Accessibility links

logo-print

გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის შესახებ წერს. სტატიაში, რომლის სათაურია „აფხაზეთში დასვენება რუსეთის მოქალაქეებს ქართულ ციხეში მოხვედრის თეორიულ საფრთხეს უქმნის“, ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომლის მიხედვითაც, არასანქცირებული სტუმრობა აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების მიერ მიიჩნევა სისხლის სამართლის დანაშაულად და ეს მაშინ როცა, თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის მონაცემებით, ყოველწლიურად აფხაზეთს ერთ მილიონამდე რუსი ტურისტი სტუმრობს, თუმცა, როგორც რუსულ გამოცემას მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის კავკასიისა და რეგიონალური უსაფრთხოების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა უთხრა, პასუხისგებაში მიცემის ცალკეული შემთხვევების მიუხედავად, აღნიშნული ნორმა მხოლოდ ფორმალურად არსებობს: „რუსეთის მოქალაქეები აფხაზეთში ჩადიან შიდაპასპორტების საშუალებით. იმ შემთხვევაშიც კი, როცა საზღვრის გადაკვეთისას იყენებენ საზღვარგარეთის პასპორტებს, მასში შესაბამისი აღნიშვნა არ კეთდება. პრობლემები უფრო მეტად ექმნებათ მესამე ქვეყნების წარმომადგენლებს, თუმცა ისინი, როგორც წესი, აფხაზეთს საქართველოს მხრიდან და ოფიციალურ თბილისთან შეთანხმებით სტუმრობენ“.

„კომერსანტი“ მკითხველს შეახსენებს, რომ ბოლო დროს ქართველმა პოლიტიკოსებმა რამდენჯერმე განაცხადეს, რომ აპირებენ სეპარატისტულ რეგიონებში პირველი არასანქცირებული ჩასვლის დეკრიმინალიზებას. ნიკოლაი სილაევის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კანონი არ შეცვლილა, რეალურად დეკრიმინალიზება უკვე მოხდა. საქმე ისაა, რომ ქართველი მესაზღვრეები როცა აღმოაჩენენ სეპარატისტულ რეგიონებში არასანქცირებული სტუმრობის ფაქტს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ნაცვლად, შემოიფარგლებიან მხოლოდ უარით საზღვრის გადაკვეთაზე. „კომერსანტის“ შეფასებით, ამგვარად საქართველოს მხარე ცდილობს არ გაართულოს რუსეთთან ისედაც გაფუჭებული ურთიერთობები.

„სააკაშვილს ოდესის ოლქში სეპარატიზმი აშფოთებს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა ვრცელი ანალიტიკური სტატია გაზეთმა „ნეზავისიმაია გაზეტამ“, რომელიც ციტირებს ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის შემდეგ სიტყვებს: „მრცხვენია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ბოლო დრომდე უკრაინის ბესარაბიაზე უფრო მეტს ფიქრობდა ვლადიმირ პუტინი, ვიდრე ჩვენი საკუთარი მთავრობა. რუსებს აქვთ პროექტი „ბესარაბია“ და ისინი ამისათვის ემზადებიან, ჩვენც რამე უნდა გავაკეთოთ“.

სტატიაში საუბარია ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის შესაძლო გამოცხადებაზე, რომლის შემადგენლობაში თეორიულად შეიძლება შევიდეს ოდესის ოლქის ნაწილი და მოლდავეთის ცალკეული რაიონები, მათ შორის, გაგაუზის ავტონომიური ტერიტორიული წარმონაქმნი. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კვლევა აქვს ჩატარებული ანალიტიკურ ჯგუფ Da Vinci AG-ის, რომლის ვარაუდითაც, ახალი რესპუბლიკა, დონბასისა და ლუგანსკის რესპუბლიკებისაგან განსხვავებით, დაეფუძნება ეთნიკურ ერთობას. შესაბამისად, მის წინააღმდეგ ბრძოლას რუსეთის ხელისუფლების მიერ მართული პროპაგანდა წარმოაჩენს როგორც ეთნოკონფლიქტს. ამასთან, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უკრაინის სამხრეთში დესტაბილიზაცია საშუალებას მისცემს რუსეთს გაალღვოს კონფლიქტი დნესტრისპირეთში და გახსნას მეორე ფრონტი, რითაც უკრაინას მოეჭრება დუნაის პორტებისკენ მიმავალი გზა და, საბოლოო ჯამში, შეფერხდება ქვეყნის ევროინტეგრაცია.

სტატიაში მოტანილია სამოქალაქო საზოგადოების პრობლემების კვლევის ცენტრის დირექტორის ვიტალი კულიკის კომენტარი. ის განმარტავს, თუ რატომ ალაპარაკდა გუბერნატორი სააკაშვილი სეპარატისტულ საფრთხეზე: „ამ დღეებში ბესარაბიის სახალხო საბჭომ განაცხადა, რომ აახლებს თავის საქმიანობას. ოლქში კვლავ გამოჩნდა სეპარატისტული შინაარსის პროკლამაციები და წარწერები შენობებზე. რამდენჯერმე გავრცელდა ჭორი ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG