Accessibility links

გაზეთი „ვედომოსტი“ წერს იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა 2015 წლის ბოლო დღეს განკარგულებაზე ხელის მოწერით დაამტკიცა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც წარმოადგენს სტრატეგიული დაგეგმარების საბაზისო დოკუმენტს და განსაზღვრავს რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს, მიზნებსა და ამოცანებს როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის მიმართულებით და ემსახურება რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებას და მისი მდგრადი განვითარების გრძელვადიან უზრუნველყოფას.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან ურთიერთობას, რაც, დოკუმენტის მიხედვით,წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკისთვის. თუმცა, გასაგები მიზეზების გამო, რუსეთის ფედერაციის მთავარ გამოწვევად რჩება ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან. კერძოდ, „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, რუსეთს სურს ამერიკასთან სრულფასოვანი პარტნიორობა, თუმცა რუსეთის სურვილი აწარმოოს დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკა, აწყდება ამერიკისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგობას.

რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის მიხედვით, ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებაც დასავლეთის ქვეყნების იმ ორმაგი სტანდარტების შედეგია, რომლებიც გამოიყენება ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით და ხშირ შემთხვევაში წარმოადგენს ლეგიტიმური პოლიტიკური რეჟიმების დამხობის პრაქტიკას.

უსაფრთხოების სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია, რომ დაწესებული სანქციები უარყოფით გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე, რომელსაც ასევე პრობლემებს უქმნის გლობალური და რეგიონალური კრიზისები, არაკეთილსინდისიერი კონკურენცია, იურიდიული საშუალებების არამართლზომიერი გამოყენება, თბო და ენერგომომარაგების სტაბილურობის დარღვევა ეროვნული ეკონომიკების სუბიექტების მიერ. „ვედომოსტიში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, პერსპექტივაში რუსეთის ეკონომიკაზე ასევე გავლენას იქონიებს მინერალების, წიაღისეულის, წყლისა და ბიოლოგიური რესურსების დეფიციტი.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი აქცვეყნებს სტატიას, სათაურით „მტრების რკალში“, რომელშიც ლაპარაკია რუსეთისადმი მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ნეგატიური დამოკიდებულების შესახებ, რაც გამოწვეულია რუსეთის ხისტი საგარეო პოლიტიკით. სტატიის ავტორი ეყრდნობა ერთ-ერთი ავტორიტეტული კვლევითი ცენტრის გამოკითხვას, რომელმაც 40 ქვეყნის 45 ათასი მოქალაქე მოიცვა. გაირკვა, რომ მსოფლიოში რუსეთისადმი პოზიტიურად განწყობილია გამოკითხულთა მხოლოდ 30 პროცენტი. ყველაზე ნაკლებად რუსეთი მოსწონთ პოლონეთსა და იორდანიაში, სადაც ნეგატიურად განწყობილთა რაოდენობა 80 პროცენტია. მხოლოდ სამ ქვეყანაში აღემატება რუსეთისადმი პოზიტიურად განწყობილთა რაოდენობა ნეგატიურად განწყობილების რიცხვს. ეს ქვეყნებია ვიეტნამი, განა და ჩინეთი. ამასთან, ირკვევა, რომ ოთხი წლის განმავლობაში ორჯერ შემცირდა იმ ამერიკელთა რაოდენობა, რომლებიც დადებითად არიან განწყობილი რუსეთის მიმართ: 2011 წელს იყო 49 პროცენტი, 2015 წელს კი - 22. მსგავსი ვითარებაა გერმანიაშიც, სადაც მოწონების მაჩვენებელი 50 პროცენტიდან 27 პროცენტამდე შემცირდა.

სხვა ქვეყნებისადმი ნეგატიურად არიან განწყობილი რუსეთის მოქალაქეებიც, რომელთა 71 პროცენტი მიიჩნევს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების როლი მსოფლიო პოლიტიკაში ნეგატიურია. გამოკითხულთა 73 პროცენტსასევე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს თურქეთისადმი.

სტატიის ფინალში ავტორი ცდილობს უპასუხოს შეკითხვას, რა იქნება 2016 წელს, როგორ შეიცვლება ვითარება. ფრაგმენტი პუბლიკაციიდან: „საკითხავი ისაა, მიაღწია თუ არა რუსეთისა და კოლექტიური დასავლეთის ურთიერთობამ უკიდურესად დაბალ წერტილს. პირველ რიგში, ეს დამიკიდებული იქნება თავად რუსეთსა და მის მოქმედებაზე უკრაინასა და სირიაში. თუ კრიზისი დასავლეთთან კვლავ იქნება გამოყენებული როგორც ელექტორატის მობილიზების საშუალება, ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, თუმცა რუსეთის ეკონომიკის მზარდმა პრობლემებმა და ნავთობის ფასის დაცემამ, წესით, უნდა შეარბილოს მოსკოვის საგარეო პოლიტიკა“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG