Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 2 მარტი


„’ფერად რევოლუციებს’ დაუპირისპირდებიან კანონით ჰიბრიდული ომების შესახებ“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომლის მიხედვითაც, რუსი სამხედრო თეორეტიკოსები მზად არიან შეიმუშაონ „რბილი ძალის“ კონცეფცია, რათა ეფექტიანად აღუდგნენ წინ „ფერად რევოლუციებს“, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ ჰიბრიდული ომების ნაწილს. გამოცემის თანახმად, აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა გაიმართა სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის საერთო კრებაზე, სადაც მოხსენებით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი:

„როგორც „კომერსანტს“ შეკრების მონაწილეებმა უთხრეს, გერასიმოვმა ვრცლად ილაპარაკა თანამედროვე ომების თავისებურებებზე, ომებისა, რომელთაც ჰიბრიდული ხასიათი აქვთ. მათ განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს „ფერადი რევოლუციები“, კიბერშეტევები, მოსამზადებელი ღონისძიებები „რბილი ძალის“ ფორმატში. რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტროში „ფერადი რევოლუციები“ მიაჩნიათ სახელმწიფო გადატრიალებებად და ჰიბრიდული ომების ნაწილად, ამიტომ მათზე რეაგირება ჩვეულებრივი ჯარების გამოყენებით შეუძლებელია: პასუხი გაცემული უნდა იყოს ასევე ჰიბრიდული მეთოდებით“.

რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა კომპლექსური უკუქმედების ნიმუშად მოიტანა რუსეთის მოქმედება სირიაში, სადაც საომარი მოქმედებების პარალელურად გამოიყენება დიპლომატიური და სხვა სახის არასაომარი მეთოდები.

სტატიის ფინალში „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს რუსეთის სამხედრო აკადემიის წევრის, ანდრეი მანოილოს, მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, როგორც წესი, გენერლები ემზადებიან წარსულში მომხდარი ომების მიხედვით, ამ შემთხვევაში კი რუსეთის გენშტაბი დასწრებაზე მოქმედებს. აკადემიკოსის თქმით, ქსელური სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ მოქალაქეების ჩათრევას საპროტესტო მოძრაობაში, უნდა ჩაითვალონ „ჰიბრიდული ომის მონაწილეებად“ და გაუთანაბრდნენ დივერსანტებს.

გაზეთი „იზვესტია“ კი რუსეთის მთავრობის იმ გადაწყვეტილების შესახებ წერს, რომელიც ჯარში გაწვეულ მოქალაქეებს სამსახურის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. საუბარია პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის ინიციატივაზე მიღებული იქნეს ე.წ. „წვევამდელის დეკრეტი“. გამოცემა არ გამორიცხავს, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში არმია შეიძლება იქცეს ერთგვარ „მაშველ რგოლად“ უმუშევარი ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც მიეცემათ საშუალება უარი თქვან სავალდებულო სამსახურის გავლაზე და სანაცვლოდ ხელი მოაწერონ ორწლიან კონტრაქტს. სტატიის ავტორის ვარაუდით, ამგვარი გზით თავდაცვის სამინისტრო არა მარტო შეასრულებს კონტრაქტორების აყვანის გეგმას, არამედ ნაწილობრივ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემასაც ახალგაზრდებში. გარდა ამისა, სამხედრო უწყება აღარ დააფრთხობს იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც უკვე აქვთ სამსახური. სტატიაში მოტანილია რეკრუტირების სფეროში მომუშავე ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელის, ალიონა ვლადიმირსკაიას, კომენტარი, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული სქემით მოგებას ნახავენ მხოლოდ სამინისტრო და წვევამდელები, დამსაქმებელი კი დაზარალდება: „ეს სრულებით არ აძლევს ხელს დამსაქმებელს, თუმცა მხოლოდ ორი პირობის შესრულების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი „წვევამდელის დეკრეტის“ პრაქტიკული ამოქმედება: ან მიიღებენ სათანადო კანონს, ანდა გაჩნდება გარკვეული შეღავათები დამსაქმებლებისთვის“.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG