Accessibility links

რუსეთის მედიამ აქტიურად გააშუქა ვრცელი ინტერვიუ, რომელიც გერმანულმა გამოცემა „ბილდმა“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, ჩამოართვა. „მშვიდობიანი პუტინი“ - გაზეთ „ვედომოსტიში“ ასეთი სათაურითგამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გააცნობიერა ნავთობის ფასის ვარდნით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობის სირთულე. „მას შემდეგ, რაც ვერ მოიპოვა მხარდაჭერა აზიაში, კრემლი ცდილობს დაიყოლიოს დასავლეთი ეკონომიკური სანქციების შემსუბუქებასა და თანამშრომლობის ახალ პრინციპებზე, ვიდრე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა რუსეთში კრიტიკული არ გამხდარა“, - წერს რუსული გამოცემა და იქვე იშველიებს რუსი პოლიტოლოგის ნიკოლაი პეტროვის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინი პირდაპირ არ აღიარებს თავის შეცდომებს, თუმცა იწვევს შესარიგებლად დასავლელ პოლიტიკოსებს და მიანიშნებს, რომ რუსეთის მადა გაცილებით ნაკლებია სტალინის ან, თუნდაც, ბრეჟნევის საბჭოთა კავშირის მადაზე და რომ „ახალი იალტის“ პირობები ყველას დააკმაყოფილებს.

„ვედომოსტის“ მიხედვით, პუტინის ვრცელი ინტერვიუს მთავარი გზავნილი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: დასავლეთმა უნდა აღიაროს, რომ აწარმოებდა არასწორ პოლიტიკას რუსეთის მიმართ და გააუქმოს სანქციები, რომლებიც, რა თქმა უნდა, შეცდომაა, თუმცა არცთუ მნიშვნელოვნად აზიანებს რუსეთის ეკონომიკას.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი ნავთობის ფასის შემცირებით გამოწვეული იმ პრობლემების შესახებ წერს, რომელთა გადაჭრის მიზნით რუსეთის მთავრობა აპირებს საბიუჯეტო ხარჯები 10 პროცენტით შეამციროს. სამინისტროები, ფულის დაზოგვის მიზნით, შეამცირებენ როგორც ახალი თანამშრომლების აყვანის მასშტაბს, ასევე საშტატო ერთეულებსაც, თუმცა, მთლიანობაში, იმოქმედებენ ინდივიდუალური გეგმების მიხედვით. სტატიაში მაგალითად მოტანილია მშენებლობის სამინისტრო, სადაც მინისტრის მოადგილის შვიდი საშტატო ერთეულიდან ერთი გაუქმდა. რაც შეეხება ნავთობის ფასს, რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ფასის ზრდა მხოლოდ 2016 წლის ბოლოს დაიწყება, თუმცა არ გადააჭარბებს 50 დოლარს ერთ ბარელზე.

გაზეთ „ვედომოსტის“ ცნობით, რუსეთის მთავრობა ამუშავებს მოქმედების გეგმებს იმ შემთხვევებისათვის, როცა ერთი ბარელის ფასი 25, 35 ან 45 დოლარი იქნება. 25 დოლარის შემთხვევაში, რუსეთის ეკონომიკა შემცირდება 2,7 პროცენტით, ინფლაცია იქნება 14 პროცენტი, ხოლო ერთი დოლარი 80 რუბლი ეღირება.

ასევე ეკონომიკური ხასიათის პრობლემების შესახებ ჩაატარეს გამოკითხვა რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდის სოციოლოგებმა, რომელთა მტკიცებითაც, რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაში გაიზარდა პოლიტიკური შემადგენელი. ამას წერს გაზეთი „კომერსანტი“. რუსეთის მოქალაქეები ფასების ზრდას ხსნიან არა მხოლოდ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებითა და უკრაინის სეპარატისტული რეგიონებისათვის გაწეული დახმარებით, არამედ საომარი მოქმედებებით სირიაში და თურქეთთან გაუარესებული ურთიერთობით. გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ, 2015 წელთან შედარებით, გაუარესდა როგორც საკუთარი კეთილდღეობის აღქმის, ასევე ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასების მაჩვენებელი. გარდა ამისა, როგორც „კომერსანტი“ წერს, რუსეთის მოქალაქეები ორჯერ უფრო ხშირად ხარჯავენ დანაზოგს და სესხულობენ ფულს. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ფონდის მონაცემებით, 2015 წელს მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტს ჰქონდა დანაზოგი. დეკემბერში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა ნახევარი ხარჯავს მთელ შემოსავალს ყოველდღიური საჭიროებისთვის და ვერ ახერხებს დანაზოგის შენახვას.

გაზეთმა „იზვესტიამ“ კი გამოაქვეყნა ე. წ. პროფესიების ნდობის რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მოქალაქეები ყველაზე მეტად ენდობიან მუშის, მასწავლებლისა და სამხედრო მოსამსახურის პროფესიის ადამიანებს, ყველაზე ნაკლებად კი სახელმწიფო მოხელეებს, ბიზნესმენებს და პოლიტიკოსებს. პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ 2010 წელს რუსეთში ყველაზე მეტი ნდობით სარგებლობდნენ მეცნიერები და სასულიერო პირები.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG