Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 24 თებერვალი


გაზეთმა „იზვესტიამ“ გამოაქვეყნა ცნობა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გადაწყვიტა ჩაატაროს რეფერენდუმი და, მის შედეგებზე დაყრდნობით, მიმართოს ვლადიმირ პუტინს, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მიიღოს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. გამოცემა მკითხველს შეახსენებს, რომ 2014 წელს მსგავსი ინიციატივით გამოვიდა თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტი.

ლეონიდ თიბილოვი მიიჩნევს, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს განსაკუთრებული ფორმით და რომ კენჭისყრა უნდა გაიმართოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზეც, რათა თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს მიეცეს უფლება პირდაპირ მიმართოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს.

გამოცემა ციტირებს ლეონიდ თიბილოვის შემდეგ განცხადებას: „ჩვენ გვაშფოთებს საერთაშორისო ვითარების მკვეთრი გაუარესება, უკრაინაში, სირიასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები. ასეთ ვითარებაში კიდევ უფრო მწვავედ განვიცდით ჩვენი დიდი ხნის ოცნების ასრულების - რუსეთთან შეერთების - საჭიროებას“.

„იზვესტია“ აქვეყნებს ასევე საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტის“ მიერ ჩეჩნეთის პრეზიდენტისათვის ჩამორთმეულ ინტერვიუს, რომელშიც რამზან კადიროვი ამბობს, რომ მისი მისია შეიძლება შესრულებულად ჩაითვალოს და რომ მზად არის შეიცვალოს საქმიანობის სფერო და აღარ დაიკავოს რესპუბლიკის პრეზიდენტის თანამდებობა, თუმცა იქვე შენიშნავს, რომ „თუ ეტყვიან, გააგრძელოს სამსახური, ცხადია, გააგრძელებს!“

საქმე ისაა, რომ კადიროვს ეწურება პრეზიდენტობის მეორე ვადა. გარდა ამისა, ის თავის პოზიციას იმით ასაბუთებს, რომ შეიცვალა დრო და შეიცვალა გამოწვევები.

„მიმაჩნია, რომ ვალი პირნათლად მოვიხადე, სამომავლოდ კი ვშიშობ არ დავაგდოთ ის ტემპი, რომელიც ჩვენვე ავკრიფეთ“, ამბობს რამზან კადიროვი, რომლის თქმითაც, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი და სწორედ ის გადაწყვეტს, რაა საჭირო რესპუბლიკის განვითარებისთვის.

„იზვესტია“ მკითხველს შეახსენებს, რომ კადიროვი ჩეჩნეთის მეთაურად რესპუბლიკის პარლამენტმა დაამტკიცა 2007 წლის 2 მარტს ოთხი წლით, თუმცა 2007 წელს საერთო სახალხო რეფერენდუმით შეიცვალა რესპუბლიკის მეთაურის უფლებამოსილების ვადა და ის ოთხიდან ხუთ წლამდე გაიზარდა. მეორე ვადით კადიროვი პარლამენტმა დაამტკიცა 2011 წლის 5 მარტს. შესაბამისად, მიმდინარე წლის მარტში მას უფლებამოსილების ვადა ეწურება.

„რუსეთის პასპორტი მეტად წონიანი გახდა“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ და კომპანია Henley & Partners-მა გამოაქვეყნეს სავიზო შეზღუდვების მორიგი ყოველწლიური ინდექსი, რომელიც ასევე ცნობილია „მსოფლიოს პასპორტების ინდექსის“ სახელით. როგორც სტატიიდან ირკვევა, 2016 წელს რუსეთმა ერთი საფეხურით გაიუმჯობესა ინდექსი და ამის მიზეზი გახდა ის, რომ რუსეთმა სამ ქვეყანასთან სავიზო რეჟიმი გააუქმა.

რეიტინგის მიხედვით, 218 ქვეყნიდან ყველაზე თავისუფალი პასპორტი აქვთ გერმანელებს, რადგანაც ამ დოკუმენტის საშუალებით მათ ვიზის გარეშე შეუძლიათ შევიდნენ 177 ქვეყანაში. მეორე ადგილზეა შვეცია, მესამე ადგილს კი იყოფენ დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, საფრანგეთი, ესპანეთი და იტალია. ამ ქვეყნების მოქალაქეებს 175 ქვეყანაში შეუძლიათ ვიზის გარეშე შესვლა. შემდეგ მოდიან ამერიკის შეერთებული შტატები, ბელგია, დანია და ჰოლანდია. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე კარგი მაჩვენებლები აქვთ ლიტვას და ესტონეთს, რომელთა მოქალაქეებს უვიზოდ 162 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა. რუსეთი 48-ე ადგილზეა, 105 ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლებით. რაც შეეხება საქართველოს, „მსოფლიოს პასპორტების ინდექსის“ მიხედვით, საქართველო ჩამორჩება უკრაინას და, ყაზახეთთან ერთად, 71-ე ადგილს იკავებს. ქართული პასპორტი 67 ქვეყანაში უვიზოდ შესვლის უფლებას იძლევა. საქართველოს ჩამორჩება როგორც აზერბაიჯანი (62 ქვეყანა და ტერიტორია), ასევე სომხეთი (52 ქვეყანა და ტერიტორია).

სტატიის მიხედვით, სავიზო შეზღუდვა და შესაბამისი რეიტინგი ობიექტურად ასახავს ქვეყნის სტატუსს მსოფლიო თანამეგობრობაში. სავიზო შეზღუდვების სიმცირე, გარდა იმისა, რომ მოგზაურობას უწყობს ხელს, ასევე იძლევა საშუალებას ეფექტიანად აწარმოო ბიზნესი სხვადასხვა იურისდიქციაში, დაამყარო საერთაშორისო კონტაქტები და მოიზიდო გლობალური ინვესტიციები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG