Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 18 ნოემბერი


ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში გაიგზავნა 2008 წლის სამხრეთ ოსეთის მოვლენების მსხვერპლთა განცხადებები - ამის შესახებ წერს გაზეთი „კომერსანტი“, პროექტ „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივის“ იურისტ დიანა კოსტინაზე დაყრდნობით. კოსტინას თქმით, სამხრეთ ოსეთიდან სულ თვრამეტი მიმართვა გაიგზავნა. განცხადებების ხელმომწერთა ნაწილი წარმოადგენს კონფლიქტის დროს დაღუპულ ნათესავებს, ნაწილი კი - თავის თავს. „რუსეთის სამართლებრივი ინიციატივა“ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართავს ასევე თხოვნით, გაფართოვდეს გამოძიების ინტერვალი 2008 წლის 16 დეკემბრამდე, რადგანაც, ორგანიზაციის მონაცემებით, დანაშაულის ნაწილი ჩადენილი იქნა კონფლიქტის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ.

„კომერსანტი“ ასევე წერს 31 ოქტომბერს ეგვიპტეში, სინის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდნილი სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზზე. სტატიის მიხედვით, თვითმფრინავში მყოფი 224 მგზავრი, რომლებიც ეგვიპტიდან სანკტ-პეტერბურგში ბრუნდებოდნენ, ტერაქტის შედეგად დაიღუპნენ, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა რუსეთის პრეზიდენტთან გამართულ თათბირზე. ბორტნიკოვის თქმით, ეირბას ა-321-მა კატასტროფა განიცადა ბორტზე ატანილი თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად. ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ტერაქტის პასუხად რუსეთის ფედერაცია იმოქმედებს გაეროს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ქვეყანას თავის დაცვის უფლებას ანიჭებს.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა დააწესა 50 მილიონი დოლარის ჯილდო იმ ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელიც დამნაშავეთა დაკავებას შეუწყობს ხელს. „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს ვლადიმირ პუტინის განცხადების ფრაგმენტს:

„რუსეთი პირველად არ ეჯახება ბარბაროსულ ტერორისტულ დანაშაულს, რომელსაც არანაირი მიზეზი არ აქვს, მათ შორის, არც საგარეო და არც საშინაო, ისევე როგორც არ ჰქონდა 2013 წლის ბოლოს ვოლგოგრადის სადგურში მომხდარ აფეთქებას. ჩვენ არაფერი და არავინ დაგვვიწყებია. სინის ნახევარკუნძულზე ჩვენიანების მკვლელობა ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დანაშაულია, მაგრამ ეს არ შეგვიშლის ხელს მოვძებნობთ და დავსაჯოთ დამნაშავეები. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ვადის გასვლის მიუხედავად. უნდა მოვძებნოთ ყველგან, სადაც უნდა იმალებოდნენ. ჩვენ მათ ვიპოვით პლანეტის ნებისმიერ წერტილში და დავსჯით“.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი რუსეთის ფედერაციისა და დასავლეთის ქვეყნების ურთიერთობის შესაძლო დათბობის შესახებ წერს. გამოცემის რედაქცია დიდი ოცეულის სამიტის დროს ვლადიმირ პუტინის განცხადებების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ კრემლმა გადაწყვიტა შეარბილოს ურთიერთობა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. გაზეთი შენიშნავს, რომ დასავლელი ლიდერები არ გამორიცხავენ მოსკოვთან დაახლოებას საერთო საფრთხის წინაშე. ამასთან, „როსბიზნესკონსალტინგის“ მიხედვით, საუბარი არაა პოზიციების დათმობაზე ისეთ პრინციპულ საკითხებში, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და ამერიკის შეერთებული შტატების რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგება, მაგრამ რუსეთში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, იზრდება შეშფოთება საერთაშორისო სისტემაში არასტაბილურობისა და ქაოსის მზარდი ელემენტების გამო, რაც უბიძგებს რუსეთის ხელისუფლებას დაუახლოვდეს დასავლეთს.

„თუ შევხედავთ პუტინის ბოლო განცხადებებს, ყველა მათგანი მიმართულია იქითკენ, რომ ხელი გაუწოდოს დასავლეთს და სირიის საშუალებით გავიდეს იმ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებსაც აწყდება მსოფლიო“ - ასე ფიქრობს რუსეთში მოქმედი პოლიტტექნოლოგიების ცენტრის თანამშრომელი ტატიანა სტანოვაია, რომლის კომენტარსაც „როსბიზნესკონსალტინგი“ აქვეყნებს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG