Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 14 ოქტომბერი


„საქართველო სთავაზობს რუსეთს „ჯაშუშების თემის“ დახურვას“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც საუბარია ოფიციალური თბილისის სურვილზე, რაც შეიძლება მალე გაათავისუფლონ პატიმრობიდან ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს რუსეთის ციხეებში იხდიან. სტატიის მიხედვით, სწორედ ამ საკითხს განიხილავენ პრაღის მორიგ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. წინა შეხვედრების შედეგად, მოხერხდა სამი მსჯავრდებულის გათავისუფლება. პატიმრობაში რჩება ოცამდე ეთნიკური ქართველი, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ გაასამართლეს თბილისის სასარგებლოდ წარმოებული ჯაშუშური საქმიანობისათვის, თუმცა, „კომერსანტის“ ცნობით, ზურაბ აბაშიძე იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანში აღნიშნული თემა საბოლოოდ დაიხურება:

„სახეზეა პოზიტიური დინამიკა. უკვე გავათავისუფლეთ რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც რუსეთში ათ, თორმეტ და თოთხმეტწლიან სასჯელს იხდიდნენ.დიდი სურვილი გვაქვს, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ“.

ამასთან, როგორც ზურაბ აბაშიძემ რუსულ გამოცემას განუცხადა, აღნიშნულ საკითხზე რუსეთთან არანაირი ვაჭრობა არ მიმდინარეობს, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომაადგენელმა იქვე შენიშნა, რომ მოსკოვის კეთილგანწყობაზე გავლენა იქონია 2012 წლის მასშტაბურმა ამნისტიამ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა და, რომლის შედეგადაც, საქართველოს ციხეები დატოვეს ჯაშუშობაში ბრალდებულმა რუსეთის მოქალაქეებმა. საუბარია ოთხ პირზე, მათ შორის, იური სკრილნიკოვზე, რომელსაც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არაერთხელ უწოდა რუსეთის დაზვერვის მთავარი მეკავშირე სამხრეთ კავკასიაში. გაზეთ „კომერსანტის“ ცნობით, აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა ნოემბერში ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში გაიმართება.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი აზერბაიჯანისა და ირანის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ წერს. საქმე ისაა, რომ ორი ქვეყნის მთავრობების გადაწყვეტილებით, 2016 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს აზერბაიჯანისა და ირანის რკინიგზების შეერთების პროცესი. რუსული გამოცემის მიხედვით, შესაბამისი შეთანხმება გაფორმდა ირანის საზღვრის მახლობლად მდებარე აზერბაიჯანის ქალაქ ასტარაში, სადაც ორი ქვეყნის დელეგაციები შეხვდნენ ერთმანეთს. აზერბაიჯანის ეკონომიკისა და მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება ითვალისწინებს მოსამზადებელი სამუშაოების სახით აზერბაიჯანის მხრიდან რკინიგზის რვაკილომეტრიანი, ხოლო ირანის მხრიდან ორკილომეტრიანი მონაკვეთების მშენებლობას. აზერბაიჯანში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით, მშენებლობა უახლოეს ათ დღეში დაიწყება. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს ხიდის მშენებლობას მდინარე ასტარაზე.

„ჩვენ, ვასრულებთ რა კარიბჭის როლს აზიასა და ევროპაში, უნდა გავხდეთ ტრანზიტისა და ტვირთების გადაზიდვის ცენტრი. გარდა ამისა, ასტარაში აშენდება საბაჟო ტერმინალი ოთხი მილიონი ტონის ტვირთგამტარობით“, - ნათქვამია აზერბაიჯანში ირანის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსული გამოცემის მიხედვით, ამჟამად ირანსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთბრუნვა 600 ათას ტონას არ აღემატება.

ორი ქვეყნის მთავრობები იმედოვნებენ, რომ რკინიგზების შეერთებით ბიძგი მიეცემა საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „სამხრეთი-ჩრდილოეთის“ ამოქმედებას, რაც დიდწილად დამოკიდებულია რუსეთისა და ჩინეთის მთავრობების აქტიურობაზე. „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ტრანსპორტირების მულტიმოდალური მარშრუტი ერთმანეთთან დააკავშირებს სანკტ-პეტერბურგისა და ბომბეის პორტებს. ის ასევე მოიცავს დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ტერიტორიას. პირველ ეტაპზე რკინიგზა წელიწადში გაატარებს 5-7 მილიონ ტონა ტვირთს, რომელიც დროთა განმავლობაში 15-20 მილიონამდე გაიზრდება. პროექტი ითვალისწინებს რკინიგზის მთელ სიგრძეზე 22 გვირაბისა და 15 ხიდის მშენებლობას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG