Accessibility links

logo-print

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნა ახალი პირობები რუსეთის ფედერაციის ვიზების მისაღებად - ამის შესახებ წერს გაზეთი „იზვესტია“, რომლის თანახმადაც, რუსეთის მოქალაქის ნათესაობა აღარ იქნება ვიზის მიღების აუცილებელი პირობა. რუსეთში შესასვლელი დოკუმენტები შესაძლებელია გაიცეს სხვადასხვა კატეგორიის მსურველებისთვის: „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის პოზიტიური ტენდენციების სტიმულირების კონტექსტში, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებს გაუფორმდებათ ნებისმიერი ჯერადობის საქმიანი, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზები. ასევე გაიცემა კერძო ვიზები, იმისგან დამოუკიდებლად, არიან თუ არა მიწვეული და მომწვევი ერთმანეთის ნათესავები“.

„იზვესტია“, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით, წერს, რომ რუსეთის მთავრობა სამომავლოდ შეეცდება გაამარტივოს სავიზო რეჟიმი საქართველოსთან. არ გამოირიცხება სავიზო რეჟიმის გაუქმებაც კი. გაზეთი ციტირებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებას: „ჩვენ არ ვყოფილვართ საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭების ინიციატორები, მაგრამ მზად ვართ მისი აღდგენისთვის. ვხედავთ შესაბამის სიგნალებს საქართველოს ხელისუფლებისგან და ეს სიგნალები უკვე მიღებულია. საქართველოს ექსპორტის ორი მესამედი მოდის რუსეთზე. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, ჩვენ ვფიქრობთ ამაზე. მზად ვართ გავაუქმოთ სავიზო რეჟიმი“.

გაზეთი „ვედომოსტი“ კი აქვეყნებს სტატიას, რომლის სათაურად გამოტანილია ფრაზა: „რუსეთის პრეზიდენტი მერვე ადგილს იკავებს მსოფლიო ლიდერთა პოპულარობის რეიტინგში“, ქვესათაურში კი ვკითხულობთ: „ვლადიმირ პუტინის მიმართ სიმპათიებს არ მოაქვს რუსეთისთვის დივიდენდები. სტატიის მიხედვით, Gallup International-ის გლობალურმა გამოკითხვამ (რომელშიც 64 ათასი ადამიანი მონაწილეობდა 65 ქვეყნიდან) აჩვენა, რომ ყველაზე პოპულარული ლიდერი ბარაკ ობამაა, რომლის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 59 პროცენტი, უარყოფითად კი - 29 პროცენტი. მეორე და მესამე ადგილებს იკავებენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი ანგელა მერკელი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი. ვლადიმირ პუტინის მიმართ დადებითადაა განწყობილი გამოკითხულთა 33 პროცენტი, ხოლო უარყოფითად - 43 პროცენტი. პუტინი მოსწონთ ცენტრალური ევრაზიისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში, ხოლო ობამა - ევროპაში, ორივე ამერიკასა და აღმოსავლეთ აზიაში. Gallup International-ის ვიცე-პრეზიდენტის ანდრეი მილეხინის განმარტებით, ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მხარდაჭერა გამოხატავს სიმპათიას როგორც პოლიტიკური სისტემის, ასევე მმართველობის სტილისა და ღირებულებათა სისტემის მიმართ.პოლიტოლოგი ალეკსეი მაკარკინი კი მიიჩნევს, რომ მსოფლიოში რუსეთის პრეზიდენტს მხარს უჭერს ორი ძირითადი ჯგუფი: დავსავლეთის მოძულეები და ანტიგლობალისტები. პუტინს ასევე მხარს უჭერენ კონსერვატორები, რომლებიც ღირებულებათა ცვლილების გამო ვერ გრძნობენ თავს კომფორტულად თავიანთ სამშობლოში და ვეღარ აღიქვამენ თავს უმრავლესობად, თუმცა, როგორც რუსი პოლიტოლოგი ამბობს, პუტინისადმი ამგვარ სიმპათიებს არ მოაქვს რეალური დივიდენდები, რადგანაც არ ხდება მათი ტრანსფორმირება შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში. ამ ქვეყნების პოლიტიკურ ელიტებს კარგად ესმით, რომ რუსეთის იმედად ყოფნა არ ეგების. სტატიაში მაგალითად მოტანილია სერბეთი, რომლის მოსახლეობა დადებითადაა განწყობილი რუსეთის მიმართ, თუმცა ამ ქვეყნის მთავრობა აპირებს ევროკავშირში შესვლას და ბევრ საკითხში არ იკავებს პრორუსულ პოზიციას.

გაზეთ „როსბიზნესკონსალტინგის“ ცნობით კი, ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ გაზარდა იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებსაც სანქციები დაუწესდათ. ამჯერად სიაში მოხვდნენ VTB24, „იანდექს.დენგი“ და სბერბანკის შვილობილი კომპანიები. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები ვრცელდება VTB-ის იმ შვილობილ კომპანიებზე, რომლებიც ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მათ შორის, საქართველოში მუშაობენ. ჯამში, სია შეივსო რამდენიმე ათეული კომპანიითა და ფიზიკური პირით. რუსული გამოცემა აქვეყნებს რუსეთში ამერიკის საელჩოს პრესატაშის უილიამ სტივენსის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ამერიკის მთავრობამ სიაში შეიტანა ის კომპანიები და ფიზიკური პირები, რომლებიც უკვე ირიცხებიან ევროკავშირის ანალოგიურ სიებში. სტივენსის თქმით, ამგვარი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ შეიქმნას ვითარება, რომელშიც ბიზნესის მმართველები ამერიკასა და ევროპაში სინქრონულად იმოქმედებენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG