Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 21 ოქტომბერი


„ქართველთა კავშირს რუსეთის მოქალაქეობას ართმევენ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია იმაზე, რომ ფორმალური დაგვიანების გამო მიმდინარეობს რუსეთში ქართველთა უმსხვილესი ნაციონალური გაერთიანების ლიკვიდაცია. სტატიის შესავალში ვკითხულობთ: „ქართველთა დიასპორის მთავარი ორგანიზაცია „რუსეთის ქართველთა კავშირი“ 16 ოქტომბრიდან იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში. იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნით დახურული კავშირი, სავარაუდოდ, დარეგისტრირდება როგორც ეროვნულ-კულტურული ავტონომია. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ლიკვიდაციის ფაქტმა შესაძლოა გაართულოს ორი ქვეყნის ურთიერთობა. „კომერსანტის“ მიხედვით, ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის ფედერაციის უმაღლესმა სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელის საფუძველზე. სამინისტროში რუსული გამოცემის კორესპონდენტს განუმარტეს, რომ „ქართველთა კავშირის“ შემოწმებისას, რომელიც ჩატარდა მოქალაქე ბლუაშვილის მიმართვის საფუძველზე, გამოვლინდა რუსეთის ფედერაციის კანონების უხეში დარღვევები. თავად „რუსეთის ქართველთა კავშირში“ გაოცებულნი არიან იუსტიციის სამინისტროს ოპერატიულობით. აი, რა უთხრა „კომერსანტს“ კავშირის ყოფილმა თავკაცმა მიხეილ ხუბუტიამ, რომელიც ამჟამად სალიკვიდაციო კომისიას ხელმძღვანელობს:

„მავანმა ქართველმა ბლუაშვილმა, რომელიც ჩვენს ორგანიზაციაში არ ირიცხებოდა, დაწერა ჩვენზე საჩივარი, რომელსაც ბოლომდე ლობირებდა ვიღაცა. ვინ ლობირებდა? ესაა ყველაზე დიდი გამოცანა. ეს შეიძლება ყოფილიყო როგორც ანტიქართული ძალა, ასევე ქართულიც“.

ბლუაშვილის სარჩელის მიხედვით, რუსეთში „ქართველთა კავშირს“ 2007 წლის შემდეგ არ გაუმართავს საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, რის გამოც მისი ხელმძღვანელობის საქმიანობა უკანონოა. გარდა ამისა, სარჩელის ავტორი ბრალს სდებს მიხეილ ხუბუტიას საქართველოს ექსპრეზიდენტთან კავშირში.

„კომერსანტის“ მიხედვით, „რუსეთის ქართველთა კავშირი“ შეიქმნა 2007 წლის 21 აპრილს სამი ქართული ორგანიზაციის ბაზაზე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს კავშირმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მოქმედებას და მოითხოვა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მოახლოებული ვიზიტის შესახებ წერს. „საქართველო ალიევს მეფური ღირსების შესაბამისად დახვდება“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ბაქოსა და თბილისის სტრატეგიულ პარტნიორობას შეუქცევადი ხასიათი აქვს, რაზეც მეტყველებს ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირებისა და სამთავრობო დელეგაციების ხშირი მისვლა-მოსვლა თბილისსა და ბაქოში. სტატიის მიხედვით, სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტის 6 ნოემბრის ვიზიტის მომზადებას უკავშირდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სტუმრობა ბაქოში, სადაც ქართველი დიპლომატი შეხვდა როგორც თავის კოლეგას ელმარ მამედიაროვს, ასევე პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადეს და პრეზიდენტ ილჰამ ალიევს. ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი რჩებიან სტრატეგიულ პარტნიორებად, აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. სულ მალე საქართველოსა და აზერბაიჯანის ძალისხმევით გაიხსნება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის ქართული მონაკვეთის მშენებლობა, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკვე დასრულდა.

„ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის თბილისში სტუმრობის დროს მხარეები ასევე განიხილავენ საზღვრის დელიმიტაციის საკითხს, რომლის შესახებაც განმარტება გააკეთა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ელმარ მამედიაროვმა:

„დელიმიტაციის კომისიამ უნდა გააგრძელოს მუშაობა. საქართველოს დელეგაცია ბაქოს მიმდინარე წლის მარტში სტუმრობდა. წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება მორიგი შეხვედრა. თუ ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე, მაშინ ორ ქვეყანას შორის არ უნდა იყოს არანაირი სასაზღვრო პრობლემა“.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ „ნეზავისიმაია გაზეტა“ აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG