Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 11 ნოემბერი


რუსეთის ფედერაციის პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიური მიმართვისთვის ემზადება. გაზეთ „კომერსანტისათვის“ ცნობილი გახდა მიმართვის მთავარი თემა, რომელიც გამოტანილია მეწინავე სტატიის სათაურში: „უსაფრთხოების ფედერალური მიმართვა“. სტატიის შესავალში საუბარია იმაზე, რომ ვლადიმირ პუტინი აუცილებლად შეეხება როგორც ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს, ასევე იმ საპასუხო ზომებს, რომლებიც რუსეთმა უნდა მიიღოს ანტიტერორისტული სტრატეგიის ფარგლებში.

გაზეთი, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ მიმართვის ტექსტი დეკემბრის პირველ დეკადაში გამოქვეყნდება, თუმცა თარიღი არ იქნება მჭიდროდ მიბმული რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის დღესთან, რომელიც 12 დეკემბერს აღინიშნება. მიმართვის დროსა და შინაარსს დიდწილად განსაზღვრავს ბიუჯეტის შესახებ კანონის მიღება, რომელიც ასევე დეკემბერში იგეგმება. ამასთან, ანტიტერორისტული ზომებისა და თავდაცვითი ბლოკის დაფინანსების აუცილებლობის შესახებ ვლადიმირ პუტინი ყოველწლიურ პრესკონფერენციაზეც ილაპარაკებს. რუსეთის პრეზიდენტი გასულ კვირაში მეორედ შეეხო რუსეთის თავდაცვის სამრეწველო კომპლექსის განვითარების აუცილებლობის საკითხს, რითაც, მისი მტკიცებით, უნდა დაბალანსდეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების ძალისხმევა შექმნან გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. პუტინი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ცდილობს ძირი გამოუთხაროს ბირთვული შეიარაღების პარიტეტს და შეარყიოს გლობალური და რეგიონალური სტაბილურობის მთელი სისტემა.

„ჩვენ ვმუშაობთ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაზეც, მაგრამ პირველ ეტაპზე გავაკეთებთ დამრტყმელ სისტემებს, რომლებიც შეძლებენ ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის გადალახვას“ - ვლადიმირ პუტინის ამ განცხადებას გაზეთი „კომერსანტი“ აქვეყნებს.

„რას ფლობს კრემლი“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომელშიც აღწერილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ ბოლო ოცი წლის განმავლობაში 6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კრემლის მეურნეობაში შედის ორი აგროკომპლექსი, კვების ექვსი კომბინატი, სამი ავტოსატრანსპორტო საწარმო, სპეციალური საზაფხულო რაზმი, 35 სანატორიუმი, 13 საავადმყოფო, 17 საბავშვო ბაღი, ხუთი სამშენებლო კომპანია, სამკერვალო ატელიე, კოსმეტიკური სალონი და მუსიკალური ანსამბლი. გარდა ამისა, სამმართველო განკარგავს რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში არსებულ მიწას და უძრავ ქონებას საზღვარგარეთ, რომლის ტექნიკური დეტალები და ღირებულება გასაიდუმლოებულია. ამასთან, კრემლის მეურნეობის სუბსიდირებაზე 2014 წელს ბიუჯეტიდან დაიხარჯა 114 მილიარდი, ხოლო 2015 წელს 118 მილიარდი რუბლი. გამოცემა, რუსეთის ქონების ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით, წერს, რომ კრემლის საკუთრებაა მიწის ათასამდე ნაკვეთი, საერთო ფართობით 16 ათასი ჰექტარი, 6 ათასი შენობა-ნაგებობა, 37 თვითმფრინავი და 5 ათასი ავტომობილი. საერთო სიგრძე ღობისა, რომლითაც შემოსაზღვრულია კრემლის უძრავი ქონება, 121 კილომეტრს შეადგენს.

გაზეთი „იზვესტია“ კი რუსეთის ფედერაციაში ახალი საერო დღესასწაულის შემოღების შესახებ წერს. საქმე ისაა, რომ სახელმწიფო სათათბირომ მოიწონა შრომის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც მამის დღის დაწესებასა და აღნიშვნას ითვალისწინებს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, მამის დღის დაწესების მიზანია ამაღლდეს მამობის სოციალური მნიშვნელობა. აღნიშვნით კი, ახალ დღესასწაულს აღნიშნავენ ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს, რომელიც შეგნებულად შეირჩა მრავალშვილიანი მამისა და მართლმორწმუნე დიმიტრი დონელის დაბადების დღის, 25 ოქტომბრის, სიახლოვის ნიშნით.

რუსეთის სათათბიროს წევრის ელენა მიზულინას თქმით, მამის დღის შემოღებით რუსეთში შეიქმნება ისეთი ვითარება, რომელიც აამაღლებს მამის სოციალურ სტატუსს ოჯახსა და საზოგადოებაში, მის როლს ბავშვების აღზრდაში და მთლიანად მამობის პრესტიჟს.

„მამობრივი სიყვარული ხომ ყოველთვის იყო და არის ბავშვის აღზრდის ძირითადი შემადგენელი. ის განსხვავდება დედობრივი სიყვარულისგან: მამობრივი სიყვარული გააზრებული, რაციონალური და მომთხოვნია, ბავშვმა ის უნდა დაიმსახუროს“. რუსი სენატორის ელენა მიზულინას ამ მოსაზრებას გაზეთ „იზვესტიაში“ წაიკითხავთ.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG