Accessibility links

logo-print

„რევოლუციონერები არ შემოუშვათ“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომელშიც ლაპარაკია რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ინიციატივა ითვალისწინებს რუსეთში უცხოელების მოწვევის მარეგულირებელი ნორმების რადიკალურ ცვლილებას. შესაძლოა კანონმდებლობაში გაჩნდეს უარის თქმის ათამდე მიზეზი. მიწვევას ვერ მიიღებენ კანონის დამრღვევები და ის პირები, რომლებიც აღვივებენ რევოლუციურ განწყობებს რუსეთში: „უწყება სთავაზობს საკანონმდებლო ორგანოს არ მისცეს უცხოელს რუსეთში შემოსვლისათვის საჭირო მოწვევა, თუ ის გამოდის რუსეთში კონსტიტუციური წყობის საფუძვლების ძალადობრივი ცვლილების მოწოდებით; თავისი საქციელით საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე აფინანსებს ან გეგმავს ტერორისტულ ან ექსტრემისტულ აქტებს, ანდა სხვა ქმედებებით მხარს უჭერს ტერორისტულ საქმიანობას. მიწვევას ასევე ვერ მიიღებენ ისინი, ვინც უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გაძევებული ან დეპორტირებული იყო რუსეთიდან. შეზღუდვა ასევე გავრცელდება იმათზე, ვისაც არ დაუფარავს სასჯელი რუსეთის ან მის საზღვრებს გარეთ განზრახ ჩადენილი დანაშაულის გამო ანდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთზე მეტად იქნა დაჯარიმებული ადმინისტრაციული წესით საზოგადოებრივი წესრიგის ან რუსეთში ყოფნის რეჟიმის დარღვევის გამო “.

ასევე გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ აქვეყნებს სტატიას ნავთობის ფასის ვარდნის შესახებ. საქმე ისაა, რომ გასულ ორშაბათს Brent-ის ნავთობის ფასი დაეცა 2008 წლის ისტორიულ მინიმუმამდე და შეადგინა 35 დოლარი ერთ ბარელზე. რუსული გამოცემა მიიჩნევს, რომ იაფი ნავთობი მომგებიანია დასავლეთის ქვეყნებისა და ჩინეთისთვის, რომელიც ნედლი ნავთობის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია. ნავთობის გაიაფება დადებითად აისახება მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე, ხოლო იმპორტიორ ქვეყნებში ნავთობის ფასის ვარდნა უზრუნველყოფს ეკონომიკის ზრდასა და ინფლაციის შემცირებას, აუმჯობესებს ბიუჯეტისა და საგარეო ვაჭრობის ბალანსს, თუმცა, როგორც „როსბიზნესკონსალტინგი“ შენიშნავს, 35 დოლარი ერთი ბარელის ფასად რუსეთისთვის სახიფათო სცენარია: რუსეთის 2016 წლის ბიუჯეტი გათვლილია 50-დოლარიან ნავთობზე, თუ ფასი ამაზე დაბალი იქნება, მაშინ რუსეთის ბიუჯეტს დააკლდება შემოსავალი, რომლის შესავსებად მთავრობას მოუწევს ფულის სესხება, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან ანდა ხარჯების შემცირება, თუმცა რუსი ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ ხარჯების შემცირების რესურსი თითქმის ამოწურულია.

უმნიშვნელო იქნება ის დანაზოგიც, რომელიც რუსეთის ბიუჯეტმა შეიძლება მიიღოს ევროსაბჭოში საწევროს გადახდაზე უარის თქმით. გაზეთ „იზვესტიის“ ცნობით, სწორედ ამგვარი ნაბიჯის მიზანშეწონილობას განიხილავენ რუსეთის საგარეო და ფინანსთა სამინისტროები. სტატიაში განმარტებულია, რომ საწევრო ერთიანია და მოიცავს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, მინისტრთა კომიტეტისა და ევროპის რეგიონალური ხელისუფლებების კონგრესის საწევროებს. რუსეთის მთავრობის განმარტებით, საწევროს გადაუხდელობის საკითხი დღის წესრიგში იმის გამო დადგა, რომ რუსეთის დელეგაციას, დაწესებული სანქციების გამო, მკვეთრად შეეკვეცა უფლებამოსილება ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში. კერძოდ, რუს დეპუტატებს არ შეუძლიათ სიტყვით გამოსვლა, ხმის მიცემა და ასამბლეის ეგიდით მოწყობილ მეთვალყურეთა მისიებში მონაწილეობა. „იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რუსეთის მთავრობა გადაწყვეტილებას 10 იანვრისთვის მიიღებს, ევროპის საბჭოში რუსეთის ყოველწლიური საწევრო კი 1,6 მილიარდ რუბლს, ანუ 23 მილიონ ევროს შეადგენს.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელთა თანახმადაც, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან სომხეთს პირველი ადგილი უჭირავს ქვეყნიდან წასული მოქალაქეების რაოდენობაში ეთნიკური რუსების წილის მიხედვით. სომხეთიდან ემიგრირებულთა შორის რუსების წილი 64 პროცენტია, მეორე ადგილზეა ყაზახეთი - 54 პროცენტი, შემდეგ მოდის მოლდავეთი - 50 პროცენტი. საქართველო 40 პროცენტით სიის შუაში იმყოფება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ევრაზიის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის ექსპერტი ტატიანა ბორზოვა მიიჩნევს, რომ რუსეთის ხელისუფლება არასათანადო ყურადღებას უთმობს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს: „რუსეთი ძირითადად ყურადღებას უთმობს პენსიონერებს, მაგრამ არ მონაწილეობს რუსული ენის სწავლების პროგრამებში, არაა დაკავებული ახალგაზრდებთან ურთიერთობით. შესაბამისად, ვერ ფორმირდება კლასი, რომელსაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს პოლიტიკურ პროცესებზე. ქვეყნებს ტოვებს რუსულენოვანი ბიზნესი იმის გამო, რომ არ არის მხარდაჭერა. შესაბამისად, ახალგაზრდები რუსული ოჯახებიდან მასობრივად ტოვებენ ყოფილ საბჭოთა კავშირში შემავალ ქვეყნებს. ათი წლის შემდეგ რუსეთის გავლენა ამ ქვეყნებზე მინიმალური იქნება“. „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული ანგარიში მოიცავს უკანასკნელი 12 წლის მონაცემებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG