცხოელი ინვესტორები უნდა შეარჩიონ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა, თუ არადა შეუძლებელი იქნება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა. სტატიის თანახმად, ხელისუფლებას ამგვარი რეკომენდაციითა და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით რუსეთის ფედერაციის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა მიმართა. სამთავრობო კომისიასთან შესათანხმებელი იქნება ყველა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს უცხოელი ინვესტორისათვის სტრატეგიული დარგის ადგილობრივი კომპანიის 25 პროცენტზე მეტი წილის გადაცემას. სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სიახლე შეიძლება შეეხოს ყველა ხელშეკრულებას, რადგან კანონპროექტში არსადაა განმარტებული, თუ რასა აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის და, შესაბამისად, „სტრატეგიულიც“ შეიძლება იყოს ნებისმიერი დარგი. რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი სერგეი ბელიაკოვი ვარაუდობს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური, რომელმაც გაზრდის ნაცვლად საერთოდ მოსპო კონკურენცია, აღნიშნულ ნორმას ისე გამოიყენებს, როგორც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ძლიერდება ქვეყნის „ხელით მართვის“ მექანიზმი, შედეგად მკაფიო კანონების ადგილს იკავებს აბსტრაქტული ნორმები, ამგვარი ბუნდოვანება კი ყოველთვის აფრთხობს ინვესტორებს.

„ნოვაია გაზეტა“ კი იმაზე წერს, თუ როგორ აღნიშნავენ 9 მაისს ყოფილი საბჭოთა კავშირის წევრი ქვეყნები და რომელი ქვეყნის ლიდერი აპირებს მოსკოვში ჩასვლას. სტატიის მიხედვით, მოსკოვში არ ჩავლენ ბელორუსიის, საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის პრეზიდენტები, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებს კი ჯერ არ მიუღიათ გადაწყვეტილება. სტატიაში საქართველოსათვის დათმობილ აბზაცში ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება 9 მაისისათვის ომის ვეტერანებს გადასცემს საჩუქრებსა და ათას-ათას ლარს, ხოლო ღონისძიებების ძირითადი ნაწილის ორგანიზებას თავის თავზე იღებს საქართველოში რუსეთის თანამემამულეთა კავშირი „ოტჩიზნა“, რომლის პრეზიდენტის, ვალერი სვარჩუკის, თქმით, „გამარჯვების დღეს“ საქართველოს ყველა ქალაქში ორგანიზაციის წევრები გვირგვინით შეამკობენ გამარჯვების ობელისკს და უცნობი ჯარისკაცის საფლავს. „ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, საქართველოში სულ 1800-მდე ვეტერანია დარჩენილი.

„ქართული კინოსკოლის მამა“ - ასეა დასათაურებული გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული ანდრეი პლახოვის სტატია, რომელიც რეზო ჩხეიძის გარდაცვალებას ეძღვნება. რუსი კინომცოდნე და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი 89 წლის ასაკში გარდაცვლილი ქართველი რეჟისორის შემოქმედების მწვერვალად მიიჩნევს სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით 1964 წელს გადაღებულ „ჯარისკაცის მამას“, რომელშიც მთავარი როლი სერგო ზაქარიაძემ შეასრულა. სტატიის მიხედვით, რეზო ჩხეიძე მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სტუდია „ქართულ ფილმს“ და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ საქართველოში კინო იქცა ეროვნული პრესტიჟის საქმედ, ხოლო ქართულმა კინომ მსოფლიოს თვალში „ანტიკურობისა და რენესანსის კუნძულის“ რეპუტაცია შეიძინა.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG