Accessibility links

logo-print

„’გაზპრომი’ შესაძლოა სპარსეთის ყურემდე მივიდეს“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საუბარია რუსეთის მთავრობისა და სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ გეგმებზე სამხრეთის მიმართულებით. პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ რუსეთის მხარე გამოთქვამს მზადყოფნას ირანთან ე. წ. სვოპურთიერთობაზე, რაც გულისხმობს იმას, რომ „გაზპრომი“ მიაწვდის ირანს ბუნებრივ აირს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით, სანაცვლოდ კი მიიღებს გაზს ირანის სამხრეთში, სადაც ამ წიაღისეულის მოპოვება ხდება. „კომერსანტის“ თქმით, ამგვარი სვოპურთიერთობის დამყარებით „გაზპრომს“ მიეცემა საშუალება ბუნებრივი აირი მიაწოდოს პაკისტანსა და ინდოეთს. როგორც რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა, ირანი იძულებულია ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მოპოვებული გაზი გადატუმბობს ქვეყნის ჩრდილოეთში და გასწიოს მნიშვნელოვანი ფინანსური ხარჯი, რაც, რუსეთის წინადადების მიღების შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება. რუსეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი ოპერაციები შესაძლებელია განხორციელდეს ნავთობზეც. „კომერსანტის“ მიხედვით, „გაზპრომს“ შეუძლია ირანს მიაწოდოს გაზი სომხეთის ან აზერბაიჯანის გავლით. ამასთან, აზერბაიჯანის მილსადენის სიმძლავრე ხუთჯერ მეტია სომხეთზე გამავალი მილსადენის სიმძლავრეზე, რომელიც წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრია, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ სომხეთამდე გაზი ტრანზიტული ქვეყნის - საქართველოს - გავლით უნდა მიეწოდოს.

„კომერსანტი“ ასევე წერს „გაზპრომისა“ და საქართველოს მთავრობის შეხვედრებისა და გეგმების შესახებ. გამოცემის მიხედვით, „გაზპრომის“ თავკაცმა ალექსეი მილერმა მილანში საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრ კახა კალაძესთან განიხილა ბუნებრივი აირის როგორც ტრანზიტის, ასევე კომერციული მიწოდების შესაძლებლობა.

„ტრანზიტის გაზრდა „გაზპრომს“ სჭირდება რაზდანის თბოელექტროსადგურის დასატვირთად, თბილისი კი აპირებს დამატებითი გაზი, რომელსაც ვერ იღებს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია „სოკარისგან“, შეიძინოს რუსული „გაზპრომისგან“. ხელშეკრულების პარამეტრების განხილვა შესაძლოა დაიწყოს უახლოეს დროში“, - წერს გაზეთი „კომერსანტი“.

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში მომხდარი მკვლელობები, რომლებშიც ეჭვმიტანილი ბიზნესმენი ამირან გიორგაძე ასევე მოკლული იპოვეს სოფელ ტიმოშკინოში, სადაც, გამოძიების ვერსიით, 19 ოქტომბერს გიორგაძემ ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ამირან გიორგაძემ მოკლა კრასნოგორსკის მერის მოადგილე, ერთ-ერთი სახელმწიფო საწარმოს ხელმძღვანელი, გამვლელი მამაკაცი და ყოფილი ბიზნესპარტნიორი. თავად მკვლელობაში ეჭვმიტანილის გვამი კი 23 ოქტომბერს ნახეს. ამასთან, როგორც „იზვესტია“ წერს, ამირან გიორგაძეს ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა მოსკოვის ოლქის პროკურორის მოადგილე ოლეგ მანკოვთან, რომელიც კურირებდა კრასნოგორსკში მომხდარი მკვლელობების გამოძიებას, თუმცა ინტერესთა კონფლიქტის გამო პროკურორი თავისი ინიციატივით ჩამოშორდა საქმეს.

„იზვესტია“ წერს ასევე გამოსაფხიზლებელთა შესაძლო გახსნაზე, რისი სურვილიც უკვე გამოთქვა რუსეთის ფედერაციის ჩვიდმეტმა რეგიონმა. მიმართვა გაეგზავნა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის საკოორდინაციო საბჭოს წევრს სულთან ხამზაევს, რომელსაც ეკუთვნის ინიციატივა ალკოჰოლიკების დეტოქსიკაციის პუნქტების გახსნის შესახებ. იდეა მოიწონა რუსეთის ფედერაციის მთავარმა ნარკოლოგ-ფსიქიატრმა ევგენი ბრუნმა, რომლის თქმითაც, გამოსაფხიზლებლების სისტემა უნდა მოქმედებდეს რუსეთის ყველა რეგიონში.

„ისინი საჭიროა ყველგან, განსაკუთრებით ჩრდილოეთის მხარეში, და ნაკლებად, მაგალითად, მოსკოვში, სადაც საკმარისი რაოდენობის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილია, რომლებიც ნასვამ მოქალაქეებს შეეშველებიან და სადღაც მაინც მიიყვანენ. მოსკოვში გამოსაფხიზლებლების გახსნას აზრი არ აქვს, რადგანაც ორი-სამი საათი საავტომობილო ხერგილში ყოფნის შემდეგ, უგონოდ ნასვამიც კი გამოფხიზლდება“, - მიაჩნია რუსეთის ფედერაციის მთავარ ნარკოლოგ-ფსიქიატრს.

„ლევადას ცენტრის“ გამოკვლევის მიხედვით, რუსეთის მოსახლეობის 80 პროცენტი მომხრეა გაიხსნას საბჭოთა ტიპის გამოსაფხიზლებლები. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ გამოსაფხიზლებლების ხარჯი უნდა დაფარონ დაწესებულებაში მოხვედრილმა პირებმა, ხოლო უმუშევრები და უსახლკაროები, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის პერიოდში, 15-დღიან იძულებით სამუშაოებზე უნდა გაამწესონ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG