Accessibility links

logo-print

„’როსპოტრებნადზორმა’ ეჭვი შეიტანა ქართული ღვინოების ხარისხში“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ ცნობა, რომლის მიხედვითაც 2015 წლის განმავლობაში რუსეთის ბაზარზე უხარისხობის გამო დაშვებული არ იქნა საქართველოდან იმპორტირებული ღვინის ათი პარტია. გაზეთი ციტირებს რუსეთის ფედერაციის სურსათის ხარისხის კონტროლის სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას: „მოწოდებული პროდუქციის ხარისხისა და უსაფრთხოების ანალიზმა აჩვენა, რომ სისტემატურად ირღვეოდა პროდუქციის წარმოების ტექნოლოგია და არ ხორციელდებოდა სათანადო კონტროლი პროდუქციის ხარისხზე როგორც მწარმოებლის, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან“.

რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური პროდუქციის ხარისხზე პასუხს აგებს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფედერალური სამსახური, რომლის მონაცემებითაც, 2015 წელს საქართველოდან რუსეთის ბაზარზე ალკოჰოლის ნაწარმი (6,7 მილიონი ლიტრი) შეიტანა 45-მა კომპანიამ. ხარისხის სტანდარტი ვერ დააკმაყოფილა 10-მა პარტიამ, მათ შორის, კონიაკებმა, სამარკო ნიშნით „ძველი კახეთი“ და „კოლხიდა“, ასევე კომპანია „აგორას“ მიერ წარმოებულმა „საფერავმა“.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილების შესახებ წერს. დმიტირი მედვედევმა რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრსა და მთავრობის აპარატს დაავალა მოამზადონ პრეზიდენტისადმი მიმართვა ე. წ. კონტრსანქციების სიის გასაფართოებლად.

გამოცემის მიხედვით, ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ მიიღო, რაც მონტენეგრომ, ალბანეთმა, ისლანდიამ, ლიხტენშტეინმა, ნორვეგიამ და უკრაინამ განაცხადეს, რომ უერთდებიან ევროკავშირის გადაწყვეტილებას, გაგრძელდეს რუსეთისათვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 2016 წლის 23 ივნისამდე. „ვედომოსტი“ მკითხველს შეახსენებს, რომ, 2014 წლის 7 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, აიკრძალა საქონლის, ღორისა და ფრინველის ხორცის, ხილ-ბოსტნეულის, თევზის, ყველის და რძის სხვა ნაწარმის იმპორტი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან.

სტატიის ფინალში ავტორი შენიშნავს, რომ ნორვეგიის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთში თევზის უმსხვილეს იმპორტიორად რჩებოდა ისლანდია, რომელიც ქვეყნის ევროპული ნაწილის მოთხოვნილების 65 პროცენტს აკმაყოფილებდა, დანარჩენ ნაწილს კი ფარერის კუნძულები ითვისებდა.

„სანქციების ომის“ პარალელურად, რუსეთში იმატა კონტრაბანდის შემთხვევებმა. გაზეთ „იზვესტიას“ ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურმა სურსათზე ემბარგოს დაწესების შემდეგ კონტრაბანდის ფაქტზე სისხლის სამართლის 17 და ადმინისტრაციული სამართლის 402 საქმე აღძრა. ჩამორთმეული იქნა სურსათის 1100 პარტია, საერთო წონით 26,6 ათასი ტონა. დაკავებული და ჩამორთმეული იქნა ათას ტონაზე მეტი ხორცისა და რძის ნაწარმი, რომლის ღირებულება 100 მილიონ რუბლს აღემატებოდა, დაკისრებული ჯარიმების რაოდენობამ კი 15 მილიონი რუბლი შეადგინა.

როგორც რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრმა პაველ სიჩოვმა „იზვესტიას“ უთხრა, ყველაზე ხშირად კანონის დარღვევით რუსეთის ტერიტორიაზე შეაქვთ ყველის ნაწარმი, რომელიც საფრანგეთსა და იტალიაშია დამზადებული, ასევე გერმანული წარმოების რძის პროდუქტები. თევზეული, რუსეთის ბაზარზე მოხვედრამდე, ჩააქვთ ბელორუსიაში, სადაც მას ისე შეფუთავენ, თითქოს ადგილობრივი წარმოებისა იყოს. ასევე ტრანზიტულ პუნქტებად ითვლება სერბეთი და შვეიცარია, სადაც სანქციებს დაქვემდებარებული ნაწარმი პოლონეთიდან ჩააქვთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG