Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 16 სექტემბერი


„მოსკოვს მოელის უფრო მასშტაბური საერთაშორისო იზოლაცია, თუკი კვლავაც დაუპირისპირებს თავის ძალისხმევას ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული კოალიციის ბრძოლას ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, - წერს მოსკოვში გამომავალი „ნეზავისიმაია გაზეტა“, თეთრი სახლის პრესმდივნის ჯოშ ერნესტის განცხადებაზე დაყრდნობით.

ერნესტის აზრით, თუ რუსეთის ხელისუფლება არ შეუერთდება კოალიციას და განაგრძობს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის მხარდაჭერას, ეს გამოიწვევს მოსკოვის მეტ იზოლაციას.

თუმცა, გამოცემის თანახმად, კრემლში არ გამორიცხავენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიალოგს სირიის საკითხის თაობაზე, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შეთანხმება მიღწეული არაა. ამასთან, პენტაგონი ვარაუდობს, რომ რუსი სამხედროების მიერ სირიის ქალაქ ლათაქიის აეროპორტთან მშენებარე სამხედრო ბაზა რუსეთის საჰაერო ძალების საბრძოლო ავიაციის მიღებას სექტემბრის ბოლოსთვის შეძლებს: „ყოველდღიურად ლათაქიაში რუსეთიდან ჩადის ორი მძიმე სატრანსპორტო თვითმფრინავი. ამერიკის წარმომადგენლები შიშობენ, რომ სირიის ცაში ამერიკის საბრძოლო თვითმფრინავები კონფრონტაციაში შევლენ რუს მფრინავებთან ანდა რუსი სამხედროების ავიადარტყმები მიმართული იქნება იმ სირიელი ამბოხებულების პოზიციებისაკენ, რომლებსაც ვაშინგტონი უჭერს მხარს“.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ ფურცლებზე რუსეთის სტრატეგიული შეფასებების ინსტიტუტის პრეზიდენტი ალეკსანდრ კონოვალოვი უშვებს შესაძლებლობას, რომმოსკოვმა საერთაშორისო კოალიციასთან შეუთანხმებლად დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები სირიაში. რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა გადაწყვიტოს, რომ ამით გაიუმჯობესებს თავის საერთაშორისო იმიჯს და მოევლინება ევროპასა და ახლო აღმოსავლეთს მხსნელის როლში, შეწყვეტს რა სისხლისმღვრელ ომს და მიართმევს ამ საჩუქარს საერთაშორისო თანამეგობრობას, თუმცა, ალეკსანდრ კონოვალოვის აზრით, სინამდვილეში მოვლენების ამგვარი განვითარება უკიდურესად დამაზიანებელი იქნება რუსეთისთვის, რადგანაც მაღალია იმის შესაძლებლობა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში დახმარების ნაცვლად რუსეთის მხარეს მოუწიოს პირისპირ შეტაკება კოალიციის ძალებთან.

რუსეთისა და სირიის ურთიერთობის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტიც“, რომელშიც გამოქვეყნებულ სტატიას ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული: „ბაშარ ასადს მხარი დაუჭირა უსაფრთხოების მთელმა კოლექტივმა“. სტატიის ავტორმა „უსაფრთხოების კოლექტივში“ იგულისხმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრი ქვეყნები: რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. საქმე ისაა, რომ 15 სექტემბერს დუშანბეში დასრულდა ორგანიზაციის ორდღიანი სამიტი, რომელზეც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბევრი ილაპარაკა სირიელი კოლეგის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. პუტინის თქმით, რუსეთს ბაშარ ასადისათვის მხარი რომ არ დაეჭირა, ლტოლვილთა ნაკადი, რომელიც ევროპას მოაწყდა, გაცილებით დიდი იქნებოდა.

სტატიის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ინიციატივა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეიქმნას გლობალური კოალიცია, რომელიც გაერთიანდება სირიის მთავრობის, ქურთების შეიარაღებული რაზმებისა და ე. წ. ზომიერი ოპოზიციის გარშემო. კოალიციაში ასევე უნდა შევიდნენ რეგიონის წამყვანი ქვეყნები. ყოველ შემთხვევაში, გამოცემის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სირიის მთავრობის გარეშე ინიციატივა შედეგს ვერ გამოიღებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ სირიის მთავრობის ძალისხმევას წინ აღუდგეს ტერორისტების აგრესიას. ვეხმარებით და კვლავაც დავეხმარებით აუცილებელი სამხედრო-ტექნიკური საშუალებებით და ამისკენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც“, ვლადიმირ პუტინის ამ განცხადებას გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG