Accessibility links

logo-print

„დარტყმა კოალიციის შექმნის წინააღმდეგ“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ ანალიტიკური სტატია, რომლის მიხედვითაც, თურქეთის მთავრობა ცდილობს რუსეთის პროვოცირებას გაუაზრებელი ქმედებებისკენ, რადგანაც თურქი სამხედროების მიერ რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსკოვსა და ნატოს წევრ ერთ-ერთ ქვეყანას შორის ყველაზე მწვავე კრიზისი, ცივი ომის დასრულების შემდეგ. სტატიის ავტორის ვარაუდით, მომხდარი ძალიან ჰგავს თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოანის მიერ დაგეგმილ შეგნებულ დივერსიას:

„ამ დივერსიისათვის დრო საგანგებოდ შეირჩა. სწორედ მიმდინარე კვირაში, საფრანგეთის პრეზიდენტის რუსეთში სტუმრობის შემდეგ, უნდა გადაწყდეს, შეძლებენ თუ არა რუსეთი და დასავლეთი სირიაში მოქმედებას ერთი კოალიციის შემადგენლობაში. ანკარას ასეთი სცენარი ხელს არ უნდა აძლევდეს: რუსეთი ხომ ბაშარ ასადის პრეზიდენტად დარჩენას უჭერს მხარს, მაშინ როცა ერდოანისათვის მთავარი მიზანი ასადის რაც შეიძლება მალე დამხობაა“.

გარდა ამისა, სუნიტი რადიკალები, ვის წინააღმდეგაც მიმართულია რუსეთის საჰაერო ძალების ძირითადი ძალისხმევა, სულაც არ არიან ანკარის მთავარი მოწინააღმდეგენი. თურქეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის მთავარი მტერი ქურთები და დამასკის ალავიტური რეჟიმია, რომლებსაც აძლიერებს რუსეთის საჰაერო იერიშები. სწორედ ამის გამო, თურქეთის ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ რუსეთის ოპერაცია სირიაში ჩავარდეს და რუსეთმა ვერ შეძლოს შეთანხმება ამერიკასა და ევროპასთან.

„კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თურქეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ რუსეთის პასუხი იქნება ემოციური და გაუაზრებელი, რაც გამოიწვევს ნატოს მობილიზაციას თურქეთის მხარდასაჭერად და ჩაშლის სირიაში ერთიანი კოალიციის შექმნის მცდელობას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, წერს რუსული გამოცემა, მოსკოვმა თავი უნდა შეიკავოს შურისძიების ცდუნებისგან, განაგრძოს დიალოგი საფრანგეთის ხელისუფლებასთან და განაგრძოს იმის კეთება, რასაც უკვე აკეთებს სირიაში.

თურქეთ-სირიის საზღვარზე რუსული ბომბდამშენის სუ-24-ის ჩამოგდების შესახებ წერს გაზეთი „იზვესტიაც“, რომელსაც მეწინავე სტატიის სათაურში გამოტანილი აქვს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის სიტყვები: „ჩვენი თვითმფრინავი არავის ემუქრებოდა და მისი ჩამოგდება სხვა არაფერია, თუ არა ზურგში დარტყმა“. პუტინის თქმით, თვითმფრინავი იმყოფებოდა სირიის ტერიტორიაზე და ასრულებდა ოპერაციას ექსტრემისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“, წინააღმდეგ, თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებმა კი მაშინ გაუხსნეს ცეცხლი, როცა რუსული თვითმფრინავი თურქეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში იმყოფებოდა.

„რას წარმოადგენს სუ-24?“ - სათაურში გამოტანილი ამ შეკითხვის პასუხად რუსული „გაზეტა“ წერს, რომ საბჭოთა კავშირის საავიაციო ძალებმა სუ-24, რომელიც ამერიკული ბომბდამშენის ფ-111-ის საპირწონედ გაკეთდა, შეიარაღებაზე მიიღეს 1975 წელს. ორივე თვითმფრინავის ფრთების გეომეტრია ექვემდებარება ცვლილებას. 1993 წელს სუ-24-ების მშენებლობა შეწყდა. სულ გამოშვებული იქნა 1200 თვითმფრინავი. 2007 წელს სუ-24-ს ჩაუტარდა ძირეული მოდერნიზაცია და შედეგად მიღებულ მანქანას ეწოდა სუ-24მ2. 24 ნოემბრის ინციდენტამდე არ აღრიცხულა სუ-24-ის საომარი მოქმედებების შედეგად განადგურების ფაქტი. თვითმფრინავი იმართება ორკაციანი ეკიპაჟით, აღჭურვილია 23-მილიმეტრიანი ტყვიამფრქვევით და შეუძლია 7500 კილოგრამი საერთო მასის ბომბების ტარება. მის შეიარაღებაშია ფაბ-500-ის ტიპის ბომბები და „ჰაერი-მიწა“ სისტემის რაკეტები.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი იმის შესახებ წერს, თუ რა ეკონომიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს თურქეთის მიერ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს რუსეთის მოქალაქეებს არ გაემგზავრონ თურქეთში, ხოლო „როსტურიზმი“ მოუწოდებს ტურისტულ ფირმებს შეწყვიტონ ტურისტული საგზურების გაყიდვა თურქეთის მიმართულებით. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში თურქეთს ეწვია 1 მილიონი რუსი ტურისტი. რუსი ანალიტიკოსების თქმით, თუ რუსეთი უარს იტყვის თურქეთის კურორტებზე, ამ ქვეყნის ეკონომიკა წლის განმავლობაში 2,7 მილიარდ დოლარს დაკარგავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG