Accessibility links

logo-print

გაზეთი „იზვესტია“ რუსეთისა და თურქეთის გაურესებული ურთიერთობის შესახებ წერს. სტატიაში, რომლის სათაურია „უკრაინის ახალი მოკავშირე“, გაანალიზებულია თურქეთის პრემიერ-მინისტრის აჰმედ დავითოღლუს მიერ კიევში გაკეთებული განცხადებები. სტატიის ავტორის თქმით, რუსეთ-თურქეთის კონფრონტაცია გასცდა სირიის საკითხს და, მისივე ვარაუდით, ორი ქვეყნის დაპირისპირება გლობალურ ხასიათს მიიღებს. პირველ რიგში, ეს დაპირისპირება მოიცავს ახლო აღმოსავლეთსა და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს, თუმცა, როგორც სტატიის ავტორი შენიშნავს, რუსეთის მთავრობამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს შავი ზღვის ქვეყნებს, რომლებზეც ბევრი ილაპარაკა კიევში მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა. სტატიაში ციტატის სახით მოტანილია აჰმად დავითოღლუს შემდეგი განცხადება:

„რუსეთის პოლიტიკის ახალი კონცეფცია გულისხმობს ექსპანსიონიზმისა და აგრესიის გაგრძელებას. აფხაზეთში დაწყებული ვითარება ახლა გრძელდება ყირიმში. სახეზეა სამი ქვეყანა, რომელთა ტერიტორიული მთლიანობა ხელყო რუსეთმა: საქართველო, უკრაინა და სირია“.

„იზვესტიაში“ გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, თურქეთის პრემიერ-მინისტრს არ დავიწყებია აზერბაიჯანიც, რომელიც შეიძლება რუსეთის ექსპანსიონიზმის მორიგ მსხვერპლად იქცეს. პუბლიკაციის ავტორი ვარაუდობს, რომ დავითოღლუს ამ განცხადებაში შესაძლოა გამოსჭვიოდეს ოსმალეთის იმპერიის გეოპოლიტიკური მატრიცის აღორძინების სურვილი, რაშიც, უპირეველეს ყოფლისა, იგულისხმება შავი ზღვის რეგიონის გამოცხადება თურქეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ზონად:

„ბოლო ოცი წლის განმავლობაში თურქეთი უმნიშვნელო ინტერესს ავლენდა უკრაინისა და ყირიმის მიმართ. 2008 წელს თურქეთის პრეზიდენტი არც კი ჩაფრინდა თბილისში, სადაც მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად იმყოფებოდნენ უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების პრეზიდენტები, თუმცა ახლა ვითარება კარდინალურადაა შეცვლილი. თურქეთი უკრაინას განიხილავს როგორც რუსეთთან დაპირისპირების ტერიტორიას“.

„ძალოვანები ეპატიჟებიან საქმოსნებს“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის თანახმადაც, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილმა მონიტორინგისა და ანალიზის ახალმა სამუშაო ჯგუფმა ბიზნესწრეებისა და ძალოვანი უწყებების ურთიერთობის სამართლებრივი საფუძვლები უნდა გაამყაროს. ჯგუფს რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი სერგეი ივანოვი უხელმძღვანელებს და მასში შევლენ ძალოვანი უწყებებისა და საქმიანი წრეების წარმომადგენლები. სტატიის მიხედვით, ივანოვს უთქვამს, რომ ახალი ორგანო არ განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს და რომ ის დაკავებული იქნება საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნესის კეთების პირობების გაუმჯობესებით. სტატიის ავტორი მკითხველს შეახსენებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსადმი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბოლო მიმართვას, რომელშიც მოტანილი იყო შემდეგი სახის საგანგაშო სტატისტიკა: 2014 წლის განმავლობაში რუსეთში ეკონომიკურ დანაშაულზე აღძრული იქნა 200 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე, რომელთაგან სასამართლომდე მივიდა 46 ათასი, 15 ათასი საქმე კი დაიშალა სასამართლოში, თუმცა ბრალდებულ მეწარმეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ - 83-მა პროცენტმა - სრულად ან ნაწილობრივ დაკარგა ბიზნესი.

„კომერსანტის“ მსგავსად, ამ თემას ეხმიანება გაზეთი „ვედომოსტიც“, რომელიც აქვეყნებს მოძრაობა „ბიზნეს-სოლიდარობის“ თავმჯდომარის იანა იაკოვლევას მოსაზრებას: „სპეციალური ჯგუფის შექმნით, პუტინმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ სისტემა არ მუშაობს, სასამართლო ვერ ასრულებს თავის როლს, პროკურატურა კი ვერ ართმევს თავს, ხოლო სამართლიანობის მისაღწევად საჭიროა ხელით მართვა“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი რუსეთისა და ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობის ახალ გარემოებებზე წერს. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ ევროკომისია აპირებს გადავიდეს გაზმომარაგების ნაციონალური მიდგომიდან რეგიონალურ მიდგომაზე. ამგვარად, ევროკავშირის ქვეყნებმა, იმისათვის რომ მიიღონ ბუნებრივი აირი, უნდა ითანამშრომლონ თავიანთ უშუალო მეზობლებთან. ამავდროულად, ეს ქვეყნები წარმართავენ ენერგეტიკულ პოლიტიკას სოლიდარობის პრინციპებზე დაყრდნობით და დააზღვევენ ერთმანეთს კრიტიკულ სიტუაციებში. გარდა ამისა, ევროკავშირი წინასწარ შეამოწმებს კავშირში შემავალი ქვეყნების ენერგეტიკული შეთანმხებების პროექტებს მესამე ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთთანაც. შემოწმდება, პირველ რიგში, კონტრაქტების თავსებადობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და კონკურენციის პრინციპებთან. რაც შეეხება ევროპული კომპანიების მოქმედ შეთანმხებებს რუსეთთან, სტატიის მიხედვით, ისინი დაექვემდებარებიან რევიზიას. სტატიაში მოტანილია ევროკავშირის კომისრის მიგელ არიას კანიეტეს კომენტარი: „ევროკავშირის ახალი ინიციატივა მიზნად არ ისახავს ომის გამოცხადებას „გაზპრომისთვის“. ჩვენი სურვილია შევქმნათ ისეთი პირობები, რომელიც ხელსაყრელი იქნება ევროპელი მომხმარებლისათვის. ჩვენ ვცდილობთ, სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ 2008-2009 წლების გაზის კრიზისებიდან“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG