Accessibility links

logo-print

თბილისში მოსული ანომალიური წვიმის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტი“, რომელიც 13 ივნისის წყალდიდობას მთელი მიმდინარე კვირის განმავლობაში აშუქებდა. გაზეთის თანახმად, თბილისში დატრიალებულ ტრაგედიას გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საგანგებო ვითარებათა მინისტრი ვლადიმირ პუჩკოვი, რომელმაც სამძიმარი გამოუცხადა ქართველ ხალხს და დახმარება შესთავაზა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. რუსეთის მთავრობას თბილისში გასაგზავნად მზადყოფნაში ჰყავს სპეციალური სამაშველო ტექნიკით აღჭურვილი ორი ილ-76-ის თვითმფრინავი და 100 უმაღლესი კვალიფიკაციის მაშველი.

„კომერსანტმა“ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა წყალდიდობის შედეგად განადგურებულ თბილისის ზოოპარკზე, სადაც ნიაღვარმა გაანადგურა ვოლიერები, გალიები და ნაგებობები, რომლებშიც 600-მდე ინდივიდი ცხოვრობდა, თუმცა წყალდიდობას მათგან მხოლოდ ნახევარი გადაურჩა. დაკარგულ ცხოველთა შორის ირიცხებოდა ექვსი ლომი, ექვსი ვეფხვი, შვიდი დათვი, პანტერა და 13 მგელი. „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს ველური ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის თანამშრომლის ვლადიმირ კრევერის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, სტრესულ სიტუაციაში შეუძლებელია მტაცებლების ქცევის განსაზღვრა. აგრესია შეიძლება გამოავლინონ იმ ცხოველებმაც კი, რომლებიც დაბადებიდან ადამიანთა შორის ცხოვრობენ.

„კომერსანტის“ ცნობით, თბილისის ზოოპარკს დახმარება შესთავაზეს მოსკოვისა და პრაღის ზოოპარკებმა. მოსკოვის ზოოპარკის წარმომადგენელმა ოლგა ვაინშტოკმა „კომერსანტს“ უთხრა, რომ მზად არიან დროებით შეიფარონ გადარჩენილი ცხოველები და სამომომავლოდ თბილისის ზოოპარკს დაეხმარონ ცხოველთა შეთხელებული კოლექციის შევსებაში: „ზოოპარკების ცხოვრებაში ეს ტიპიური სიტუაციაა. ზოოპარკების მთავარი მიზანი სახეობების შენარჩუნება, ცხოველების გაცვლა და გადაცემაა. თვის განმავლობაში არაერთი ასეთი გაცვლა კეთდება ზოოპარკებს შორის“.

გაზეთი „როს-ბიზნეს-კონსალტინგი“ კი ლევადა-ცენტრის სოციოლოგიური გამოკვლევის შესახებ წერს. ირკვევა, რომ გამოკითხულთა 64 პროცენტს სჯერა, რომ ვლადიმირ პუტინმა მოთოკა ბიუროკრატიის მადა. ერთი წლის წინ ასე ფიქრობდა მოქალაქეთა 60 პროცენტი, 2013 წელს კი - 49 პროცენტი. სტატიაში მოტანილია ლევადა-ცენტრის დირექტორის მოადგილის ალექსანდრ გრაჟდანკინის კომენტარი: „იმ საყოველთაო მოწონების ფონზე, რასაც ვლადიმირ პუტინი ყირიმში აკეთებს, მოქალაქეთა დამოკიდებულება პრეზიდენტის მოღვაწეობის ცალკეული ასპექტებისადმი გახდა ერთგვაროვანი. საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში შეაღწია „ყირიმის ეფექტმა“, რის გამოც მოქალაქეებს უჭირთ პრეზიდენტის საქმიანობის საღად შეფასება“.

50 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც სჯერათ, რომ პრეზიდენტი პუტინი კორუფციას დაამარცხებს. 2013 წელს ასე ფიქრობდა გამოკითხულთა 20 პროცენტი, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 31 პროცენტამდეა გაზრდილი. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - რუსეთის“ დირექტორი ანტონ პიმონოვი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეებს აზრი ჩამოუყალიბდათ ტელეპროპაგანდის და არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეალური ღონისძიებების საფუძველზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG