Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2015 წლის 2 სექტემბერი


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კიდევ რამდენიმე რუსულ კომპანიას დაუწესა სანქციები ირანთან, ჩრდილოეთ კორეასა და სირიასთან თანამშრომლობის გამო. ამის შესახებ წერს მოსკოვში გამომავალი გაზეთი „კომერსანტი“, რომლის მიხედვითაც, სანქციები ვრცელდება ტულის საკონსტრუქტორო ბიუროზე, კომპანია „კათოდზე“, მანქანათმშენებლობის სამხედრო-სამრეწველო გაერთიანებაზე, კომპანია „როს-ობორონ-ექსპორტსა“ და საავიაციო გაერთიანება „მიგზე“, რომლებიც ბირთვული და სარაკეტო ტექნოლოგიებით ამარაგებდნენ სახელმწიფო კომპანიებს სირიაში, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში, რითაც დაირღვა ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობა მასობრივი განადგურების იარაღის არგავრცელების სფეროში. „კომერსანტის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტროს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ გააფართოვა სანქციებში მოხვედრილი კომპანიების ჩამონათვალი, რომელიც, ჯამში, შეივსო 29 ახალი კომპანიით, მათ შორის, „როსნეფტის“ რამდენიმე შვილობილი კომპანიით. „ამიერიდან ამერიკის სამთავრობო უწყებებს ეკრძალებათ ამ კომპანიებთან რაიმე სახის საქმიანი ურთიერთობის დამყარება“, - განმარტავს „კომერსანტი“.

„კომერსანტი“ მკითხველს აწვდის ასევე ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ესტონეთის მთავრობამ გადაწყვიტა გაემიჯნოს რუსეთს კედლით, რომლის სიგრძე 108 კილომეტრი იქნება. ცნობისთვის: რუსეთ-ესტონეთის სახმელეთო საზღვრის სიგრძე, სულ, 136 კილომეტრია. სტატიის მიხედვით, საზღვრის შიდა კედლის სიმაღლე იქნება 2,5 მეტრი, ხოლო გარე კედლისა - 1,6 მეტრი, მათ შორის კი გაკეთდება საკონტროლო ზოლი. მესაზღვრეების განკარგულებაში იქნება ასევე სათვალთვალო კამერები და უპილოტო თვითმფრინავები. საზღვრის მოსაწყობად ესტონეთის მთავრობამ 71 მილიონი ევრო გამოყო. მთავრობისავე განმარტებით, კედელი კეთდება არალეგალური მიგრაციის შესაჩერებლად და საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობათა აღსაკვეთად, თუმცა რუსეთში ესტონეთის ინიციატივას უკავშირებენ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. სტატიის ბოლოს „კომერსანტი“ მკითხველს აცნობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომლის მიხედვითაც, საზღვრის შესახებ შეთანხება ესტონეთსა და რუსეთს შორის რატიფიცირებული არაა, რის გამოც ყველა ცალმხრივ მცდელობას მოინიშნოს საზღვარი ორ ქვეყანას შორის, რუსეთი განიხილავს როგორც დროებითსა და იურიდიული მნიშვნელობის არმქონე მოვლენას.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი რუსეთში მევენახეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შესახებ წერს. კერძოდ, როგორც სტატიიდან ირკვევა, რუსეთის მთავრობა აპირებს სუბსიდიის სახით 2016 წლის ბიუჯეტიდან გამოყოს 2,4 მილიარდი რუბლი, ანუ, დაახლოებით, 85 მილიონი ლარი, რაც 2,3-ჯერ აღემატება 2015 წელს ამავე მიზნით გამოყოფილ თანხას. სტატიაში მოტანილია რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრის ალექსანდრ ტკაჩევის კომენტარი, რომლის მიხედვითაც, ეტაპობრივად უნდა შემცირდეს ღვინის მასალის იმპორტი რუსეთში და ის უნდა ჩაანაცვლოს ადგილზე წარმოებულმა ხარისხიანმა ალკოჰოლურმა სასმელმა: „სოფლის მეურნეობის სამინისტროს ამოცანაა დაიცვას ადგილობრივი მეღვინეები და მომხმარებლები უხარისხო ღვინისგან და, რაც მთავარია, აღორძინდეს რუსეთის მეღვინეობის დარგი“.

რუსეთის მეღვინეებისა და მევენახეების კავშირის პრეზიდენტის ლეონიდ პოპოვიჩის თქმით, თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყოველწლიურად ეფექტიანად დახარჯავს მთავრობის მიერ გამოყოფილ სუბსიდიას, მაშინ ვენახების ფართობი წლიდან წლამდე 10-10 ათასი ჰექტარით გაიზრდება. „ვედომოსტის“ ცნობით, ამჟამად რუსეთში ვენახებს, ჯამში, 90 ათასი ჰექტარი ფართობი უკავია.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG