Accessibility links

logo-print

„პირველად 2008 წლის შემდეგ, დასავლეთმა კვლავ განაახლა საქართველოს შეიარაღება“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია საქმიანმა გაზეთმა „ვზგლიადმა“, რომელმაც მკითხველს მოუთხრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საფრანგეთში გაფორმებული კონტრაქტების შესახებ. ლაპარაკია რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო შეძენაზე. გაზეთის ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კონტრაქტები გააფორმა ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიასთან (Matra BAE Dynamics Alenia), რომელიც აწარმოებს მცირე და საშუალო სიშორის სარაკეტო სისტემებს, მათ შორის: „მიწა-ჰაერის“, „ჰაერი-მიწის“, „ჰაერი-ჰაერის“, საზენიტო-სარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსებს. თუმცა რუსული გამოცემა იქვე სთავაზობს მკითხველს მოსკოვში სტუმრად მყოფი ნინო ბურჯანაძის მოსაზრებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის აქტივობის შესახებ. საქართველოს დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის თქმით, არანაირი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შეძენა არ ხდება:

„იმ ფრანგული წყაროების ცნობით, რომელთაც მე ვიცნობ, ლაპარაკია სამხედრო თანამშრომლობაზე, რაც მეგობრულ ქვეყნებს შორის ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევა. ყველაზე კარგი თავდაცვა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა კი არა, მეზობლების მიმართ სწორი პოლიტიკის წარმოებაა. ყველა საუბარი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებზე სპეკულაციაა, რაშიც ბევრს მიაღწიეს ჩვენმა პოლიტიკოსებმა. უმჯობესი იქნება, თუკი ისინი ილაპარაკებენ ურთიერთობების ნორმალიზებასა და არა რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებზე“.

„ვზგლიადი“ იმასაც შენიშნავს, რომ 2015 წლის ივლისში გაფორმებული კონტრაქტი შეიარაღების შეძენაზე პირველია 2008 წლის ომის შემდეგ. დასავლეთის ქვეყნები თავს იკავებდნენ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებისგან, არადა 2008 წლის ომმა აჩვენა, რომ საქართველოს სჭირდება თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები. რუსული გამოცემის ცნობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დაადასტურა, რომ დასავლეთმა მოუხსნა საქართველოს ე.წ. მდუმარე ემბარგო, რომელიც ძალაში იყო 2008 წლის ომის შემდეგ.

ჟურნალი „ოგონიოკი“ კი ჩიხში შესული საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ წერს. „არავის უნდოდა დათმობა“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში ავტორი ვიქტორ ლოშაკი იმის გარკვევას ცდილობს, თუ რატომ არ გაუმჯობესდა ორი ქვეყნის ურთიერთობა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ. არადა, როგორც სტატიიდან ირკვევა, ბოლო დროს ბევრი რამ შეიცვალა - პირველ რიგში, განახლდა ვაჭრობა და რუსეთის დახლებზე გამოჩნდა როგორც ქართული ღვინო, ასევე მინერალური წყალი. თბილისსა და მოსკოვს შორის ყოველდღიურად ოთხი რეისი სრულდება. რუსი ტურისტების საქართველოში ჩასვლას წინ აღარაფერი უდგას, გარდა საზღვარგარეთული პასპორტებისა. საქართველოში უკვე მუშაობს ორასამდე რუსული კომპანია. გარდა ამისა, რუსეთში ცხოვრობს საქართველოს ყველაზე დიდი დიასპორა, რომელიც ყოველწლიურად სამშობლოში, დაახლოებით, 600 მილიონ დოლარს გზავნის. 2014 წელს საქართველოს 750 ათასი რუსი ტურისტი ესტუმრა, სულ მალე შესაძლოა განხორციელდეს კომერციული პროექტი, ფოთი-ნოვოროსიისკის საბორნე გადასასვლელის სახით, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი შენიშნავს, ამგვარი პოზიტიური დინამიკის ფონზე მკვდარი წერტილიდან ვერ იძვრება მთავარი პოლიტიკური საკითხი: საქართველოში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 65 პროცენტი რუსეთს მტრად მიიჩნევს, ამ ფონზე კი რუსეთი, თავისი მკაცრი სავიზო რეჟიმით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ჩაკეტილი რჩება. „გაურკვეველია, რისი გვეშინია?“ - კითხულობს ავტორი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG