Accessibility links

logo-print

„თბილისმა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს მზერა ესროლა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „ნეზავისიმაია გაზეტამ“ სტატია, რომელშიც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული გამოკვლევის შედეგებია გაანალიზებული. კერძოდ, ლაპარაკია იმაზე, რომ ღრმავდება საქართველოს საზოგადოების წინააღმდეგობრივი დამოკიდებულება ქვეყნის საგარეო კურსის მიმართ და რომ თვალსაჩინოა სოციალური შეკვეთა საგარეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილებაზე. ნათქვამის დასტურად, გამოცემა იშველიებს NDI-ის გამოკვლევის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების 31 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის შესვლას ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში, წინააღმდეგი კი 41 პროცენტია, მაშინ როცა ერთი წლის წინ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლას გამოკითხულთა მხოლოდ 15 პროცენტი უჭერდა მხარს. სტატიის ავტორი მიიჩნევს, რომ ევრაზიული კავშირის მომხრეთა რიცხვის გაზრდა შეუძლებელია აიხსნას მხოლოდ იმით, რომ გამოკითხულებს ერთმანეთში აერიათ ევრაზიული კავშირი და ევროკავშირი. ამ არგუმენტის გასაბათილებლად მოტანილია გამოკვლევის კიდევ ერთი შედეგი: ერთი წლის განმავლობაში ნატოში ინტეგრაციის მსურველთა მაჩვენებელი 72 პროცენტიდან შემცირდა 65 პროცენტამდე. სტატიაში გამოთქმულია აზრი, რომ ევროკავშირსა და ნატოსთან დაახლოების გაჭიანურებულმა პროცესმა საქართველოს ბევრ მოქალაქეს აუცრუა გული: თბილისი წლიდან წლამდე ასრულებს ამ ინსტიტუტების რეკომენდაციებს, სანაცვლოდ კი იღებს მხოლოდ შექებას და დაპირებას. სტატიის ფინალში ნახსენებია კიდევ ერთი ფაქტორი - რუსეთის მედიასაშუალებების პოპულარობა, რამაც შესაძლოა ასევე იქონია გავლენა საქართველოს საზოგადოების განწყობაზე. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 38 პროცენტი რეგულარულად უყურებს რუსეთის პირველ არხს, 30 პროცენტი -ტელეკომპანია „როსსიას“ და 20 პროცენტი - სხვა რუსულ არხებს, მაშინ როცა „სი-ენ-ენის“ აუდიტორია მხოლოდ 15 პროცენტით შემოიფარგლება.

გაზეთი „კომერსანტი“ კი რუსეთისა და „გაზპრომის“ ახალი მასშტაბური პროექტის შესახებ წერს. სტატიაში „’გაზპრომმა’ ნებართვის გარეშე ჩაყვინთა“ ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი იწყებს „თურქული ნაკადის“ მშენებლობას თურქეთთან ხელშეკრულების გაფორმებამდე. რუსული კომპანიის მმართველთა საბჭოს წარმომომადგენელს ოლეგ აკსიუტინს უთქვამს, რომ გაზსადენის იმ ნაწილის მშენებლობა, რომელმაც შავი ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს, 2015 წლის ივნისში დაიწყება. „კომერსანტის“ ვარაუდით, „გაზპრომი“ ცდილობს გაზი მიაწოდოს თურქეთსა და აღმოსავლეთ ევროპას მანამდე, ვიდრე ევროკავშირი შეძლებს თავისი კონტრსტრატეგიის ამოქმედებას თურქმენეთისა და ირანის გაზის მიწოდების სახით ან შეამცირებს რუსული აირის შესყიდვას მომავალი ენერგოკავშირის მექანიზმების გამოყენებით. სპეციალისტების შეფასებით, რუსეთისა და თურქეთის მთავრობებს შორის ხელშეკრულების გაფორმებას აფერხებს ორი ფაქტორი: პირველი, 7 ივნისისათვის დანიშნული საპარლამენტო არჩევნები თურქეთში და, მეორე, ბუნებრივი აირის მაღალი ფასი თურქეთისთვის.

„’როსკომნადზორმა’ ფეისბუკი, ტვიტერი და გუგლი გააფრთხილა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა „იზვესტიამ“ სტატია, რომლის მიხედვითაც რუსეთის კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების სახელმწიფო ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ალეკსანდრ ჟაროვმა წერილობით მიმართა აღნიშნული კომპანიების ხელმძღვანელებს და შეახსენა ის სანქციები, რომლებიც მათ დაუწესდებათ, თუკი არ შეწყვეტენ რუსეთის ფედერაციის კანონის დარღვევას.

წერილის თანახმად, ფეისბუკი, ტვიტერი და გუგლი არღვევენ კანონს ბლოგერების შესახებ, რადგანაც, როგორც წესი, არ აწვდიან „როსკომნადზორს“ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ნახვა აქვს დღე-ღამეში ამა თუ იმ მოთხოვნილ ვებსაიტს, ან მონაცემებს, რომლებიც შესაძლებელს გახდიდა იმ ანგარიშთა მფლობელების იდენტიფიცირებას, რომლებსაც დღე-ღამეში 3 ათას ნახვაზე მეტი აქვთ.

„როსკომნადზორი“ ასევე ითხოვს კომპანიების კუთვნილი საიტებიდან ისეთი ინფორმაციის წაშლას, რომელიც შეიცავს ძალადობისკენ, მასობრივი არეულობისა და არასანქცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისკენ მოწოდებას. „როსკომნადზორი“ შესაბამისი საინფორმაციო რესურსების ბლოკირებითა და ფულადი სანქციებით იმუქრება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG